შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#291აპ.-14 ქ. თბილისი
დ-ე კ.-291ap.-14 6 მარტი , 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ა-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით კ. დ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და ანგარებით.
2. ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: ა. დ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; ხ. რ-ი, – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით; ნ. რ-ა, – საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება ექსპლოატაციის მიზნით (2 ეპიზოდი); ასევე – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება ექსპლოატაციის მიზნით, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; ასევე – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება ექსპლოატაციის მიზნით, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ასევე – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. რ-ა 2012 წლის 2 მარტს ჩამოვიდა ქალაქ ბათუმში და ეწეოდა პროსტიტუციას. იგი ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით 2012 წლის ივნისში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე მ. რ-ას, მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ამ მიზნით ნ. რ-ამ საკუთარი ხარჯებით 2012 წლის 24 ივლისს უზრუნველყო მ. რ-ას ჩამოყვანა ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ნაქირავებ, ხიმშიაშვილის ქ. №---ის ---ე ბინაში, სადაც მას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა იგი და 2013 წლის 31 მაისამდე ეწეოდა მის ექსპლუატაციას, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
4. ნ. რ-ა ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, 2013 წლის თებერვალში დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე შ. ჯ-ას, მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ამ მიზნით ნ. რ-ამ საკუთარი ხარჯებით 2013 წლის 9 მარტს უზრუნველყო შ. ჯ-ას ჩამოყვანა ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ნაქირავებ, ხიმშიაშვილის ქ. №---ის ---ე ბინაში, სადაც მას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა იგი და 2013 წლის 31 მაისამდე ეწეოდა მის ექსპლუატაციას, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
5. ნ. რ-ა ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქე რ. კ-ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ნ. რ-ამ გაიღო ხარჯები, 2013 წლის 5 აპრილს რ. კ-ა ჩამოიყვანა ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ნაქირავებ, ხიმშიაშვილის ქ. №---ის
---ე ბინაში, სადაც მას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა იგი, რის შედეგადაც რ. კ-ას შეექმნა ფსიქიკური პრობლემები; მიუხედავად ამისა, ნ. რ-ა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ რ. კ-ას 2013 წლის 22 მაისამდე უწევდა ექსპლუატაციას, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
6. ნ. რ-ამ ორი პირის მიმართ ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქეები – ფ. ი-ა და დ. რ-ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, გაიღო ხარჯები, 2013 წლის 19 მაისს ისინი ჩამოიყვანა ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ნაქირავებ, ხიმშიაშვილის ქ. №---ის ---ე ბინაში, სადაც მათ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა ისინი და 2013 წლის 31 მაისამდე ეწეოდა მათ ექსპლუატაციას, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
7. ნ. რ-ას მიერ რ. კ-ას მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის პროცესში, 2013 წლის მაისში, რ. კ-ას შეექმნა ფსიქიკური პრობლემები და ცდილობდა საქართველოდან გამგზავრებას. იგი ემუქრებოდა ნ. რ-ას, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უკანონო საქმიანობის შესახებ მას ამხელდა სამართალდამცავ ორგანოებში. ნ. რ-ამ, შეექმნა რა დანაშაულის ჩადენაში მხილების საფრთხე, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახა, შეეკვეთა უმწეო მდგომარეობაში მყოფი რ. კ-ას მკვლელობა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ბათუმში მყოფ უზბეკეთის მოქალაქე ხ. რ-ს და კ. დ-ეს, რომლებსაც 2000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეუკვეთა რ. კ-ას განზრახ მკვლელობა, რაზეც ისინი დასთანხმდნენ, გამოართვეს 2000 აშშ დოლარი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2013 წლის 22 მაისს, კ. დ-ის ბიძაშვილის – ა. დ-ის კუთვნილი, „მერსედეს-ბენცის“ მარკის, --- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში გამგზავრების ცრუ დაპირებით რ. კ-ა ბათუმიდან ქობულეთის გავლით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით ისე, რომ თავიანთი განზრახვა ა. დ-ისათვის არ გაუმხელიათ. ქ. ხაშურში ჩასვლის შემდეგ, კ. დ-ის მითითებით, ა. დ-ემ გადაუხვია ახალციხის მიმართულებით, გაემგზავრნენ უკან და 2013 წლის 23 მაისს, დაახლოებით 2 საათზე, ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში, ე.წ. „შქერნალის“ მიმდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე კ. დ-ემ და ხ. რ-მა ჯგუფურად, თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს რ. კ-ა, გვამი იქვე გადამალეს, ხოლო მისი პირადი ნივთები მიიტანეს ქედის რაიონის სოფელ ---, ა. დ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან და დაწვეს.
8. ა. დ-ემ, რომელიც გახდა კ. დ-ისა და ხ. რ-ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის მოწმე, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
9. აღნიშნული ქმედებისათვის კ. დ-ეს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხ. რ-ს – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა. დ-ეს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ნ. რ-ას საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) განესაზღვრა 11-11 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 14 წლით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 15 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ნ. რ-ას საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
10 მსჯავრდებულებს – კ. დ-ეს, ა. დ-ესა და ხ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 12 ივლისიდან, ხოლო ნ. რ-ას – დაკავების დღიდან.
11. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. დ-ემ და მისმა ადვოკატმა ს. კ-ემ, ასევე – მსჯავრდებულმა ხ. რ-მა. მსჯავრდებულმა კ. დ-ემ და ადვოკატმა ს. კ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კ. დ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილ დანაშაულში და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით. მსჯავრდებულმა ხ. რ-მა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმება, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
12. პროკურორმა რ. შ-ემ შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
14. კასატორები: მსჯავრდებული კ. დ-ე და მისი ადვოკატები – ი. ა-ე და ს. კ-ე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
15: საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა კ. დ-ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას; ხ. რ-თან მას აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა; მან სთხოვა, მიესწავლებინა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა დალაპარაკება და უთხრა, რომ პირადი მოტივით უნდოდა ერთ-ერთი უზბეკი ქალბატონის მოკვლა; იმის გამო, რომ კ. დ-ემ ხ. რ-ს ვერ გადააფიქრებინა განზრახვა, გადაწყვიტა, გაჰყოლოდა და გზაში რაიმე მოეფიქრებინა, რათა გაეპარებინა ხსენებული ქალბატონი. კ. დ-ე დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს და მისი მანქანით გაემგზავრნენ თბილისისაკენ, შემდეგ გადაუხვიეს ახალციხის მიმართულებით. გზაში რ. კ-ა არაადეკვატურად იქცეოდა. ერთ-ერთი გაჩერების დროს ხ. რ-მა უეცრად დიდი ქვა ჩაარტყა მას თავში და მოკლა; დაბნეულებმა მხოლოდ ის მოიფიქრეს, რომ მოკლული ქალბატონის ნივთები დაეწვათ.
16. კასატორების აზრით, კ. დ-ე თავს ცნობს დამნაშავედ იმაში, რომ მომხდარის შესახებ დროულად არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში და დაფარა ხ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადგენილა კ. დ-ის მონაწილეობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში, წინასწარი განზრახვით, შეკვეთით და ანგარებით, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; რაც შეეხება მის მიერ 1000 აშშ დოლარის აღებას, ეს თანხა იყო სესხი, რასაც ადასტურებენ კ. დ-ეც და ხ. რ-იც; 1000 აშშ დოლარი ძალზე მცირეა შეკვეთით განზრახი მკვლელობის ჩასადენად. კ. დ-ეს რ. კ-ას მოსაკლავად არანაირი ინტერესი, მოტივი და მიზანი არ ამოძრავებდა, მას საერთოდ არ იცნობდა.
17. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ კ. დ-ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოს მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია; არ არის ნასამართლევი; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეცდანიშნულების დანაყოფებში, წვრთნიდა ჯარისკაცებს, რომელთა მიმართ გამოირჩეოდა თავაზიანობითა და პატივისცემით; მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში; მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო და მადლობა; მისი მამა იყო აჭარის ა/რ-ის შს სამინისტროს განყოფილების უფროსი და ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას; ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა, რომელთა ერთადერთი მარჩენალია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული კ. დ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ითხოვენ კ. დ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით დაკვალიფიცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ა-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს კ. დ-ის მიერ ჯგუფურად რ. კ-ას განზრახ მკვლელობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება კ. დ-ისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. მოწმე ა. დ-ემ აჩვენა, რომ საკუთრებაში ჰყავს ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით --, რომლითაც, როგორც ტაქსის მძღოლი, ეწევა მოქალაქეთა მომსახურებას. 2013 წლის მაისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 12 საათზე, მას ტელეფონით დაუკავშირდა ნათესავი კ. დ-ე და სთხოვა 200 ლარის სანაცვლოდ უზბეკი ცოლ-ქმრის თბილისში ჩაყვანა. აღნიშნულ წინადადებაზე იგი დათანხმდა და იმავე დღეს კ. დ-ე და ა. დ-ე, ამ უკანასკნელის ავტომანქანით, ხსენებულ კლიენტებს ელოდებოდნენ ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ,,ფორდ სიერას“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ უზბეკი ეროვნების ქალი - რ. კ-ა და მამაკაცი - ხ. რ-ი. კ. დ-ემ ა. დ-ეს გადაუხადა მგზავრობის საფასური - 200 ლარი და ისინი გაემართნენ თბილისის მიმართულებით. ქალაქ ხაშურში გაჩერდნენ სავახშმოდ, რა დროსაც კ. დ-ე და ხ. რ-ი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. შემდეგ კ-მ მას მოსთხოვა უკან ბათუმში დაბრუნება ახალციხის გავლით და გამოემგზავრნენ კ. დ-ის მიერ მითითებული მარშრუტით. როდესაც გამოსცდნენ ადიგენის რაიონს, კ. დ-ე და ხ. რ-ი ხშირად აჩერებინებდნენ ავტომანქანას, ჩამოდიოდნენ და ათვალიერებდნენ ადგილმდებარეობას. გოდერძის უღელტეხილთან მისვლისას კ. დ-ემ მოსთხოვა წასულიყვნენ არა ბათუმის, არამედ ბეშუმის მიმართულებით, ამასთან შეახსენა, რომ იგი იყო მძღოლი და უნდა მომსახურებოდა ისე, როგორც მოსთხოვდნენ, რის გამოც ა. დ-ე, კ. დ-ის მითითებით, იძულებული გახდა გადაეხვია ე.წ. ,,შქერნალის“ ტერიტორიაზე. იქ მისვლის შემდეგ, კ-ს მოთხოვნით, ხიდის სიახლოვეს გააჩერა ავტომანქანა, საიდანაც მგზავრები - კ. დ-ე, ხ. რ-ი და რ. კ-ა გადავიდნენ და ფეხით გაემართნენ ე.წ. ,,შქერნალის“ რესტორნის მიმართულებით. 10-15 წუთის შემდეგ, ვინაიდან მგზავრები არ დაბრუნდნენ, იგი გაემართა მათ მოსაძებნად და შენიშნა, რომ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაზე იყო სისხლის გუბე, ხოლო იქვე, ფერდობზე ესვენა რ. კ-ას გვამი. იქვე იყვნენ კ. დ-ე და ხ. რ-ი. აღნიშნულის დანახვისას ა. დ-ემ დაიწყო ყვირილი, თუმცა კ. დ-ემ უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მოსთხოვა დაბრუნებულიყო მანქანაში და დალოდებოდა მათ. კ. დ-ემ და ხ. რ-მა იქვე გადამალეს გვამი და ხულოს გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით. შუახევში, ბენზინგასამართ სადგურზე, კ. დ-ემ შეიძინა 2 ლიტრი ბენზინი, რის შემდეგაც ისინი ავიდნენ ქედის რაიონის სოფელ ---, სადაც ა. დ-ის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან კ. დ-ემ და ხ. რ-მა დაწვეს ავტომანქანაში დარჩენილი რ. კ-ას პირადი ნივთები.
4. ბრალდებულმა კ. დ-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა ა. დ-ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2013 წლის 22 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მასთან მივიდა ხ. რ-ი და სთხოვა ეჩვენებინა ის ადგილი, სადაც შეძლებდა რ. კ-ას მოკვლას, რაზეც მან სცადა გადაეფიქრებინებინა ხ-ისთვის განზრახვა. მცდელობის მიუხედავად, ვერ ააღებინა ხელი განზრახვაზე და გადაწყვიტა დათანხმებოდა და გაჰყოლოდა, თან გზაში რამეს მოიფიქრებდა და გადააფიქრებინებდა. 2013 წლის 23 მაისს ა. დ-ეს, როგორც ნათესავსა და სანდო პირს, სთხოვა ავტომანქანით მომსახურება. რ. კ-ა კურორტ ბეშუმში, შემთხვევის ადგილამდე, ა. დ-ემ მიიყვანა სწორედ მისი მითითებით. მას შემდეგ, რაც იგი, რ-ი და კ-ა გადავიდნენ მანქანიდან და გაემართნენ რესტორნის მიმართულებით, მან უეცრად შებოჭა რ. კ-ა და დააწვინა მიწაზე, რათა დარწმუნებულიყო იყო თუ არა იგი ნამდვილად ფსიქიკურად დაავადებული. სწორედ იმ დროს, როდესაც მას შებოჭილი და მიწაზე დაგდებული ჰყავდა რ. კ-ა, ხ. რ-მა ქვის თავის არეში ორჯერ ჩარტყმით განზრახ მოკლა იგი. ამის შემდეგ მან და ხ. რ-მა გადამალეს კ-ას გვამი, შემდგომში კი შუახევის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე, შეიძინა ბენზინი და ქედის რაიონის სოფელ ---, ა. დ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან, ხ. რ-თან ერთად გაანადგურა კ-ას ნივთები. კ. დ-ემ მოწმის სახით დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ მას სურდა უკან - ბათუმში დაბრუნება, თუმცა სიბნელეში გზა აერია და შეცდომით გადაახვევინა ა. დ-ეს ბეშუმის მიმართულებით.
5. ბრალდებულმა ხ. რ-მა დაადასტურა ა. დ-ისა და კ. დ-ის ჩვენებებში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მან თავი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელი გარემოებების გარეშე რ. კ-ას მკვლელობაში. მოტივად კი მიუთითა შურისძიება, რისი მიზეზიც თითქოს წარსულში რ. კ-ას მიერ მისი 4 წლის შვილის გატაცება იყო.
6. სასამართლო არ იზიარებს კ. დ-ისა და მისი ადვოკატების არგუმენტებს, რომ კ. დ-ეს არ ჰქონდა რ. კ-ას მოკვლის განზრახვა და მიაჩნია, რომ მათი პოზიცია - თითქოს კ. დ-ე იმიტომ გაჰყვა ხ. რ-ს, რომ ხელი შეეშალა რ. კ-ას მკვლელობაში - მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მოგონილია კ. დ-ისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, კერძოდ:
7. ა. დ-ის ჩვენებით უტყუარად არის დადგენილი, რომ კ. დ-ემ სთხოვა უზბეკი ცოლ-ქმრის თბილისში ჩაყვანა 200 ლარის სანაცვლოდ და რომ ხაშურში მანვე მოსთხოვა დაბრუნებულიყო ბათუმში ახალციხის გავლით. ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში შესვლის შემდეგ კი ისევ კ-ს მოთხოვნით გადაუხვია ე.წ. ,,შქერნალის“ ტერიტორიაზე.
8. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის ვერსია - თითქოს კ. დ-ემ შებოჭა და ძირს დააგდო კ-ა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით -ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული. დაუჯერებელია და ვერც კ. დ-ე ხსნის, თუ რა საჭირო იყო რ-ის ფსიქიკური მდგომარების შესამოწმებლად ამხელა მანძილის გავლა, ბეშუმში ჩასვლა, რ-ის შებოჭვა და ძირს დაგდება. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით კ. დ-ემ მოუსპო კ-ას თავის დაცვის საშუალება და რ-ს გაუადვილა შემდგომი მოქმედება - თავის არეში ქვის ჩარტყმა. შესაბამისად, მათ ერთობლივად განახორციელეს განზრახ მკვლელობის შემადგენლობა.
9. არადამაჯერებელია კ. დ-ის ჩვენების ის ნაწილიც, რომ თითქოს მას უკან დაბრუნებისას შეეშალა გზა და ბათუმის ნაცვლად ბეშუმისკენ გადაახვევინა ა. დ-ეს, არადა სურდა რაიხონი ისევ ბათუმში დაებრუნებინა, ვინაიდან თავად კ. დ-ემ მიუთითა ჩვენებაში, რომ იგი მესაზღვრედ მუშაობდა და ძალიან კარგად იცოდა აჭარის ტერიტორია. პალატას მიაჩნია, რომ კ. დ-ემ, კარგად იცოდა რა აჭარის ტერიტორია, შეგნებულად დაგეგმა აღნიშნული მარშრუტი და შეარჩია ისეთი ადგილი, სადაც მოწმეების გარეშე შეძლებდნენ დაგეგმილი დანაშაულის განხორციელებას. აღნიშნულს ადასტურებს ა. დ-ის ჩვენების ის ნაწილიც, რომ კ. ხშირად აჩერებინებდა მანქანას და ათვალიერებდა ტერიტორიას.
10. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებული ხ. რ-ი საერთოდ უარყოფს კ. დ-ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი მიუთითებს, რომ 22 მაისს რ-ი მივიდა მასთან და სთხოვა კ-ას მოსაკლავად ადგილი ეჩვენებინა, ხოლო მან სცადა გადაეფიქრებინებინა განზრახვა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ვერ მოახერხა, დათანხმდა წაყოლაზე. რ-მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას კ-სთვის საერთოდ არ უთქვამს, რომ კ-ას მოკვლას აპირებდა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შეუსაბამობა განპირობებულია მსჯავრდებულთა არაგულწრფელობითა და მისწრაფებით, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა - სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიურ-გენეტიკური, ნავთობპროდუქტების, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ. რ-ი და კ. დ-ე არიან რ. კ-ას მკვლელობის თანაამსრულებელნი, მათ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა. სწორედ მათი ერთობლივი ქმედებით დადგა დაზარალებულ კ-ას სიკვდილი. შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. დ-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
12. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. დ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტების (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარობაში მყოფისა და ანგარებით) ბრალად შერაცხვას, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ნაწილებში მსჯავრდებული კ. დ-ე უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ გააჩნია დამნაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მაკვალიფიცირებული გარემოება პირს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა როგორც დამნაშავის სუბიექტური აღქმა დაზარალებულის უმწეობისა, ისე დაზარალებულის ობიექტური მდომარეობა უმწეო მდგომარეობაში ყოფნისა. ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობა გამორიცხავს დამნაშავისთვის ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირებული გარემოების შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
14. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რ. კ-ას უმწეო მდგომარეობაში ყოფნა გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად მიჩნეულია მოწმეების - შ. ჯ-ას, ფ. ი-ას, დ. რ-ასა და ა. დ-ის ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ კ-ა არაადეკვატურად იქცეოდა ხოლმე. პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები რ. კ-ას იმგვარი ფსიქიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, რაც მის უმწეოობას განაპირობებდა, არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ამ ნაწილში კ. დ-ის ბრალეულობას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად კ. დ-ე აღნიშნავს, რომ მას ეჭვი ეპარებოდა, მართლა იყო თუ არა ფსიქიკურად დაავადებული რ. კ-ა, ხოლო ხ. რ-მა კი ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ კ-ა თვალთმაქცობდა და არანაირი ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ უტყუარად არ დგინდება არც კ-ას ობიექტურად უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და არც დ-ის მხრიდან აღნიშნული ვითარების სუბიექტური აღქმა, რაც გამორიცხავს კ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესაძლებლობას.
15. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. დ-ის მიერ რ. კ-ას განზრახ მკვლელობას ანგარებით, რაც გასაჩივრებული განაჩენით გამოიხატა იმაში, რომ კ. დ-ე რ. კ-ას მკვლელობაში მონაწილეობდა 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პალატა მიუთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა, ვინაიდან, მართალია, კ. დ-ე ადასტურებს, რომ მართლაც მიიღო ხ. რ-ისგან ხსენებული თანხა, თუმცა კატეგორიულად უარყო მისი მიღება კ-ას მოკვლის სანაცვლოდ. მან განმარტა, რომ ხ. რ-ს ჰქონდა მისი ვალი და სწორედ ეს ვალი დაუბრუნა რ-მა. თავის მხრივ, ხ. რ-მაც უარყო ჩვენებაში კ-სთვის ფულის გადაცემა კ-ას მოკვლის სანაცვლოდ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კ. დ-ემ 1000 აშშ დოლარი მიიღო რ-ისგან კ-ას მოკვლის სანაცვლოდ, კ. დ-ე ბრალდების ამ ეპიზოდშიც უნდა გამართლდეს.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რ. კ-ას უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დაუდგენლობა, საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის შესაბამისად, განაპირობებს ხ. რ-ის შესაბამისი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) კვალიფიკაციის სარევიზიო საწყისით გადასინჯვას, ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართლებლივი მოცემულობა საერთოა როგორც კ. დ-ის, ისე ხ. რ-ისათვის (აღსანიშნავია,რომ ამ კონტექსტში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ძებნილი მსჯავრდებულის - ნ. რ-ას მიმართაც, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია), რის გამოც ხ. რ-იც უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარდგენილ ბრალდებაში.
17. რაც შეეხება კ. დ-ისათვის ბრალდებიდან ანგარების მოტივის ამორიცხვას, საკასაციო პალატა აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა მსჯავრდებულ კ. დ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერების შემოწმების შედეგად. შესაბამისად, პალატამ შეაფასა მხოლოდ ის გარემოება, კ. დ-ემ 1000 აშშ დოლარი ხ. რ-ისაგან განზრახი მკვლელობის საფასურად მიიღო თუ არა, მაშინ, როდესაც გასაჩივრებული (მსჯავრდებულ კ. დ-ის მიერ) განაჩენით დადგენილია, რომ ხ. რ-მა ნ. რ-ასაგან მიიღო 2000 აშშ დოლარი კ-ას განზრახ მკვლელობისათვის.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ. დ-ისა და ხ. რ-ისთვის ბრალად შერაცხული, ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობის კვალიფიკაცია ანგარებასთან მიმართებით ეფუძნება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, ნ. რ-ას მიერ ხ. რ-ისთვის 2000 აშშ დოლარის (ანგარებით მკვლელობის ჩასადენად) გადაცემაში, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უკანასკნელის მიერ კ. დ-ისათვის იმავე მიზნით 1000 აშშ დოლარის გადაცემაში და, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა ერთმანეთს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ხ. რ-ის მიმართ ანგარების ნაწილშიც იმსჯელოს საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ამ უკანასკნელს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
19. კ. დ-ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს: მართალია, კ. დ-ისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სანქციის ფარგლებშია (მაქსიმუმია), მაგრამ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. დ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეცდანიშნულების დანაყოფებში; წვრთნიდა ჯარისკაცებს; მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში; მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო და მადლობა; ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი - არასამართლიანია მისთვის სანქციის მაქსიმუმის განსაზღვრა. ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ უკიდურესად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ისე განუსაზღვრავს მსჯავრდებულ კ. დ-ეს სამართლიან სასჯელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ა-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. მსჯავრდებული კ. დ-ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. მსჯავრდებულ კ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიესაჯოს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2013 წლის 12 ივლისიდან.
6. მსჯავრდებული ხ. რ-ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის ხ. რ-ისთვის დანიშნული სასჯელი - დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე