დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №321აპ-14 ქ. თბილისი
ტ-ი რ, 321აპ-14 11 მარტი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს, მსჯავრდებულ რ ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ა და მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით:
რ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 აგვისტოდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, რ. ტ-ს დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთი - „Yamasakai“-ის მოდელის მოტოციკლეტი, რომელიც გაჩერებულია მარნეულის რაიონული სამმართველოს ეზოში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით რ. ტ-ს საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე (,,BMW’’-ს მარკის ავტომანქანა (, გამოშვების წელი - , ფერი - შავი, სახ.№) დადებული ყადაღა.
ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 აგვისტოდან.
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. მ-ი გამოჯანმრთელებამდე, სასჯელის მოხდისა და არანებაყოფლობითი სტაციონარულ-ფსიქიატრიული დახმარებისათვის უნდა მოთავსდეს შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი). გამოჯანმრთელების შემდეგ რ. მ-მ სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 12 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად სტაციონარში ყოფნის პერიოდი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით რ. მ-ს საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე („OPEL ASTRA“-ს მარკის ავტომანქანა (, გამოშვების წელი - , ფერი - ლურჯი 7/8, სახ.№) დადებული ყადაღა.
თ. ა-ს სახლიდან ამოღებული ფულადი თანხა, კერძოდ: 54 978 ლარი და 59 თეთრი, 5 005 ევრო, 75 699 აშშ დოლარი და 1 620 რუსული რუბლი, რომელიც ინახება ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სს „PrivatBank“-ს.
რომპეტროლიდან, საქართველოს ბანკიდან, პრივატბანკიდან, სლოტ-კლუბ „777“-დან და კონსტანტა ბანკიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული კომპაქტ დისკებზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მობილური კომპანიებიდან ამოღებული დეტალური ინფორმაციები, მოთავსებული კომპაქტ დისკებზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ინფორმაცია ა. ჯ-ს ტაბელირების შესახებ, მოთავსებული კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს,შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, მოთავსებული კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სიგარეტის კოლოფი, ჩაფხუტის ნაწილები და ჟაკეტი, რომელიც ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
მსჯავრდებულების - რ. ტ-ს, ს. ს-ა და რ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. მ-ი მცხოვრები რ. ტ-ი, ს. ს-ი და რ. მ-ი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივ ჩადენაზე და გადაწყვიტეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. მ-ი, რ-ს ქუჩის №-ში მდებარე სს ,,პრივატბანკის’’ მარნეულის სერვისცენტრს, დიდი ოდენობით ფულადი თანხის გატაცებისა და დაუფლების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მათ გაინაწილეს როლები, კერძოდ: 2013 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, ზუსტი დრო უცნობია, რ. მ-ი გაჩერდა მითითებული ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში არსებული მდგომარეობის გაკონტროლებისა და რ. ტ-ს მიერ წინასწარ, სპეციალურად ამ საქმისათვის შეძენილი მობილური ტელეფონის მეშვეობით რ. ტ-ა და ს. ს-ს ყაჩაღობის დროს ინფორმაციის მუდმივად მიწოდების მიზნით, ხოლო ამ უკანასკნელებმა დაახლოებით 08:00 საათზე უკანონოდ შეაღწიეს ზემოაღნიშნული ბანკის შენობაში, სადაც რ. ტ-ა ამავე ბანკის სალაროს უფროსის - ა. ჯ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობის მუქარა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სს ,,პრივატბანკის’’ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, კერძოდ, 107 793 ლარს და 65 თეთრს, 5005 ევროს, 1620 რუსულ რუბლს და 87 839 აშშ დოლარს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმეში არის მთელი რიგი გადაცდომები; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებას და საქმეში არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება - არც პირდაპირი და არც ირიბი, რომელიც დაადასტურებდა რ. მ-ს დანაშაულებრივ ქმედებას.
მსჯავრდებულ რ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ტ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმეში არის მთელი რიგი გადაცდომები; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებას.
მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენის არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებებით არ დადგინდა ს. ს-ს ბრალეული ქმედება ინკრიმინირებულ დანაშაულში; განაჩენი გამოტანილია ვარაუდებზე დაყრდნობით; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულების - რ. ტ-ა და ს. ს-ს ინტერესების დამცველთა საკასაციო საჩივრების მოტივებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულების - რ. ტ-ა და ს. ს-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
მსჯავრდებულების - რ. ტ-ა და ს. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ა. ჯ-ს ჩვენებით, იგი მუშაობდა სს ,,პრივატბანკის’’ მარნეულის სერვისცენტრში, სალაროს უფროს ოპერატორ-მოლარის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს, ჩვეულებისამებრ დილის 0800 საათისთვის მივიდა სამსახურში, აიღო ნებართვა უსაფრთხოების სამსახურისგან და გააღო ბანკი. კარის მიხურვისას ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ დაუნახავს. დერეფნის გავლით შევიდა საოპერატორო დარბაზში, მივიდა კარის ხელმარცხნივ მდგარ ,,პრივატბანკის“ ბანკომატთან, რომელშიც მოათავსა პლასტიკური ბარათი და გაიარა რეგისტრაცია, რათა დაედასტურებინა ბანკში გამოცხადება. ბანკომატთან ყოფნისას უკანა მხრიდან, ახლოს შენიშნა შავჩაფხუტიანი პიროვნება, რომელსაც სახე არ უჩანდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი მოკიდა მარჯვენა მკლავზე, რა დროსაც გვერდში იგრძნო რაღაც ნივთის მიბჯენა, რომელიც აღიქვა ცეცხლსასროლ იარაღად. მან რუსულად დაბალ ხმაზე უთხრა, რომ არაფერი არ ეთქვა, არსად არ გაეხედა, სალაროსთან მისულიყვნენ და ფული გადაეცა. აღნიშნულ პიროვნებასთან ერთად გაიარა საოპერატორო დარბაზი, მივიდა სალაროს რკინის კარამდე, გააღო გასაღებით, შევიდნენ სალაროს ოთახში, თავდამსხმელმა აანთო შუქი და მივიდნენ სეიფთან. გასაღებით გააღო სეიფის კარი, სადაც მოთავსებული იყო ფულადი თანხა და ,,პრივატბანკის’’ სალაროს შემოსავალ-გასავლის ჟურნალი. თავდამსხმელს თან ჰქონდა შავი ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც მოათავსა აღნიშნული ჟურნალი, ასევე თავდამსხმელთან ერთად სეიფიდან გამოიღო ფულადი თანხა და ხელჩანთაში მოათავსა. თანხის აღების შემდეგ გავიდნენ სალაროს ოთახში, სადაც თავდამსხმელის მითითებით პირდაღმა დაწვა. თავდამსხმელმა ე.წ ,,მაუსის’’ სადენით ზურგს უკან ხელები შეუკრა და წავიდა. ხელების შეკვრისას დაინახა, რომ თავდამსხმელმა იატაკზე დადო პატარა ზომის, შავი ფერის იარაღი, რომელიც გასვლისას აიღო. ამასთან, თავდამსხმელს ჩანთიდან გადმოუვარდა ფული. მისი წასვლის შემდეგ, შეკოჭილი ხელებით მოახერხა განგაშის ღილაკზე თითის დაჭერა, რომელიც დამონტაჟებულია სამუშაო მაგიდების ქვემოთ. ასევე, გაკოჭილ მდგომარეობაში მყოფმა, ჩანთიდან ამოიღო ტელეფონი, დადო მაგიდაზე და ხელებგაკოჭილმა დაურეკა ბანკის მმართველს - ი. მ-ს, რომელთანაც ვერ მოახერხა დაკავშირება. აღნიშნულის შემდეგ დარეკა თ-ი და შეატყობინა, რომ ბანკში მოხდა ყაჩაღობა და გაიტაცეს ფულადი თანხა. შემდეგ კვლავ დაუკავშირდა ბანკის მმართველს, რომელსაც აცნობა მომხდარის შესახებ. დაყაჩაღებიდან დაახლოებით 5 წუთში ბანკში შევიდა დამლაგებელი მ. ა-ი, რომელმაც დანის გამოყენებით გადაჭრა ,,მაუსის“ სადენი და ხელები გაუთავისუფლა, რის შემდეგაც ბანკში მივიდნენ ბანკის მმართველი და პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებული რ. ტ-ი იყო მისი დანიშნული და დაყაჩაღების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ყაჩაღობის დღეს, 2013 წლის 8 აგვისტოს, იყო წვიმიანი ამინდი, სახლიდან გამოსვლამდე დანიშნულ რ. ტ-ს დაურეკა, რომელმაც არ უპასუხა და ტაქსით წავიდა სამსახურში. დაყაჩაღებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დაურეკა რ. ტ-ს, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო. აღნიშნული ჩვენება დადასტურებულია 2013 წლის 10 აგვისტოს DVD დისკის დათვალიერების ოქმით.
მოწმე ი. მ-ს ჩვენებით, მუშაობს სს ,,პრივატბანკის’’ მ-ს სერვისცენტრში მმართველის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მის ტელეფონზე შევიდა რამდენიმე ზარი, რომლებსაც ვერ უპასუხა, რადგან იმყოფებოდა აბაზანაში. ერთ-ერთი დარეკვისას ტელეფონზე დაეწერა პულტი, რომელსაც სასწრაფოდ უპასუხა და უთხრეს, რომ ბანკი გაძარცვეს და სასწრაფოდ უნდა მისულიყო სამსახურში. ბანკში მისვლამდე დაურეკა სალაროს უფროსმა ა. ჯ-მ, რომელმაც ნამტირალევი ხმით შეატყობინა, რომ ბანკი გაძარცვეს. ბანკში მისვლისას საოპერატორო ოთახში დახვდნენ სალაროს უფროსი ა. ჯ-ა, რომელიც ტიროდა და კანკალებდა და დამლაგებელი მ. ა. ჯ-მ უთხრა, რომ ბანკში შესვლისას შეჰყვა ნიღბიანი პიროვნება, რომელმაც იარაღი დაადო, სალაროს კარი გააღებინა და ფული წაიღო. ი. მ-ს განმარტებით, ბანკში ინახებოდა დაახლოებით 100 000 ლარი, 89 000 – 90 000 აშშ დოლარი, 5000 ევრო და 1620 რუსული რუბლი.
მოწმე გ. ჰ-ს ჩვენებით, შემთხვევის დროს მუშაობდა სს ,,პრივატბანკის’’ მარნეულის სერვისცენტრში ოპერატორის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 0900 საათზე, მივიდა სამსახურში, რომლის ეზოშიც დახვდნენ მოქალაქეები და პოლიციის თანამშრომლები. ამ უკანასკნელებს დაცული ჰქონდათ შემთხვევის ადგილი და სამსახურში შესვლა ვერ შეძლო. დამლაგებელ მ-ნ შეიტყო, რომ სამსახურში მისვლისას ა. ჯ-ა დახვდა ხელებ შეკრული და ბანკი იყო დაყაჩაღებული.
მოწმე ი. ქ-ს ჩვენებით, მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ,,პრივატბანკის’’ დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურორის მითითებით, იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფში და მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტ კრიმინალისტთა ჯგუფი, კინოლოგების სამსახური, რომლებმაც სალაროდან, სამი ადგილიდან აიღეს სუნის ნიმუშები. სუნის საძებნელად გამოყენებულ იქნა ძაღლი, რომელიც ბანკის შენობიდან გავიდა და ძებნა შეწყვიტა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სალაროს იატაკზე დაყრილი იყო ხუთლარიანის რამდენიმე კუპიურა, სეიფის კარი იყო ღია მდგომარეობაში და მასში მოთავსებული იყო ფულადი მონეტები, ამავე სალაროში დამონტაჟებულია კამერები და სიგნალიზაციის ღილაკი. სალაროსთან არსებულ საოპერატორო დარბაზში განთავსებულ ერთ-ერთ მაგიდაზე იდო ეწ ,,მაუსის’’ კაბელი, რომლითაც, როგორც შემდგომ გაირკვა, თავდამსხმელმა ა. ჯ-ს გაუკოჭა ხელები. ა. ჯ-ნ ერთად დაათვალიერა ბანკის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახული იყო ყაჩაღობის ფაქტი, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ა. ჯ-ა შედის ბანკში, შემინული კარის მიღმა ჩანს, რომ ბანკთან გამავალ ცენტრალურ ქუჩას კვეთს ორი პირი მოტოციკლეტით. მოტოციკლეტს აჩერებენ ბანკის წინ, ხოლო თვითონ შედიან ბანკში. მათ აცვიათ მუქი ფერის ტანსაცმელი და ახურავთ ჩაფხუტები. ერთ-ერთი ჩერდება ბანკის საოპერაციო დარბაზთან, ხოლო მეორე უახლოვდება ა. ჯ-ს, რომელიც ბანკომატთან გადის რეგისტრაციას. იარაღის დემონსტრირებით მიჰყავს სალაროს ოთახში და უკან გამოდის შავი ზურგჩანთით. ა.ჯ-ს განმარტებით, თავდამსხმელმა სწორედ ამ ზურგჩანთაში ჩაალაგა ბანკის ფული. აღნიშნულის შემდეგ, თავდამსხმელმა მეორე პირს გადასცა ზურგჩანთა, გადიან შენობიდან, სხდებიან მოტოციკლეტზე და მიემართებიან ბაზრის მიმართულებით. იმავე დღეს მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ა. ჯ-ა, რომელმაც აღნიშნა, რომ სალაროში ინახებოდა სხვადასხვა ვალუტა, სულ დაახლოებით 250000-ის ეკვივალენტური ლარი.
მოწმე ზ. ბ-ს ჩვენებით, შემთხვევის დროს მუშაობდა მარნეულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ,,პრივატბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ ყაჩაღობაში მონაწილე პირები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ მოტოციკლეტით და ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ გაემართნენ მარნეულის ცენტრისკენ. ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები შემოვლითი გზით მიემართებოდნენ მარნეულის საკოლმეურნეო ბაზრის მიმართულებით, ვ-ა და დ. ა-ს ქუჩისკენ. ბენზინგასამართ სადგურ ,,რომპეტროლიდან’’ ამოღებული ვიდეოფირებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მოტოციკლეტით გაიარა ორმა პიროვნებამ. ბაზრის უკანა მხარეს არის შემოვლითი გზა და მდინარე ა-ს გავლით შესაძლებელია ვ-ს ქუჩაზე გადასვლა. ნანახი იქნა მოტოციკლეტის კვალი, რომელიც წყალზე გადადიოდა და ამოდიოდა ვ-ს ქუჩაზე. აღნიშნული კვალი მიდიოდა დ.ა-ს ქუჩაზე არსებულ ,,გარაჟების’’ ტერიტორიაზე. ინფორმაციის თანახმად, დ. ა-ს ქუჩაზე მდებარე ,,გარაჟების’’ ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ჩაფხუტის ფრაგმენტი, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რ. ტ-ს ჩვენების საფუძველზე, დაახლოებით 50-60 მეტრში ა-ი აუზიდან ამოღებულ იქნა მოტოციკლეტი. ბრალდებულები - რ. ტ-ი და ს. ს-ი ცხოვრობენ ერთ უბანში, ,,გარაჟების’’ ტერიტორიასთან ახლოს. ს. ს-ს ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა ჯ-ს ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლიდან ამოიღო დაყაჩაღებული თანხა.
მოწმე თ. რ-ს ჩვენებით, მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. 2013 წლის 8 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სს ,,პრივატბანკის’’ დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფში, კერძოდ, 2013 წლის 12 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხა და დააკავა ს. ს-ი. ასევე ს. ს-ს ჩვენებისა და ზ. ბ-ს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკა თ. ა-ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ეზოში არსებული საცავიდან, ხის ყუთიდან ამოღებულ იქნა ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა. ჩანთაში მოთავსებული თანხის ნაწილს შემოხვეული ჰქონდა თეთრი ფერის სარტყელი, რომელზეც ფიქსირდებოდა ხელმოწერა და სს ,,პრივატბანკის’’ შტამპი, ნაწილი კი გაშლილ მდგომარეობაში იყო.
მოწმე ი. ა-ს ჩვენებით, შემთხვევის დროს მუშაობდა მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 8 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ,,პრივატბანის’’ დაყაჩაღების ფაქტზე. 2013 წლის 8 აგვისტოს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დანაშაული ჩადენილი იყო მოტოციკლეტის გამოყენებით. ამასთან, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზრის უკანა მხარეს არსებული მდინარე ალგეთის ორივე მხრიდან ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით აღებულ იქნა მოტოციკლეტის კვალი. ვინაიდან შემთხვევის დღეს ნაწვიმარი იყო, კვალი ნათლად ჩანდა, რომელიც ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მიდიოდა. ასევე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით მ-ი, დ. ა-ს ქუჩაზე არსებული ავტოფარეხის ტერიტორიიდან, ბრალდებულების უბნიდან, ამოღებული და დათვალიერებულ იქნა ჩაფხუტის ნაწილები. მოწმის სახით დაკითხა რ. ტ-ი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაასახელა თანამონაწილეები. რ. ტ-ს ჩვენების საფუძველზე მისი და ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით ქ.მ-ი, დ. ა-ს ქუჩაზე არსებული ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოფარებულ ადგილზე მდებარე აუზიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მოტოციკლეტი, რომელსაც გარეგანი დათვალიერებით ეტყობოდა, რომ იყო წითელი ფერის და შემდგომში მოხდა მისი შავად გადაღებვა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად დადგინდა და თავად რ.ტ-ც აღიარა, რომ აღნიშნული მოტოციკლეტი შეიძინა ქ.რ-ი.
მოწმე შ. ლ-ს ჩვენებით, მუშაობს სს ,,პრივატბანკში’’ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენს დაზარალებულის წარმომადგენლის ინტერესებს. სს ,,პრივატბანკს’’ დაყაჩაღების შედეგად მიადგა დაახლოებით 107000 ლარის, 5000 ევროს, 87000 აშშ დოლარისა და 1600 რუსული რუბლის ზიანი. ყაჩაღობის წინა დღეს, საღამოს, დახურეს სალარო და გადათვალეს იქ არსებული თანხა, რის შემდეგაც დანაკლისი არ აღმოჩნდა და სალაროში არსებული თანხა ემთხვეოდა პროგრამულად მითითებულ თანხას. ამასთან, გამოძიებას წარუდგინა პროგრამაში არსებული თანხის ელექტრონული ვერსია ამობეჭდილი სახით. როგორც დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
მოწმე ა. ჩ-ს ჩვენებით, მუშაობს ,,ალფა მოტორსის’’ ფირმაში, მექანიკოსად და აწყობს გასაყიდ მოტოციკლეტებს. 2013 წლის 22 ივლისს მასთან მაღაზიაში მივიდა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ ქ.რ-ი მდებარე მაღაზიაში ნანახი ჰყავდა მოტოციკლეტი, რომლის შეძენაც სურდა და მათივე ავტომანქანით წაიყვანეს ქ.რ-ი, მოტოციკლეტების მაღაზიაში, სადაც ააწყო ,,კაიოკის’’ მოდელის, ორსაჯდომიანი, წითელი ფერის მოტოციკლეტი.
მოწმე თ. ა-ს ჩვენებით, 2013 წლის 8 აგვისტოს, დილის 0830-0900 საათზე, მასთან სახლში მივიდა ს. ს-ი, რომელმაც შესანახად მიუტანა თეთრი ფერის ხელჩანთა, რაზედაც დათანხმდა და შესთავაზა, რომ ჩანთა სახლში შეეტანა, სადაც შეინახავდა, თუმცა ს. ს-ა ჩანთის სახლში შენახვაზე უარი თქვა და თვითონ შესასვლელ კართან მდგარი ხის ყუთი ასწია, რომელშიც კორმა ინახებოდა და ხელჩანთა შიგ მოათავსა. აღნიშნულის შემდეგ, ს. ს-ა სთხოვა, რომ საკოლმეურნეო ბაზარში გაჰყოლოდა, რათა დ-ს რაიონში გასაგზავნად შეეძინა სხვადასხვა სახის პროდუქტი. 2013 წლის 12 აგვისტოს მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს ნებაყოფლობით წარედგინა ფულადი თანხა, რაზედაც უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა დაუსახელეს ს. ს-ი, ნებაყოფლობით წარადგინა ხელჩანთა, რომელიც ს. ს-ა დაუტოვა. ხელჩანთის გახსნისას დაინახა, რომ მასში მოთავსებული იყო დიდი რაოდენობის ფულადი თანხა, კერძოდ, ლარის, აშშ დოლარის, ევროს და რუსული რუბლის კუპიურები, რომელიც პოლიციელებმა დალუქეს და სამმართველოში წაიღეს.
მოწმე ა. ი-ს ჩვენებით, მუშაობს მარნეულის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ, კერძოდ, ასუფთავებს რ-ს ქუჩას, სადაც ასევე მდებარეობს ,,პრივატბანკი’’. 2013 წლის 8 აგვისტოს, 0700-0800 საათებს შორის შუალედში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ,,პრივატბანკთან’’ ახლოს შენიშნა გაჩერებული შავი ფერის მოტოციკლეტი, მოგვიანებით კი დაინახა, რომ ,,პრივატბანკიდან“ გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ შავი ფერის ტანსაცმელი და სახე არ უჩანდათ, დასხდნენ მოტოციკლეტზე და წავიდნენ ბაზრის მიმართულებით.
მოწმე რ. გ-ს ჩვენებით, რ. ტ-ი არის მისი მეზობელი. საკუთრებაში გააჩნია თეთრი ფერის ,,ოპელ ვექტრას’’ მოდელის ავტომანქანა, რომლითაც ტაქსისტობს და ხშირად რ. ტ-ც ემსახურება. 2013 წლის ივლისის თვეში მას დაუკავშირდა რ. ტ-ი და სთხოვა მოტოციკლეტის შეძენის მიზნით წაეყვანა ქ.რ-ი, მოტოციკლეტების მაღაზიაში. იგი ქ.რ-ი გაემგზავრა რ. ტ-ნ და ვინმე შ-ნ ერთად, რომელსაც არ იცნობდა. რ. ტ-ი მიიყვანა მაღაზიაში, სადაც ეს უკანასკნელი ათვალიერებდა მოტოციკლეტებს. რამდენიმე წუთით თვითონაც იყო შესული, ხოლო შემდეგ რ-ა უთხრა, რომ შ-ნ ერთად დაბრუნებულიყო მ-ი, თავად კი მოგვიანებით დაბრუნდებოდა.
აღნიშნული დაადასტურა მოწმე შ. მ-ა, რომლის განმარტებით, 2013 წლის ივლისის თვეში რ. ტ-ს გაჰყვა ქ.რ-ი, მოტოციკლეტის შეძენის მიზნით. რ. ტ-ა ქ.რ-ი შეიძინა წითელი ფერის, ორსავარძლიანი მოტოციკლეტი, რის შემდეგაც რაისმა უთხრა, რომ ტაქსის მძღოლთან ერთად დაბრუნებულიყო მ-ი, ხოლო რ. ტ-ი სად წავიდა, მისთვის უცნობია.
მოწმე ე. ჩ-ს ჩვენებით, ,,პრივატბანკის’’ დაყაჩაღებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე მას დაუკავშირდა მეგობარი რ. ტ-ი, რომელმაც სთხოვა, მისთვის ნაცნობი გამყიდველისგან ნისიად შეეძინა ორი ცალი მობილური ტელეფონი და სიმბარათები. მობილური ტელეფონები ნისიად შეიძინა ნაცნობი პირისგან, სამირისგან, რომლის გვარიც არ იცის. აღნიშნული სიმბარათები ჩართული იყო ,,ლაი-ლაის“ ქსელში, რომლებიც რეგისტრირებული არ იყო და ტელეფონებთან ერთად გადასცა რ. ტ-ს.
მოწმე ს. კ-ს ჩვენებით, ქ.მ-ი, ბაზრის ტერიტორიაზე, აქვს მობილური ტელეფონების გასაყიდი ჯიხური, სადაც თავადვე მუშაობს გამყიდველად. 2013 წლის ივნის-ივლისის თვეში, ზუსტად არ ახსოვს, მასთან მივიდა ე. ჩ-ი, რომელმაც მისგან ნისიად შეიძინა ორი ცალი, თითოეული - 55 ლარად ღირებული ,,ნოკიას“ ფირმის, ფანრიანი მობილური ტელეფონი.
მოწმე ო. გ-ს ჩვენებით, ქ.მ-ი, ბაზრის ტერიტორიაზე, აქვს მობილური ტელეფონების გასაყიდი ჯიხური. 2013 წლის ივნის-ივლისის თვეში, ზუსტი თვე არ ახსოვს, მასთან მივიდა ე. ჩ-ი, რომელმაც მისგან შეიძინა ორი ,,ლაი-ლაის“ ქსელში ჩართული სიმბარათი, ღირებული - 5 ლარად.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. ხ-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის № დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილ DVD-R დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებით „10/33/170/250_05_20130808073000_20130808083059 Time“.avi და „10.33.170.250_07_20130808073000_20130808083000 Time“.avi ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულ პიროვნებას ხელში უჭირავს იარაღის მსგავსი საგანი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ DVD-R დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ Adabe Photoshop GS5-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობისა და შინაარსობრივი სახიათის სახეცვლილების გარეშე, ამოიბეჭდა ფერად პრინტერზე და წარმოდგენილია დანართის სახით.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. გ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული გენეტიკური ექსპერტიზის №დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,ჩაფხუტის ნაწილი შემთხვევის ადგილიდან ... სამკუთხედის ფორმის...’’ მოთავსებულ შავი ფერის კუთხოვან საგანზე აღმოჩნდა ადამიანის ბიოლოგიური მასალა (ობ. №1 და ობ. №2) ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს და განსხვავდება პაკეტში, წარწერით: ,,ს. ს-ს სისხლის ნიმუში...’’ მოთავსებული სისხლის (ობ. №6) და პაკეტში, წარწერით: ,,რ. ტ-ს სისხლის ნიმუში...’’ მოთავსებული სისხლის (ობ. №7) გენეტიკური პროფილებისაგან. ობ. №2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია და ეკუთვნის სულ მცირე სამ პირს. გამოვლენილი საერთო ალელების მიხედვით, ობ. №2-ის პროფილში, ს. ს-ს (ობ. №6, პაკეტი, წარწერით: ,,ს. ს-ს სისხლის ნიმუში...’’) და რ. ტ-ს (ობ. №7, პაკეტი, წარწერით: ,,რ. ტ-ს სისხლის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არაა; - პაკეტში, წარწერით: ,,...031080813001 ... მუქი ფერის რკალისებრი. ობიექტი ... ,,მოთავსებულ შავი ფერის რკალისებრ საგანზე (ობ. №3, 4) და პაკეტში, წარწერით: ,,...სიგარეტის კოლოფი წარწერით ,,winston’’, რომელშიც არის 14 ღერი წვრილი სიგარეტი...’’ მოთავსებულ სიგარეტის კოლოფზე (ობ. №5), არ აღმოჩნდა ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენოტიპირებისათვის საჭირო, მინიმალური კონცენტრაცია.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი. მ-მ და დაადასტურა მის მიერ გაცემული გენეტიკური ექსპერტიზის №004359513 დასკვნის სისწორე.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე.კ-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №46/ფ დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ DVD-R დისკზე არსებული ვიდეოგრამები ერთი მთლიანია; მათში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ასე შემდეგ.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. კ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის №616/გრ დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ თეთრი ფერის, სარტყლის ფორმის ქაღალდის ნაჭერზე არსებული ხელმოწერები (გარდა იმ ხელმოწერებისა, რომლებიც განთავსებულია ოთხკუთხაშტამპიან ქაღალდის სარტყელებზე) შესრულებულია ა. ჯ-ს მიერ. ხელმოწერები, განთავსებული ოთხკუთხაშტამპიანი ქაღალდის სარტყლებზე, შესრულებულია არა ა. ჯ-ს, არამედ სხვა პირის მიერ. ორ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელზე, რომლებზეც განთავსებულია ოთხკუთხაშტამპის ანაბეჭდები, ხელმოწერები დაფიქსირებული არ არის. თეთრი ფერის, სარტყლის ფორმის ქაღალდის ნაჭრებზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერები (გარდა იმ ციფრობრივი ჩანაწერებისა, რომლებიც განთავსებულია ოთხკუთხაშტამპიანი ქაღალდის სარტყელებზე) შესრულებულია ა. ჯ-ს მიერ. ციფრობრივი ჩანაწერები, განთავსებული ოთხკუთხაშტამპიანი ქაღალდის სარტყლებზე, სავარაუდოდ, შესრულებულია ა. ჯ-ს მიერ. სამი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელზე, რომლებზეც განთავსებულია ოთხკუთხა შტამპის ანაბეჭდები, ციფრობრივი ჩანაწერები დაფიქსირებული არ არის (იხ. ფოტო №20-21). დადგენა საკითხისა: ,,შესრულებულია თუ არა ხელმოწერები და ციფრები ერთი და იმავე პირის მიერ’’, შეუძლებელია, სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულების გამო.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. ტ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის № დასკვნის სისწორე, დადგენილია,რომ 2013 წლის 8 აგვისტოს ქ.მ-ი, რ-ს ქუჩის №-ში მდებარე სს ,,პრივატბანკის’’ მარნეულის სერვისცენტრზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 სუნის კვალის ნიმუში მოთავსდა ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ლაბორატორიაში არსებულ კონტეინერებში სხვადასხვა სუნის კვალის ნიმუშებთან ერთად და სამჯერ, სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით მოხდა მათი შედარება მოწმეებისაგან - ვ. ფ-ნ, რ. ტ-ნ, ს. ს-ა და გ. ე-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშებთან. ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან და პიროვნებებისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები - 7 ცალი 0.5 ლ. მინის ქილა დაილუქა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის №46/22 ლუქით და მოთავსდა 2 ცალ პაკეტში. (პაკეტი №1-SPD060824, პაკეტი №2-SPD060825). ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს ქ.მ-ი, რ-ს ქუჩის №-ში მდებარე სს ,,პრივატბანკის’’ მარნეულის სერვისცენტრზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სერვისცენტრის სალაროს ოთახში უჯრეებიანი ტუმბოს წინ, სეიფის წინა და ამავე ოთახში მდგარი კარადის წინ, ლამინატის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული 3 სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმეებისაგან: რ. ტ-ა და ს. ს-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა, ხოლო არაიდენტურია ვ. ფ-ა და გ. ე-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
2013 წლის 8 აგვისტოს მოტოციკლეტის საბურავის კვალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების ობიექტი მდებარეობს ქ.მ-ი, ბაზრის უკანა მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ს-ს ქუჩაზე შემავალი გზის მარცხენა მხარეს არის ამაღლებული ადგილი, სადაც ემჩნევა მოტოციკლეტის საბურავის ერთი კვალი, რომელიც მიდის 40 მეტრის სიგრძეზე, შემდეგ გადადის წვრილბილიკიან მდინარე ა-ს ხიდზე, ბეტონის საფარიანი ხიდით. ხიდზე გადასვლის შემდგომ ავდივართ აღმართზე, რკინის წყლის მილებზე, საიდანაც კიდევ არის მოტოციკლეტის საბურავის ერთი კვალი, რომელიც მიდის ვ-ს ქუჩის შესასვლელამდე და მთავრდება ასფალტის საფარის დასაწყისთან. საბურავის კვალის სიგრძე არის 35 მეტრის, სიგანე - 6 სმ-ის, ხოლო სიმაღლე - 0,4 სმ-ის. საბურავის კვალზე აღინიშნება სხვადასხვა ფორმის ორნამენტები.
ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში ექთან ე. ს-ს მიერ რ. ტ-ნ მისი წერილობითი თანხმობით საინექციო შპრიცით აღებულ იქნა 5 მგ სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა №30/11 ლუქით. ლუქზე შესრულებულია მონაწილეთა ხელმოწერები.
ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში კინოლოგ ნ. ბ-ს მიერ რ. ტ-ნ მისი წერილობითი თანხმობით აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ერთ ცალ მინის ქილაში, რომელიც დაილუქა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს №30 ლუქით. ლუქზე შესრულებულია მონაწილეთა ხელმოწერები.
ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს მარნეულის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ ზ. ბ-ს მიერ რ. ტ-ნ მისი წერილობითი თანხმობით აღებულ იქნა ხელის კვალის ნიმუშები, გადატანილი დაქტილობარათზე, რომელიც მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №46/30 ლუქით.
2013 წლის 9 აგვისტოს საბურავის კვალის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება მიმდინარეობდა დღის ბუნებრივი განათების პირობებში, მზიან ამინდში. დათვალიერების ობიექტი მდებარეობს ქ.მ-ი, ა-ს ქუჩაზე მდებარე შპს ავტოსერვისის მარნეულის ფილიალის შენობის ეზოში და მისი მიმდებარე ტერიტორიაა. შენობის ეზოში შესასვლელია ორფრთიანი რკინის ჭიშკრით, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. ეზო არის მოასფალტებული, ეზოში შესასვლელი კარიდან მარცხნივ არის აშენებული საამქროები და საწყობები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ, ხოლო შესასვლელი კარიდან მარჯვნივ აშენებულია ავტომობილების შესასვლელები, ე.წ. ,,ბოქსები’’. ეზოს უკან, ჭიშკრიდან 100 მეტრის მოშორებით, ავტომანქანის შესაკეთებელი ე.წ. ,,ბოქსების’’ შენობიდან 5 მეტრში მიწაზე აღენიშნება საბურავის კვალი, რომელიც არის 3.20 მ. სიგრძეზე, ხოლო 10.1 მ სიგანეზე. აღნიშნული საბურავის კვალზე თაბაშირით დამზადდა საბურავების პროტექტორების ანაბეჭდის კვალი. როდესაც თაბაშირის საბურავის კვალი გაშრა და გამყარდა, ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ.
2013 წლის 12 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარებულია ქ.მ-ი, ჯ-ს ქუჩა №-ში არსებულ თ. ა-ს საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობებში. ჩხრეკა ჩატარდა თ. ა-ს თანდასწრებით და ჩხრეკის დროს თ. ა-ა დამხმარე შენობიდან წარმოადგინა თეთრი ფერის ნაჭრის ჩანთა, რომლის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა რამდენიმე პარკი და ამ პარკებში მოთავსებული ფულადი თანხა. ვიზუალური დათვალიერებით, პარკში მოთავსებული იყო 100 აშშ დოლარიანი კუპიურებისა და ლარების შეკვრები. აღნიშნულის შემდეგ მითითებული პარკები, რომლებშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა, მოთავსდა თ.ა-ის მიერ წარმოდგენილ თეთრი ფერის ნაჭრის ჩანთაში, რომელიც დაილუქა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს 30/11 ლუქით, მასზე გაკეთდა ხელმოწერები.
2013 წლის 12 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა თ. ა-ს სახლიდან ამოღებული და დალუქული თეთრი ფერის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ცელოფნის პარკები და ფულადი თანხა. მტკიცებულების გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ლუქი გაიხსნა მონაწილეთა თანდასწრებით. თეთრი ფერის ნაჭრის ჩანთაში აღმოჩნდა რამდენიმე ცელოფანი, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა კუპიურები და სხვადასხვა ნომინალების ბანკნოტები, კერძოდ: 100 ლარიანი კუპიურა არის 267 ცალი, 26000 ლარის ოდენობით; ორმოცდაათლარიანი ორი ცალი შეკვრა, ბანკნოტებს შემოხვეული აქვს თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელი, რომელზედაც არის მითითებული თანხა 5000 და ხელმოწერა. სულ 50 ლარიანი კუპიურა არის 278 ცალი, 13900 ლარის ოდენობით; ათლარიანი ერთი ცალი შეკვრა, ბანკნოტებს შემოხვეული აქვს თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელი, რომელზედაც არის მითითებული თანხა 1000 და ხელმოწერა. 10 ლარიანი კუპიურა არის 390 ცალი, 3900 ლარის ოდენობით; 20 ლარიანი ერთი ცალი შეკვრა, ბანკნოტებს შემოხვეული აქვს თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელი, რომელზედაც არის მითითებული თანხა 2000 და ხელმოწერა. 20 ლარიანი კუპიურა არის 368 ცალი, 7 360 ლარის ოდენობით; 5 ლარიანი 4 ცალი შეკვრა, ბანკნოტებს შემოხვეული აქვს თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელი, რომელზედაც არის მითითებული თანხა 500 და ხელმოწერა. 5 ლარიანი კუპიურა არის 620 ცალი, 3100 ლარის ოდენობით; 200 ლარიანი ბანკნოტები, 4 ცალი კუპიურა 800 ლარის ოდენობით; 100 ევროიანი კუპიურა არის 40 ცალი, 4000 ევროს ოდენობით; 50 ევროიანი კუპიურა არის 12 ცალი, 1100 ევროს ოდენობით; 20 ევროიანი კუპიურა არის 8 ცალი, 160 ევროს ოდენობით; 10 ევროიანი კუპიურა არის 19 ცალი, 190 ევროს ოდენობით; 5 ევროიანი კუპიურები არის 11 ცალი, 55 ევროს ოდენობით; 1000 რუსული რუბლის ბანკნოტი; მისი 100 რუბლიანი კუპიურები; 100 აშშ დოლარიანი კუპიურა; 1 დოლარიანი 14 ცალი შეკვრა, 5 შეკვრას შემოხვეული აქვს თეთრი ფერის ქაღალდის სარტყელი, რომელზედაც არის შტამპი წარწერით სააქციო საზოგადოება პრივატბანკი, ხოლო დანარჩენი კუპიურები შეკრულია ყვითელი რეზინით. დარჩენილი კუპიურები ერთმანეთშია არეული, სულ დოლარიანი კუპიურა არის 1568 ცალი, 1568 დოლარის ოდენობით; 2 დოლარიანი კუპიურები არის 18 ცალი, 36 დოლარის ოდენობით; 5 დოლარიანი კუპიურები არის 19 ცალი, 95 დოლარის ოდენობით; 10 დოლარიანი კუპიურა არის 49 ცალი, 490 დოლარის ოდენობით; 20 დოლარიანი კუპიურა არის 23 ცალი, 460 დოლარის ოდენობით; 50 დოლარიანი კუპიურა არის 41 ცალი, 2050 დოლარის ოდენობოთ; 1 ცალი 1000 რუბლი; 4 ცალი 100 რუბლი; 4 ცალი 50 რუბლი; 2 ცალი 10 რუბლი; ერთ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში დალუქულია ერთდოლარიანები, რომელსაც აქვს ,,პრივატბანკის“ დამღა, კუპიურები დაყოფილია 10 ნაწილად, გამჭვირვალე ცელოფნიდან ჩანს შიგნით მოთავსებული თეთრი ქაღალდი, სადაც ლურჯი კალმით აწერია აშშ დოლარი 1X1000=1000, ერთიათას აშშ დოლარი, აქვს თარიღი 13.06.13 ხელმოწერა და არტყია ბეჭდის ასლი, რომელზედაც იკითხება, სააქციო საზოგადოება ,,პრივატბანკი’’ კოდი cavoge22 ნ.მ-ი. ხურდა ფული: 2ლარიანი 1 ცალი; 1 ლარიანი 11 ცალი; 50 თეთრიანი 3 ცალი; 20 თეთრი 1 ცალი; 10 თეთრი 14 ცალი; 5 თეთრი 44 ცალი; 1 თეთრი 9 ცალი; ჩანთში მოთავსებულმა ფულადმა თანხამ შეადგინა: 54 978 ლარი და 59 თეთრი, 5 005 ევრო, 75 699 აშშ დოლარი და 1 620 რუსული რუბლი. დათვალიერების შემდეგ ზემოაღნიშნული კუპიურები დაილუქა 1 ფუთად N 30/11 ლუქით.
2013 წლის 13 აგვისტოს ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა. ჩ-ა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო რიგით მესამე პიროვნება, რომელსაც 2013 წლის 22 ივლისს ქ.რ-ი მიჰყიდეს მოტოციკლეტი.
2013 წლის 13 აგვისტოს ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა - ბ. გ-ა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან მან მიამსგავსა რიგით მე-2 და მე-3 პიროვნებები, რომელმაც მისგან 2013 წლის 22 ივლისს შეიძინა ქ.რ-ი მოტოციკლეტი, თუმცა ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ამსგავსებს.
2013 წლის 15 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ე. ჩ-ნ. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობიდან, ე-ს ქუჩიდან ბაზრის მიმართულებით. ე.ჩ-ს მითითებით მივიდნენ ბაზართან, ა-ს ქუჩაზე გაჩერდა ა/მანქანა ბაზრის წინა მხარეს და მოწმე ე.ჩ-ს მითითებით მივიდნენ ბაზრის წინ მდებარე სამირის მობილური ტელეფონების ჯიხურთან, სადაც ე.ჩ-ა მიუთითა ს. კ-ს მობილური ტელეფონების ჯიხურზე, სადაც მან შეიძინა 2 ცალი ,,ნოკიას“ მოდელის მობილური ტელეფონი. ასევე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. ჩ-ს მითითებით მივიდნენ ა-ს ქუჩაზე და ფეხით გაემართნენ ბაზრის უკანა მხარეს. ე.ჩ-ს მითითებით მივიდნენ ბაზრის უკან განლაგებულ მწვანე ფერის მობილური ტელეფონების გასაყიდ ჯიხურებთან, სადაც ე.ჩ-ა შეიძინა 2 ცალი ,,ლაი-ლაის“ ქსელში ჩართული სიმბარათები. ე.ჩ-ს მითითებით მივიდნენ ბაზრის უკან განლაგებულ ბოლოდან მესამე ჯიხურში, მარცხნიდან მარჯვნივ მდებარეზე და ე.ჩ-ა მიუთითა აღნიშნულ ჯიხურზე, სადაც შეიძინა ორი ცალი ,,ლაი-ლაის“ ქსელში ჩართული სიმბარათები. ჯიხურში შესვლისას დახვდათ გამყიდველი ო. გ-ი, რომელზეც ე.ჩ-ა მიუთითა, რომ მისგან შეიძინა 2 ცალი ,,ლაი-ლაის“ ქსელში ჩართული სიმბარათები.
2013 წლის 28 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.მ-ი, დ.ა-ს ქუჩაზე განლაგებული ,,რომპეტროლის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული გარე პერიმეტრის სათვალთვალო N2-ე კამერის, 2013 წლის 8 აგვისტოს DVD დისკზე გადატანილი ჩანაწერის დათვალიერება მიმდინარერობდა შს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობაში, კომპიუტერის საშუალებით. ქ.მ-ი, დ.ა-ს ქუჩაზე, საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელის მოპირდაპირედ, საავტომობილო გზის განაპირა მხარეს განლაგებულ ,,რომპეტროლის’’ ბენზინგასამართი სადგურიდან DVD დისკზე გადმოწერილი სადგურის გარე სათვალთვალო №2-ე კამერის 2013 წლის 8 აგვისტოს ჩანაწერი იწყება 06:00:45 საათზე. №2-ე კამერა მიმართულია ბაზრის წინ გამავალ საავტომობილო გზის მიმართულებით. კამერის ხედვის სივრცეში მოცულია მარცხნიდან რ-ს ქუჩის ნაწილი, ქ.მ-ს №5-ე საჯარო სკოლის შენობის ნაწილი და დ.ა-ს საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც მოემართება რ-ს ქუჩიდან. კამერის გამოსახულება ფერადია. ჩანაწერში ასახულია ავტომანქანების და მოქალაქეების გადაადგილება. მოცემულ პერიოდში ამინდი წვიმიანია. 08:01:29 საათზე კამერის ხედვის სივრცეში მარცხენა მხრიდან საავტომობილო გზაზე ჩნდება ორსაბურავიანი მოტოციკლეტი, რომელზეც ზის შავი ფერის ტანსაცმლიანი, ჩაფხუტებიანი ორი პიროვნება, რომლებიც ავტომანქანების ნაკადში მოტოციკლეტით მიემართებიან დ. ა-ს ქუჩის გავლით, რ-ა და ა-ს ქუჩის გადაკვეთის მხრიდან, ბაზრის მიმართულებით. მოტოციკლეტის წინა მოყვითალო ფერის საგაბარიტე სანათები ანთებულია. მოტოციკლეტი მოცემული მიმართულებით მოძრაობს კამერის ხედვის სივრციდან, მარჯვნივ სცდება 08:01:32 საათზე. კამერის ჩანაწერი წყდება 08:59:49 საათზე. კამერის ხედვის სივრციდან მოტოციკლეტზე მჯდარი პირების გასვლის შემდეგ, კამერის ჩანაწერის ბოლომდე მათი მოძრაობა არ ფიქსირდება.
2013 წლის 24 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ DVD დისკის დათვალიერება მიმდინარეობდა შს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობაში, კომპიუტერის საშუალებით. მოცემულ ორ DVD დისკზე დაფიქსირებულია ქ.მ-ი, რ-ს ქუჩაზე მდებარე სლოტკლუბ ,,777’’-ის წინა პერიმეტრის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ტექნიკური მიზეზების გამო ჩანაწერზე არ აისახება კალენდარული თარიღი და დროის მაჩვენებელი. დისკზე ცალ-ცალკე ჩაწერილია მარცხენა და მარჯვენა მხარეს განლაგებული ტერიტორია. №1DVD დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამა mx 10-9-75-141-ის ჩანაწერი ფიქსირდება სლოტკლუბის წინა მხარეს დამონტაჟებული კამერით. კამერა მიმართულია ამავე ქუჩაზე განლაგებული ,,პრივატბანკის“ მარნეულის სერვისცენტრის მიმართულებით. ჩანაწერი იწყება 00:00 დროის მაჩვენებლით. კამერის ხედვის სივრცეში მოცემულია სლოტკლუბ ,,777“-ის წინ განლაგებული ტროტუარი, წინ გამავალი რ-ს ქუჩის საავტომობილო გზის ნაწილი, რ-ს ცენტრალური საავტომობილო გზა და გზის მეორე მხარეს განლაგებული ტერიტორიის ნაწილი, სადაც რ-ს ქუჩიდან მარჯვნივ შედის №1-ლი ჩიხის გზა. აღნიშნულ პერიოდში ამინდი არის წვიმიანი. საავტომობილო გზაზე ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ორმხრივი მოძრაობა. ჩანაწერის 01:00:12 დროს მაჩვენებლის მიხედვით კამერის ხედვის სივრცეში მოცულ, რ-ს ქუჩის №1 ჩიხის გამოსასვლელში ფიქსირდება ჩაფხუტიანი ორი პიროვნება (როგორც გამოძიებით დადგენილია, აღნიშნული პიროვნებები არიან რ. ტ-ი და ს. ს-ი), რომლებსაც ხელის მიწოლით რ-ს ცენტრალური გზის მიმართულებით გამოყავთ ორთვალა მოტოციკლეტი, ჩიხიდან გამოსვლის შემდეგ მოტოციკლეტის ხელის მიწოლით კვეთავენ რ-ს ცენტრალურ საავტომობილო გზას, გზის მეორე მხარეს მოტოციკლეტი აჰყავთ ,,პრივატბანკის“ წინ არსებულ ტროტუარზე. ჩანაწერის 01:00:35 დროს მაჩვენებლის მიხედვით გადიან კადრის ხედვიდან. ჩანაწერის 01:04:14 დროს მაჩვენებლის მიხედვით იმ ადგილიდან, სადაც მოეფარა კამერის ხედვის სივრციდან ჩაფხუტ ჩამოცმული (რ. ტ-ი და ს. ს-ი) ხელით გადმოყვანილ მოტოციკლეტთან ერთად, ფიქსირდება მოტოციკლეტის მოძრაობა რომელზედაც (როგორც გამოძიებით დადგენილია სხედან რ. ტ-ი და ს. ს-ი) მოტოციკლეტი დაფიქსირებისთანავე მოძრაობს ,,პრივატბანკის“ წინ არსებულ ტროტუარზე. პრივატბანკის მარცხნივ შემავალი გზით გამოდის რ-ს ქუჩის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და მიემართება მარნეულის ბაზრის მიმართულებით, სლოტკლუბ ,,777’’-ის წინ ჩავლით, კამერის კადრის მარჯვენა მხარეს და ჩანაწერის 01:04:19 დროს მაჩვენებლის მიხედვით გადიან კამერის ხედვის სივრციდან. ჩანაწერი სრულდება ჩანაწერის 03:41:59 დროს მაჩვენებლის მიხედვით. №2 DVD დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამა mx 10-9-76-189-ის ჩანაწერი ფიქსირდება სლოტკლუბის წინა მხარეს დამონტაჟებული კამერით. კამერა მიმართულია მარნეულის ბაზრის მიმართულებით. ჩანაწერი იწყება 00:00 დროის მაჩვენებლის მიხედვით. კამერის ხედვის სივრცეში მოცემულია სლოტკლუბ ,,777’’-ის წინ განლაგებული ტროტუარი, წინ განლაგებული რ-ს ქუჩის საავტომობილო გზის ნაწილი, რ-ს ცენტრალური საავტომობილო გზა და გზის მეორე მხარეს განლაგებული ტერიტორიის ნაწილი. ჩანაწერის 01:04:16 დროს მაჩვენებლის მიხედვით კამერის ხედვის სივრცეში ფიქსირდება რ-ს ქუჩის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავი შავი ფერის ორთვალა მოტოციკლეტი, რომელზეც ზის ჩაფხუტებიანი ორი პიროვნება. მოტოციკლეტი მოძრაობს მარნეულის ბაზრის მიმართულებით, კადრში მარცხნიდან მარჯვნივ. მოტოციკლეტზე უკან მჯდომ პიროვნებას ზურგზე ჩამოკიდებული აქვს მუქი ფერის ზურგჩანთა. ჩანაწერის 01:04:24 დროს მაჩვენებლის მიხედვით, მოტოციკლეტი გადის კამერის ხედვის სივრციდან. ჩანაწერი სრულდება ჩანაწერის 03:41:59 დროს მაჩვენებლის მიხედვით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკები.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სერვისცენტრის სალაროს ოთახში უჯრეებიანი ტუმბოს წინ, სეიფის წინა და ამავე ოთახში მდგარი კარადის წინ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული 3 სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმეებისაგან: რ. ტ-ა და ს. ს-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
მსჯავრდებულების - რ. ტ-ა და ს. ს-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - რ. ტ-ა და ს. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეესაბამება მათ პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. მ-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ რ. მ-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო გამომძიებელთა განმარტებები ბრალდებულებისგან აღიარებითი ჩვენებების მიღების შესახებ, მათ შორის - გ. ქ-ს ჩვენება, საქართველოს ბანკის მარნეულის ფილიალის შენობისგარეთა ხედვის კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, სადაც ჩანს ფეხით მოსიარულე მამაკაცი, მოწმე რ. დ-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს რ. მ-ს დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს. საკასაციო პალატამ შეისწავლა ხსენებული მტკიცებულებები და მათი კავშირი ერთმანეთთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეამოწმა მოწმეთა მიერ მიცემული ირიბი ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენებისა და მათი საქმიდან ამორიცხვის საკითხი და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
მოწმე გ. ქ-ს ჩვენება, რომელიც განმარტავს რ. მ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენების დეტალებს, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და იგი საქმიდან უნდა ამოირიცხოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად; ანალოგიურად საქმიდან უნდა ამოირიცხოს გამომძიებელთა მიერ მიცემული ირიბი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ისინი აღწერენ რ. ტ-ა და ს. ს-ნ მიღებული აღიარებითი ჩვენებების შინაარსს. რაც შეეხება საქართველოს ბანკის მარნეულის ფილიალის შენობისგარეთა ხედვის ჩანაწერებს, საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას რ. მ-ს წინააღმდეგ, კერძოდ, ხსენებულ ჩანაწერთა დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 07.34 საათზე, კამერის ჩანაწერებში ჩნდება მამაკაცი, რომელიც ფეხით მოძრაობს გ-ს ქუჩიდან რ-ს ქუჩის მიმართულებით, თუმცა ეს პირი არის თუ არა ნამდვილად რ. მ-ი, არ არის დადასტურებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით ან იმ მოწმის ჩვენებით, რომელიც ჩანაწერების დათვალიერების დროს უტყუარად დაადასტურებდა ამ ფაქტს. ერთადერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს რ. მ-ს ყოფნას დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა გ-ა და რ-ს ქუჩაზე, არამედ მ-ს ქუჩაზე, არის რ. დ-ი. იგი განმარტავს, რომ არის ტაქსის მძღოლი და მფლობელობაში ჰყავს ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა (სახ.№). 2013 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 07 საათზე, მასთან მივიდა ნაცნობი - რ. მ-ი და სთხოვა ქ. მ-ი, პარკთან ახლოს მიყვანა, რაც შეასრულა კიდეც და მიიყვანა მ-ს ქუჩის ბოლოში. აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ რ. მ-ი გ-ს ქუჩის გავლით გადაადგილდა რ-ს ქუჩის მიმართულებით და საქართველოს ბანკის კამერებზე დაფიქსირებული მამაკაცი ნამდვილად რ. მ-ა. ასეც რომ იყოს, ეს გარემოება არ ადასტურებს მის ყაჩაღობაში თანამონაწილეობას, მით უმეტეს, როცა გამოძიებითა და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დანაშაულის ჩადენის დროს ამ უკანასკნელის სატელეფონო ან სხვა სახის კავშირები ს. ს-ა და რ. ტ-ნ.
ამდენად, საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაამტკიცებდა რ. მ-ს ყაჩაღობაში თანამონაწილეობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ა და მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებული რ. მ-ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ რ. მ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი
№321აპ-14 13 მარტი, 2015 წელი
ტ-ი რ, 321აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 11 მარტის მსჯავრდებულების - რ. ტ-ს, ს. ს-ა და რ. მ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 11 მარტს მსჯავრდებულების - რ. ტ-ს, ს. ს-ა და რ. მ-ს მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, სადაც დაშვებულია უზუსტობა. კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილია შემდეგი წინადადება: ,,რ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 11 მარტს მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს სიტყვები: ,,რ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან“.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი