შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 22.04.2015
საქმის ნომერი
2კ-384აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№384აპ-14 22 აპრილი, 2015 წელი

ფ-ა გ., 384აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. ყ-ს

ადვოკატ – მ. ჭ-ს

მსჯავრდებულ _ გ. ფ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით გ. ფ-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი პირის მიმართ და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 თებერვლის განაჩენით განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევმა გ. ფ-მ 2014 წლის 7 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გ. თ-სა და გ. გ-ს მუცლის არეში დანით განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. ფ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 იანვრიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ფ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ჭ-მ. აპელანტებმა ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ფ-ს გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორები – მსჯავრდებული გ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. გ. ფ-ს განმარტებით, შობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე დალიეს არაყი. ამ დროს ცუდად გახდა ნ. პ-ი, რომელიც გარეთ გაიყვანა. იქ ყოფნისას გაიგო ჩოჩქოლი და კივილი; თვითონ კონფლიქტი და ჩხუბი არავისთან ჰქონია, არც დანა ჰქონდა; გ. თ-სა და გ. გ-ს დაჭრის შესახებ მოგვიანებით გაიგო გამომძიებელ ჯ. ზ-საგან.

8. კასატორთა აზრით, სასამართლომ მოწმეების – ქ. თ-სა და ი. კ-ს ჩვენებები განმარტა დამახინჯებულად; მოწმე ქ. თ-მ თვითონ კი არ დაინახა დაჭრის ფაქტი, არამედ პოლიციის სამმართველოში უთხრეს, რომ მისი შვილი დაჭრა გ. ფ-მ, რომლის ამოცნობა ჩატარდა მეტად უცნაურ ფორმებში – გ. ფ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან მეათე დღეს, ხოლო 8 იანვარს ამოცნობის ჩატარებაზე გ. ფ-მ უარი განაცხადა, რაც დაფიქსირდა ოქმში, რადგან ქ. თ-ს იგი წინასწარ აჩვენეს, ამიტომ ამოცნობის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა; მოწმეები – ზ. ტ-ა, ნ. შ-ე, ბ. წ-ა, მ. ს-ა და მ. კ-ა გ. ფ-ს არ ასახელებენ, რადგან იგი საერთოდ არ უნახავთ, არც ის უნახავთ, თუ რა ვითარებში დაიჭრნენ გ. თ-ა და გ. გ-ა.

9. გ. ფ-ას უდანაშაულობას ადასტურებენ მოწმეები – ა. ფ-ა, ნ. პ-ი და ვ. ქ-ე, ხოლო ბრალდების ერთ-ერთი მოწმე – არასწრულწლოვანი ბ. ც-ა დაკითხულია მშობლისა და ფსიქოლოგის დასწრების გარეშე, მის დაკითხვას ესწრებოდა მხოლოდ პედაგოგი ა. ჩ-ა; მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, ბრალდების მხარე სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი სასამართლოში გამოცხადების ან თუნდაც დისტანციურად დაკითხვისა, რასაც სასამართლოც უყოყმანოდ დაეთანხმა; მოწმე ბ. ც-ზე რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, დასტურდება იმითაც, რომ მისი დაკითხვის დროს შს სამმართველოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკები, რომლებმაც შეამოწმეს მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობა; გამოძიებამ არ მიიღო ზომები ბ. ც-ს, როგორც ბრალდების მთავარი მოწმის, საქართველოს ტერიტორიაზე დასარჩენად; ბრალდებამ და სასამართლომ გაიზიარეს მისი ჩვენების ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი უსაფუძვლოდ უარყვეს; არ დაადგინეს გ. თ-სთან მყოფი პირების ვინაობა, დაზარალებულებმა კი დაადასტურეს, რომ გ. ფ-ს დანა არ ეჭირა.

10. მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს ქიმიური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები, რომელთა თანახმად, გ. ფ-სა და დაზარალებულების ტანსაცმელზე ერთმანეთის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა; დაზარალებულ გ. გ-ს ჩვენებით, მას გ. ფ-ს ხელში დანა არ უნახავს, მასთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია, ხოლო გამოძიებაში ჩვენება მისცა ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედებაში მყოფმა, სწორია სასამართლოში მიცემული ჩვენება; ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა გ. თ-მაც; სწორედ ამის მერე დაიწყო მათზე შურისძიება და პროკურატურამ ორივე დაზარალებული დააკავა.

11. ბრალდების მხარემ შეგნებულად აარიდა თავი სრულყოფილი ექსპერტიზების ჩატარებას, დღემდე დაუდგენელია დანის ფორმა, ორლესური იყო იგი თუ არა, ორივე დაზარალებულს ერთი და იმავე დანით მიაყენეს თუ არა ჭრილობები; გამოძიებამ არ ამოიღო კონფლიქტში ჩართული სხვა პირების – ბ. ც-ს, ნ. პ-სა და ფ-ს ტანსაცმელი; თუკი მათ ტანსაცმელზე აღმოჩნდებოდა დანაშაულის კვალი, მაშინ საქმე სხვაგვარად შეტრიალდებოდა, რადგან გ. ფ-ს ტანსაცმელზე სისხლი ან დანაშაულის მიმანიშნებელი რაიმე კვალი არ აღმოჩნდა.

12. დაზარალებულმა გ. თ-მ სასამართლოს სწორი ჩვენება მისცა 2014 წლის 18 თებერვალს, ამიტომ მას სასამართლოში განმეორებით ვეღარ დაკითხავდნენ; იმავე დღეს ზეწოლის შედეგად ბრალდებამ მისგან მიიღო სასურველი ჩვენება წერილობით, რომელიც სასამართლოში წარადგინეს 28 მაისს და მოითხოვეს მისი მტკიცებულებად ცნობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა; იმავე დღეს გამოქვეყნდა საქმეში არსებული მასალები, რაც ფაქტობრივად მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებას ნიშნავდა, ე.ი. ბრალდების მხარემ 2014 წლის 18 თებერვლიდან 28 მაისამდე გადამალა გ. თ-საგან კანონდარღვევით მიღებული ჩვენება, რათა დაცვის მხარეს იგი ვერ გაექარწყლებინა.

13. 2014 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ. ს-მ იშუამდგომლა მოწმე ბ. ც-ს ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა; მომდევნო – 28 მაისის სხდომაზე პროკურორმა კვლავ წარმოადგინა ანალოგიური შუამდგომლობა, დათარიღებული უკვე 2014 წლის 28 მაისით; სასამართლომ ეს შუამდგომლობაც მიიღო; მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ მისცეს მთავარ მოწმე ბ. ც-ს საქართველოს ტერიტორიის დატოვების საშუალება? მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ. ზ-მ დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე განაცხადა, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება სავალდებულოდ არ მიიჩნია; ამის შემდეგ გამოძიების სრულყოფილად ჩატარებაზე საუბარი ზედმეტია.

14. კასატორები არ ეთანხმებიან პროკურორ ვ. ს-ს დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას, კერძოდ იმას, რომ მოწმე ქ. თ-ს არ მიუცია ჩვენება, რომ მისი შვილი დაჭრა გ. ფ-მ, ასევე იმას, რომ გ. ფ-მ ტანსაცმელი დაიხია დაზარალებულებთან ჩხუბის დროს და რომ, ბ. ც-ს ჩვენებით, მას ხელში სწორედ ის დანა ეჭირა, რომლითაც დაჭრეს გ. თ-ა და გ. გ-ა; დაცვის მხარეს არ ჰქონდა სხვა პირთა ტანსაცმლის ამოღებისა და მათზე ექსპერტიზების ჩატარების უფლება, როგორც ეს პროკურორმა განაცხადა, რადგან გ. ფ-ა ადმინისტრაციულ სახდელს იხდიდა, ხოლო მოწმე ბ. ც-ა 7-8 იანვარს მიიმალა; სააპელაციო სასამართლოს წარედგინა დაზარალებულ გ. თ-ს გამოკითხვის ოქმი, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ გ. ფ-ს ის არ დაუჭრია, და განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა დაკითხვას, რათა ეთქვა სიმართლე, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის არსებითად განხილვისა და გ. თ-ს დაკითხვის შესახებ; შემთხვევის ადგილზე მყოფთა განცხადებით, მათ არ გაუგიათ გ. ფ-ს სახელი, იგი არავის უხსენებია, ხოლო ტაქსის მძღოლ მ. ქ-ს ჩვენებით, გ. ფ-ს ხელში დანა არ დაუნახავს, იგი იჯდა მშვიდად და ჩხუბი ან კონფლიქტი არ უხსენებია.

15. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გ. ფ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე მტკიცებულება, რის გამოც კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის უკანონო განაჩენის გაუქმებას და გ. ფ-ს გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია გ. ფ-ს მიერ გ. თ-სთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, კერძოდ:

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულ გ. თ-ს დედამ - ქ. თ-მ აჩვენა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მის შვილს - გ. თ-ს დაურეკა მანამდე უცნობმა პირმა, რომელსაც გ. თ-მ უპასუხა, რომ ის არ იცნობდა ვინმე გ. ფ-ს და თუ ვინმეს საქმე ჰქონდა, მისულიყვნენ მასთან სახლში; დაახლოებით 19 საათზე მისი შვილი ჩავიდა ეზოში. ქ. თ-ა მას 10 წუთში უკან გაჰყვა, ვინაიდან შეეშინდა ჩხუბი არ მომხდარიყო. რომ ჩავიდა, იყო ჩოჩქოლი და ხმამაღალი ლაპარაკი; ერთი იყო შუახნის კაცი, ჩაფსკვნილი და წვერიანი, დანარჩენები სულ ახალგაზრდა - 16-17 წლის ბიჭები იყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ კარგად დაინახა, თუ როგორ მოუქნია ამ წვერიანმა კაცმა ხელი მის შვილს, რა დროსაც გ-მ იყვირა დამჭრესო; ქ. თ-მ დაადასტურა, რომ გამწარებულმა ხელი გაარტყა და თვალებში ჩახედა იმ კაცს, რომელმაც შვილი დაუჭრა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ფოტოსურათით ამოიცნო გ. ფ-ა.

4. ფოტოსურათით პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 იანვარს ქ. თ-ს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი, რა დროსაც მან ამოიცნო გ. ფ-ა და მიუთითა, რომ სწორედ მან დაჭრა მისი შვილი 2014 წლის 7 იანვარს.

5. დაზარალებულ გ. თ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ბ. ც-ს მისცა გოგოს ტელეფონის ნომერი, რომელსაც იმ გოგოსთან უხსენებია გ. თ-ს სახელი, რის გამოც მან უსაყვედურა ც-ს. 2014 წლის 7 იანვარს დაურეკა უცნობმა პირმა, ესაუბრა გ. ფ-ს სახელით და ჰკითხა, სად შეიძლებოდა მისი ნახვა. გ. თ-მ უთხრა, რომ ის თავის უბანში იმყოფებოდა და შეეძლო იქ მისულიყო; მივიდა ოთხი კაცი, ერთ-ერთი იყო ბ., დანარჩენ სამს არ იცნობდა. სამიდან ერთ-ერთი გამოირჩეოდა ასაკით და წვერით. დაახლოებით სამ წუთში მოვიდა გ. გ-ა. გ. გ-ა და მოსულები ,,ჯიკაობდნენ“; იგი მივიდა გასაშველებლად, რა დროსაც ვიღაცამ მასაც ,,წაუჯიკავა“ და რამდენიმე წუთში იგრძნო, რომ დაჭრილი იყო; მაშინვე გაიქცა სახლის მიმართულებით და ითხოვდა შველას. ამ დროს გ-ც გამორბოდა, რომელიც ასევე დაჭრილი იყო. გ. თ-მ განმარტა, რომ მუცლის ღრუში ჭრილობა ვინ და რა დროს მიაყენა, არ იცის. ის ფაქტი, რომ თურმე გ. ფ-ს დაუჭრია, მოგვიანებით შეიტყო საავადმყოფოში.

6. სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდა მოწმე ბ. ც-ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის დეკემბერში გაიცნო გ. თ-ა და მას სთხოვა გოგოს ტელეფონის ნომერი, რომელთანაც შეძლებდა ახლო მეგობრულ ურთიერთობას. მან მისცა თ-ს ნომერი, რომელსაც დაუკავშირდა ტელეფონით და შემდეგ სახლშიც ეწვია. 2014 წლის 7 იანვარს დაურეკა გ. თ-მ და უსაყვედურა თ-სთან მისი სახელის ხსენების გამო და შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს სოფელ ჭითაწყარში. იმავე საღამოს ის, გ. ფ-ა, ა. ფ-ა და ნ. პ-ი ტაქსით წავიდნენ სოფელ ჭითაწყარში. ავტომანქანაში გ. ფ-ა ხელში ათამაშებდა ჯიბის საკეც დანას, რომელსაც ხან დაკეცავდა ხან კი - გახსნიდა. სხვების ხელში დანა არ უნახავს. მეფრინველეობის ბინებთან შეხვდნენ გ. თ-ს, რომელსაც გ. ფ-ა დაახლოებით 10 წუთს ესაუბრებოდა, რის შემდეგაც ერთმანეთს გაარტყეს ხელი. ჩხუბში თვითონ და გ-ს მეგობრებიც ჩაერთვნენ, რის შემდეგაც ტაქსით დაბრუნდნენ კომბინატში.

7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის ექსპერტიზის №--- დასკვნით გ. თ-ს მიყენებული აქვს ბასრი საგნით შემღწევი ჭრილობა მუცლის ღრუში, მლივი ნაწლავის და ჯორჯლის დაზიანებით; დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

8. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ და სასამართლოში გამოკვლეულ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენზეც, რომლითაც დადგინდა, რომ გ. თ-მ, რომელმაც გამოძიებაში დეტალურად აღწერა და მიუთითა შუახნის წვერიანი მამაკაცის - გ. ფ-ს მიერ მისი დაჭრის ფაქტზე, სასამართლოს გ. ფ-სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით განზრახ მისცა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რომ თითქოს არ იცოდა, ვინ დაჭრა იგი, რის გამოც მას აღნიშნული განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

9. ზემოაღნიშნული უტყუარი და ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებები პალატას საკმარისად მიაჩნია დასკვნისთვის, რომ გ. ფ-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა გ. თ-ს.

10. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თითქოს იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მიუთითებს, რომ გარდა ზემომითითებული მტკიცებულებებისა, გ. ფ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი ასევე დასტურდება მისი თანმხლები პირების - ნ. პ-სა და ა. ფ-ს ჩვენებებით. ასევე მოწმე ვ. ქ-ც დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს მან გ. ფ-ა და სამი ახალგაზრდა თავისი მანქანით წაიყვანა სოფელ ჭითაწყარში.

11. უსაფუძვლოა კასატორის მითითება გამომძიებლის ვალდებულებაზე - მოეპოვებინა რიგი მტკიცებულებები, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში თავად მოეპოვებინა ის მტკიცებულებები, რომელთაც საჭიროდ მიიჩნევდა თავისი პოზიციის დასადასტურებლად.

12. პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ დაზარალებულებზე გამოძიებაში ხორციელდებოდა ზეწოლა, ხოლო მოწმე ქ. თ-ს წინასწარ აჩვენეს გ. ფ-ა და უთხრეს, რომ მან დაჭრა მისი შვილი, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. მეტიც, აღნიშნული ფაქტი უარყო მოწმე ქ. თ-მ; დაზარალებულებმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და მათზე ზეწოლა არავის მოუხდენია. აღნიშნული გარემოება სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ. ზ-ც დაადასტურა.

13. რაც შეეხება გ. ფ-სთვის გ. გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტის ბრალად შერაცხვას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ:

14. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გასაჩივრებული განაჩენი კი გ. გ-სთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა გ. ფ-ს მიერ გ. გ-ს დაჭრის ფაქტზე (თავად დაზარალებულმა გ-ც სასამართლო სხდომაზე უარყო აღნიშნული ფაქტი და მიუთითა, რომ სიმთვრალის გამო არ ახსოვს, თუ ვინ და რა ვითარებში დაჭრა), რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში (გ. გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მსჯავრდებული უნდა გამართლდეს.

15. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება გ. ფ-ს მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების არაერთგზის ჩადენის თაობაზე და მსჯავრდებული ბრალდების ამ ნაწილშიც უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე კანონმდებელს ამგვარი დათქმა არ გაუკეთებია, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის შინაარსი გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 104-ე (1960 წლის რედ.) მუხლით ნასამართლევი გ. ფ-სთვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატამ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში მიიღო გ. ფ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: გ. ფ-ს არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება: იგი ნასამართლევია არაერთი განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის - განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში; პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, მისი მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება და მიიჩნია, რომ სამართლიანი იქნება გ. ფ-სთვის სასჯელის სახით მოცემული მუხლისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმუმის განსაზღვრა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ფ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს გ. გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდში.

4. გ. ფ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (გ. თ-ს ეპიზოდი), რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 17 იანვრიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე