საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 07.05.2015
საქმის ნომერი
2კ-449აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№449აპ-14 7 მაისი, 2015 წელი

თ-ა ა., 449აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ კ. ა-ს

ადვოკატ – ლ. ხ-ს

მსჯავრდებულ _ ა. თ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. თ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სქესობრივი კავშირის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების მუქარით და პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. ა. თ-მ 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის 18 დეკემბერს ქ. სენაკში მდებარე სასტუმრო „---ში“ სქესობრივი კავშირი დაამყარა თ. კ-თან.

3. სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ ა. თ-მ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“, თ. კ-ს ნების საწინააღმდეგოდ, გაავრცელა მასთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტომასალა და მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა თ. კ-ს საქმროს – გ. ჯ-ს ამ ფოტომასალის არსებობის შესახებ. გ. ჯ-ს მიერ ფოტოსურათების ნახვის შემდეგ ჩაიშალა მათი ქორწინება, ხოლო თ. კ-ი ა. თ-ს მიერ მიყენებული მორალური ტრავმის შემდეგ გადიოდა მკურნალობას ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. თ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 10 ივლისიდან; გაუქმდა ა. თ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და 10000 ლარი გირაოს სანაცვლოდ, ნ. თ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ – 44.62 კვ/მ საცხოვრებელ ფართს, მდებარეს ქ.ფოთში, --- ქ. №7, ბინა 12-ში (საკადასტრო კოდი – ---) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნა ყადაღა.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე კ. ა-მ. მან ითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმება ა. თ-ს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და ზემოაღნიშნული მუხლით მისი დამნაშავედ ცნობა.

6. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. თ-მ და მისმა ადვოკატმა გ. ქ-მ. აპელანტებმა ითხოვეს ა. თ-სათვის დანიშნული სასჯელის შემცირება და პირობითად ჩათვლა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განაჩენი გაუქმდა; ა. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ა. თ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. კასატორები – მსჯავრდებული ა. თ-ა და მისი ადვოკატი ლ. ხ-ა აღნიშნავენ, რომ ვიდეოკადრების გადაღება არ მომხდარა ფარულად და ეს გაკეთდა ორივე მხარის თანხმობით; საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ მიუთითებს ა. თ-ს მხრიდან თ. კ-ს იძულებაზე, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი, ამიტომ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმდების კვალიფიკაცია უკანონოა; გარდა ამისა, ა. თ-სათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ა. თ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში, ასევე – სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, დამატებით სასჯელად 2000 ლარი ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება კერძოდ:.

2. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ა. თ-ა უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. დაზარალებულმა თ. კ-მა აჩვენა, რომ ა. თ-ა თავს არ ანებებდა, დღეში რამდენჯერმე უკავშირდებოდა მობილური ტელეფონის საშუალებით და აიძულებდა მასთან ურთიერთობას, მათ შორის - სქესობრივს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის სოციალურ ქსელში გავრცელებით, რაც საბოლოოდ შეასრულა კიდეც.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება არ შეესაბამება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზიდან, ვინაიდან მოწმე მ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ. კ-სა და ა. თ-ს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. თბილისში ორ-სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თბილისიდან რომ ჩამოდიოდა, სამტრედიაშიც ხვდებოდა. ჰქონდათ სატელეფონო საუბრები; როცა ა. თ-ა რეკავდა თ-ს ტელეფონზე, ეკრანზე ა-ს სურათი ჩნდებოდა. თ. კ-სა და გ.ჯ-ს ურთიერთობის შესახებ გაიგო დეკემბრის ბოლოს. გ. ჯ-ს დედამ უთხრა, რომ მის მეგობარს - თ. კ-ს ნიშნავდნენ. მანამდე იცოდა, რომ თ. კ-ი ა. თ-ს უნდა მოეყვანა ცოლად.

5. მოწმე ა. თ-მ აჩვენა, რომ 2012 წლიდან მის ძმას ა. თ-სა და თ. კ-ს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, უყვარდათ ერთმანეთი და მის ძმას უნდოდა ცოლად მოეყვანა თამარი. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ბ. ხ-მ და ფ. თ-მ.

6. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები მეტ სანდოობას მატებენ მსჯავრდებულ ა. თ-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლითაც მან განმარტა, რომ თ. კ-თან ჰქონდა ნებაყოფლობითი სასიყვარულო ურთიერთობა და უნდოდათ ოჯახის შექმნა, ხოლო ფოტოსურათები გაავრცელა იმ მიზნით, რომ თ-ს ქორწილი ჩაეშალა.

7. პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ თ. კ-ს ჩვენება დადასტურებულია მოწმეების - მ. ჯ-ს, ს. კ-სა და გ. ჯ-ს ჩვენებებით, რადგან მოწმეების - მ. ჯ-სა და ს. კ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. თ-ა შეტყობინებებს უგზავნიდათ მობილურ ტელეფონზე მოთხოვნით, არ გაეთხოვებინათ თ., რომ მათი შვილი არ იყო პატიოსანი და სამშობიარო სახლ „სენამედში“ ეკითხათ, თუ რამდენი აბორტი ჰქონდა გაკეთებული. მოწმე ს. კ-ს ჩვენებით დასტურდება ასევე, რომ ა. თ-ა შეხვედრისას დაემუქრა შემდეგი სიტყვებით: „კიდევ მეტს ვიზამ, ჯერ სად ხართო“; ხოლო მოწმე გ. ჯ-მ აჩვენა, რომ ა.თ-ა მისული იყო მასთან სახლში და უთხრა, თ. არ არის შენი ღირსი, ცუდი ყოფაქცევის ადამიანიაო. შემდეგ ტელეფონით მიიღო შეტყობინება პაროლისა და საიტის მითითებით, რომლის გახსნის შემდეგ ნახა თ. კ-სა და უცხო მამაკაცის სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტოები.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემომითითებულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. თ-ს არ სურდა თ. კ-ს სხვაზე გათხოვება და ყველანაირად ცდილობდა ამ პროცესისთვის ხელის შეშლას, მათ შორის - პირადი საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გავრცელების მუქარითაც, რაც შეასრულა კიდეც. შესაბამისად, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და არც ხდის სადავოდ მისთვის წარდგენილ ბრალდებას ამ ნაწილში.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ა. თ-ს მიერ მასა და თ. კ-ს შორის სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება მიუთითებს ა. თ-ს სწორედ იმ განზრახვაზე, რომ ამ კადრების გავრცელების მუქარით იძულებული გაეხადა თ. კ-ი მასთან სექსუალური ურთიერთობა გაეგრძელებინა. საკასაციო პალატის აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება არ მოიცავს იმის უპირობო ვარაუდს, რომ მის მომპოვებელს ამ კადრების გავრცელების მუქარით ინტიმური ურთიერთობის გაგრძელების მოტივი ამოძრავებს.

10. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. თ-ს ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს იძულებისთვის (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლი) დამახასიათებელ ნიშნებს იმ ნაწილში, რომ იგი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობდა, იძულებული გაეხადა თ. კ-ი უარი ეთქვა ქორწინებაზე, ანუ აიძულებდა მას უარი ეთქვა იმ მოქმედების შესრულებაზე, რომლის შესრულება/შესრულებისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს ა. თ-ს მიერ განხორციელებულ აღნიშნული მოქმედების სამართლებრივ აღწერას - საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლიდან სსკ-ის 150-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.

11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახისა და ფორმის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებული ა. თ-ა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. მსჯავრდებულ ა. თ-ს საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 10 ივლისიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე