განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#418აპ.-14 ქ. თბილისი
ტ-ი ა.-418ap.-14 8 აპრილი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით ა. ტ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. ა. ტ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრები რ.კ-ი თავისი ცხენით 2009 წლის 5 ნოემბერს იმყოფებოდა სიღნაღის რაიონის სოფელ ხ-ში. სიგარეტის შესაძენად იგი შევიდა იქვე არსებულ ლ. ჭ-ის კუთვნილ მაღაზიაში, ხოლო ცხენი დააბა მაღაზიასთან, რაც დაინახეს სიღნაღის რაიონის სოფელ ხ-ში მცხოვრებმა ა. ტ-მა და მისმა თანასოფლელმა გ. ბ-მა. ა. ტ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ბ-ს და შეთანხმდნენ, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ რ. კ-ის 800 ლარად ღირებულ ცხენსა და 50 ლარად ღირებულ უნაგირს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მივიდნენ რ. კ-ის ცხენთან და აუშვეს, რაც დაინახა რ. კ-მა, მაღაზიიდან გამოვიდა, თავის ცხენს აღვირში წაავლო ხელი და უთხრა მათ, რომ ცხენისთვის თავი დაენებებინათ. ა. ტ-ი და გ. ბ-ი თავს დაესხნენ რ. კ-ს და ხელებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა, თან ემუქრებოდნენ მოკვლით. გ. ბ-მა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გახსნა და რამდენჯერმე მოიქნია რ. კ-ის მიმართულებით. დანის მოქნევაზე რ. კ-ი შეშინდა და დაანება მათ თავი. გ. ბ-ი შეჯდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ცხენზე და ა. ტ-თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული ქმედებისათვის ა. ტ-ს მიესაჯა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ამავე განაჩენით საპროცესო შეთანხმებით მსჯავრი დაედო გ. ბ-ს.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. ტ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ტ-მა და ითხოვა დანიშნული სასჯელის შემცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად. ა. ტ-ს სასჯელის ვადა აეთვალა - 2014 წლის 3 ივნისიდან.
6. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ტ-ი ითხოვს სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია: სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა. ამავე კოდექსის 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ტ-ის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 533-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 473-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულ განხილვას და არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები.
4. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ტ-ის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარიმართა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, კერძოდ: სასამართლომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიიღო მტკიცებულებები და მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო განაჩენის გამოტანის დროს იხელმძღვანელა ახალი სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის მოქმედი რედაქციის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით... ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რითაც არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნა.
5. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი ა. ტ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენით, რა დროსაც საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უნდა იმსჯელოს მსჯავრდებულისათვის დასანიშნი სასჯელის სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი ა. ტ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
3.საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი