შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.06.2015
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №7აპ-15 ქ. თბილისი

ბ-ი ო, 7აპ-15 12 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორების - ლ. ზ-ს, მ. ბ-ს, ო. მ-ს

მსჯავრდებულ - ო. ბ-ს

ადვოკატ - გ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით ო. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. ნივთმტკიცება - DVD დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

3. განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქალაქ კ-ი, თ-ს ქუჩაზე, ო. ბ-ა შპს „მ-ს“ ოპერატორ გ. ხ-ს გასტაცა ტელეკომპანიის კუთვნილი, 4621 ლარად ღირებული ვიდეოკამერა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა მას.

4. მსჯავრდებული ო. ბ-ი დააკავეს 2014 წლის 3 აპრილს.

5. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ო. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 154–ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

6. ო. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 154–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ო. ბ-ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი.

7. ნივთმტკიცება - DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. ო. ბ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

9. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

10. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა - ლ. ზ-მ, მ. ბ-ა და ო. მ-ა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები. მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.

11. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ო. ბ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის კანონიერება, საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა და შეაჯერა ისინი ერთმანეთთან, თუმცა განაჩენში ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვნებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

3. სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ, მსჯავრდებულ ო. ბ-ს ჩვენებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძასთან - ა. კ-ნ ერთად მანქანით იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც უთხრეს, რომ საარჩევნო უბანზე იყო კამათი. ვინაიდან მისი ბიძის მეუღლე ამ უბანზე იყო დამკვირვებელი, გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ და გაერკვიათ, რა ხდებოდა. -ე საარჩევნო უბანზე მისვლისთანავე მათ დაუწყეს გინება, თუ რატომ მივიდნენ იქ. მას აინტერესებდა გაეგო, ბიცოლას ხომ არაფერი ემუქრებოდა. როდესაც დარწმუნდა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, გამოტრიალდა უკან. ამ დროს ვიღაც პიროვნება მათი მანქანისკენ გარბოდა და ჟურნალისტები მისდევდნენ. იძახდნენ, რატომ ახორციელებთ ზეწოლას, რომ ხალხი მოვიდეს და ბიულეტენები ჩაყარონო. ეს ჟურნალისტი იყო ქ. წ-ა. უცნობი პიროვნება ჩაჯდა ბიძამისის მანქანაში. შემდეგ ჟურნალისტები მოვიდნენ და მათ იღებდნენ ვიდეოკამერით. ბიძამისმა რამდენჯერმე უთხრა, რომ არ გადაეღოთ, თავადაც ჟურნალისტებს ორჯერ გაუმეორა, რომ არ გადაეღოთ. აღნიშნულ ინციდენტს თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქ. წ-მ მიმართა მაშინდელი პოლიციის უფროსს - მ. ბ-ს, რომ იქ სისხლის სამართლის დანაშაული იყო მომხდარი და გამოძიებით იმუქრებოდა. მსჯავრდებულის ჩვენებით, ამ ყველაფერმა მასზე იმოქმედა. ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი. ეს რომ გაიგო, დაინტერესდა, ოპერატორს გამოსტაცა კამერა და გაიქცა. სახლში მისვლის დროს ნახა კამერა, რადგან აინტერესებდა, ჩაწერილი იყო თუ არა მათი გინება. მასალის ნახვის შემდეგ, მეორე დღეს, კამერა დააბრუნა ხელუხლებელი. მას არ სურდა კამერის მისაკუთრება. ეს იქედან ჩანს, რომ როცა სახლში მივიდა და ნახა კამერაში არსებული მასალა, დაურეკა მძღოლს - გ. ბ-ს და სთხოვა ქ. წ-ს ნომერი, რათა კამერა დაებრუნებინა. გ-მ უთხრა, რომ ისინი თბილისში იყვნენ წასულები და ვერ მოახერხებდა დაბრუნებას. მსჯავრდებულის ჩვენებით, მან მის დეიდაშვილს გამოართვა ქ. წ-ს ნომერი და თვითონ გადაურეკა მასაც და გ-ც, თან უთხრა, რომ არაფერი ჰქონდა წაშლილი და სურდა ვიდეოკამერის დაბრუნება. მეორე დღეს დაურეკა ქ. წ-ს და ბოდიში მოუხადა. მცირეწლოვან ბავშვს სთხოვა, რომ მიეტანა კამერა ქ. წ-ს სახლში. ბავშვმა ქ. წ-ს გადასცა კამერა. მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არა - ძარცვა. კამერის გაყიდვა რომ სდომოდა, ალბათ, ვერავინ შეუშლიდა ხელს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწის სახით დაკითხული ა. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის ოპერატორად მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ი’’. 2012 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 5:00 საათზე, N-ე საარჩევნო უბანზე გავიდნენ. მათ თან ახლდა ასევე ჟურნალისტი ქ. წ-ა. ჩაწერეს გ. მ-ი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიჭირეს, რადგან გასაყალბებელი ბიულეტენები ეჭირა. კ-ს N-ე საარჩევნო უბანზე შენობაში ყოფნის დროს ხმაური შემოესმათ და ეზოს გარეთ გავიდნენ. კ-ი მცხოვრებ ,,თათარ ქალს“, სახელად ნ-ს (რომლის გვარი არ ახსოვს) იღებდნენ, რა დროსაც ,,ი-ს’’ მეორე ოპერატორის - გ. ხ-ს კუთვნილი კამერა გაიტაცეს. მოწმის ჩვენებით, საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ს’’ კუთვნილი კამერა გაიტაცა ო. ბ-ა და გაიქცა. ეს პიროვნება მაშინ დაინახა, როცა თავის კამერაში ნახა გადაღებული მასალები. შემდეგ უთხრეს, რომ კამერის გამტაცებელი პირი იყო ო. ბ-ი. მეორე დღეს ქ. წ-ა და გ. ხ-ს ვიღაც ბავშვმა მიუტანა კამერა. ყველა მასალა ხელშეუხებელი იყო და არც კამერა იყო დაზიანებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ქ. წ-ს გადმოცემით, ო. ბ-ა ვიდეოკამერა გაიტაცა იმ მიზნით, რომ აინტერესებდა, მისი გინება იყო თუ არა ჩაწერილი. მოწმის ჩვენებით, მას უშუალოდ კამერის წართმევის მომენტი არ დაუნახავს. მოგვიანებით მის კამერაში ნახა კამერის წართმევის მომენტი. კამერის წართმევამდე ო. ბ-ს გ. ხ-ს ხელი არ გაურტყამს და არც დამუქრებია. უცებ გამოსტაცა კამერა და გაიქცა. მოწმის განმარტებით, ო. ბ-ს კამერის მისაკუთრების მიზანი რომ ჰქონოდა, სურვილის შემთხვევაში იგი შეძლებდა კამერის 1000 დოლარად გაყიდვას, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

5. მოწმე გ. ბ-ს სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის საინფორმაციო სააგენტო „ი-ი“ მუშაობდა მძღოლად. 2012 წლის 1 ოქტომბერს, 4-5 საათის შუალედში, ოფისში ინფორმაცია შევიდა, რომ კ-ს N-ე საარჩევნო უბანზე რაღაც იგეგმებოდა, რის გამოც იქ წავიდა. როდესაც საარჩევნო უბანზე მივიდა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, გვარად მ-ი, რომელსაც ბიულეტენები ამოუღეს წელის არედან. ის პიროვნება აცხადებდა, რომ არ იცოდა, იქ რისთვის იყო და რა უნდოდა. ინტერვიუს ,,ი-ს“ ჟურნალისტები წერდნენ. უცებ ატყდა ხმაური. ,,ეთნიკურად თათარი ქალი ნ-ა“, რომლის გვარი არ იცის, შეხლა-შემოხლაში იყო ჩართული, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ეჩხუბებოდა. ამ დროს შემოვიდა თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ო. ბ-ი იჯდა. ორივე ოპერატორი ქალბატონ ნ-ს უღებდა და ერთ-ერთმა ოპერატორმა, გ. ხ-ა, მანქანის მიმართულებით დაიწყო გადაღება; ალბათ, გადაღება არ ესიამოვნათ და ო. ბ-ა და ბიძამისის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები გაისმა, დადეთ კამერა, ნუ გვიღებთო. ო. ბ-ი ჟურნალისტს აგინებდა, ნუ მიღებთო. ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ამ ქალბატონზე გადავიდა ყურადღება. ამ დროს მთელი პოლიცია, მაშინდელი პოლიციის უფროსი ბ-ი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი სამმართველოს უფროსი გ. გ-ი მოვიდნენ. ასევე იქ იმყოფებოდა ლ. ბ-ც, რომელმაც ის გამოძიებისას დაკითხა. პოლიციელების ათკაციანი ჯგუფი იდგა, ამ ჯგუფში შევიდა ო. ბ-ი და გაიქცა. ო-ს მისცეს საშუალება, ჩამჯდარიყო მანქანაში და წასულიყო. მოწმის ჩვენებით, ო. ბ-ი მაშინ დაინახა, როცა უკვე მანქანაში ჯდებოდა. ო-ი წავიდა და წაიღო კამერა. მეორე დღეს ო-ა პირველად მას დაურეკა და სთხოვა ქ. წ-ნ დაკავშირება, რათა დაებრუნებინა კამერა. მან ასევე უთხრა, რომ კამერა წაიღო იმ მიზნით, რათა ენახა, ხომ არ იყო გადაღებული მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები. მოწმე გ. ბ-ს განმარტებით, მან ო. ბ-ი დააკავშირა ქ. წ-ს, რომელმაც ჩაიბარა ვიდეოკამერა. კამერის ღირებულება იყო 3500-4000 დოლარამდე და ო. ბ-ს რომ მოენდომებინა, შეძლებდა მის გაყიდვას.

6. სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ. წ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 30 დეკემბრამდე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ს’’ კ-ს ბიუროს ჟურნალისტად. 2012 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 5:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ს’’ მეშვეობით თბილისიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ კ-ს №-ე საარჩევნო უბანზე ხდებოდა გაყალბება. ორი ეკიპაჟი წავიდა ინფორმაციის გადასამოწმებლად და გადასაღებად. როდესაც საარჩევნო უბნის შესასვლელთან მივიდნენ, დახვდათ კავთისხევში მცხოვრები პიროვნება (სახელი და გვარი ზუსტად არ ახსოვს), რომელსაც ეკავა თხუთმეტამდე გაყალბებული ბიულეტენი, სადაც 5 ნომერი იყო შემოხაზული. მათ დაიწყეს სინქრონების ჩაწერა. მისი ოპერატორი იყო ა. მ-ე, მეორე ოპერატორი კი - გ. ხ-ი. გადაღების პროცესში საარჩევნო უბნის გარეთ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის გამოც გარეთ გავიდნენ. მ. ა-ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ მეორე ოპერატორს - გ. ხ-ს. მ. ა-ნ ერთად იმყოფებოდნენ გ. ჩ-ი, ა. ბ-ი და ო. ბ-ი. მ. ა-ს ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა იგი მათ შეურაცხყოფას, რაზეც მან პასუხი არ გასცა და გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მიკროფონის წართმევა სცადა და შემდეგ გაიქცა. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთ მოქალაქეს წერდნენ. წინ იღებდა ოპერატორი ა. მ-ე, უკან განვითარებულ პროცესებს კი - მეორე ოპერატორი გ. ხ-ი, რომელსაც ამ დროს ო. ბ-ა კამერა გასტაცა. მოწმის ჩვენებით, საარჩევნო უბანზე გადაღების მიმდინარეობისას მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უშლიდნენ ხელს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში. ო. ბ-ა კამერა წაიღო საარჩევნო უბანზე არსებული სიტუაციის გაყალბების დამალვის მიზნით. კამერას ფიზიკურად ვერ გაყიდდა, რადგან ის იბლოკება ექვს საათში ერთხელ და გასახსნელად კოდის ცოდნაა საჭირო. მოწმის ჩვენებით, ო. ბ-ა კამერის გატაცებით მას, როგორც ჟურნალისტს, 5-6 საათით ხელი შეუშალა მუშაობაში, რადგან ვერ გადააგზავნეს სიუჟეტის სრული ვერსია. ქ. წ-ს განმარტებით, კამერა წარმოადგენდა საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ს’’ საკუთრებას და მისი ღირებულებაა დაახლოებით 4000 ლარი. კამერის წაღების შემდეგ ეს პიროვნებები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ,,ი-ს’’ ჟურნალისტს და ოპერატორებს, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ო. ბ-ნ ინტერვიუ არ აუღიათ, იღებდნენ მხოლოდ განვითარებულ პროცესებს, რაც იქ ხდებოდა. კადრებში მოხვედრილი იყო ო. ბ-ც. კამერა სად წაიღეს, მისთვის უცნობია, მაგრამ მეორე დღეს დაახლოებით 15 წლის ბიჭმა მას სახლში მიუტანა კამერა სრულიად უვნებელი, მასალაც იყო ხელუხლებელი. ო. ბ-ი დაუკავშირდა ერთხელ - კამერის დაბრუნების შემდეგ და ბოდიში მოიხადა ჩადენილი საქციელისთვის.

7. მოწმე ქ. წ-მ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს, 13 საათსა და 20 წუთზე, ,,ი-ს’’ ეთერში გავიდა მისი და ა. მ-ს სიუჟეტი, რომ კ-ს N-ე საარჩევნო უბანზე ,,ი-ს’’ გადამღებმა ჯგუფმა წინასწარ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები დააფიქსირა. ეს ბიულეტენები ერთ-ერთ მოქალაქეს - გ. მ-ს ვინმე ბ. ზ-მ გადასცა და საარჩევნო ყუთში ჩაყრა დაავალა. ამ ფაქტის დაფიქსირების გამო ,,ი-ს’’ წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორ გ. ხ-ს კამერა წაართვეს. ხსენებული სატელევიზიო სიუჟეტის შინაარსის მიხედვით, ვიდეოკამერის გ. ხ-ს წართმევის მიზეზად დასახელდა ყალბი ბიულეტენების მ-ს ჩამორთმევის ფაქტი, რაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ინტერესებში არ შედიოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 1 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გ. ხ-ნ ერთად წავიდა თბილისში ,,ი-ს’’ ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელობა ქალაქ კ-ს N-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

8. სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ. ხ-ი, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მუშაობდა ,,ი-ს’’ ტელე-ოპერატორად. 2012 წლის 1 ოქტომბერს მ. ბ-მ დარეკა და მოითხოვა მისულიყვნენ კ-ს N-ე საარჩევნო უბანზე. მითითებულ საარჩევნო უბანზე მივიდა ჟურნალისტ ქ. წ-ა და მძღოლ გ. ბ-ნ ერთად, სადაც დახვდათ არეულობა და ქაოსი. მის გარდა იქ იმყოფებოდა ასევე მეორე ოპერატორი ა. მ-ე. როდესაც უბანზე მივიდა, დაიწყო სიტუაციის აღბეჭდვა ფირზე, რა დროსაც რამდენიმე ბიჭმა, მათ შორის ო. ბ-ც, მიაყენა შეურაცხყოფა, დაიწყეს გინება, ყვიროდნენ, კამერა გაწიეთ, ნუ იღებთო. მიუხედავად ამისა, იგი მაინც განაგრძობდა გადაღებას. შემდეგ ჟურნალისტმა იკითხა, რა ხდებოდა, ცდილობდა გაერკვია სიტუაცია. ამ დროს ქალი გამოვიდა და დაიწყეს მისი გადაღება, რა დროსაც ო. ბ-ა გამოსტაცა კამერა და გაიქცა. მას გაეკიდა თავადაც, მეორე ოპერატორიც, ჟურნალისტიც, დაახლოებით ოცი ადამიანი, მაგრამ ვერ დაეწივნენ, რადგან გამტაცებელი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. კამერის გატაცების პროცესს იღებდა ა. მ-ე. იმ დროს არ იცოდა, ვინ იყო გამტაცებელი, მოგვიანებით გაიგო მისი ვინაობა. შემდეგ დარეკა ,,ი-ი’’ დირექტორთან და უთხრა, რომ კამერა წაართვეს. მეორე დღეს კი უცნობმა ბავშვმა მოიტანა კამერა.

9. მოწმის ჩვენებით, როდესაც ო. ბ-ა კამერა წაართვა, ფიზიკურად საერთოდ არ შეხებია. მოწმემ აღნიშნა, რომ კამერის გატაცების მიზეზი გახდა ყალბი ბიულეტენების გადაღების ფაქტი. ო. ბ-ს თავიდანვე შეეძლო კამერის გატაცება, ვიდრე იგი გაფრთხილებას და შემდეგ გინებას დაუწყებდა. ო. ბ-ა კამერა მას შემდეგ წაართვა, რაც მისი გადაღება არ შეწყვიტა.

10. გარდა ზემოაღნიშნულისა, ო. ბ-ს მიერ ვიდეოკამერის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა და შემდეგ ამ ვიდეოკამერისა და “დვდ“ დისკის უკან დაბრუნების ფაქტი დადასტურებულია ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: ი. მ-ს, ხ. ყ-ს, ნ. ო-ს, გ. გ-ს, თ. მ-ს, ა. კ-ს, დ. ბ-ს, ლ. ნ-ს, გ. მ-ს, დ. ჭ-ს, მ. ა-ს, ნ. ე-ს, ზ. წ-ს, გ. ბ-ს, ი. ბ-ს, ტ. ქ-ს, მ. გ-ს, ა. რ-ს, ვ. ტ-ს, ლ. ბ-ს, მ.ზ ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ხ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოკამერისა და „დვდ“ დისკის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით.

11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ კ-ი, თავისუფლების ქუჩაზე, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები და ოპერატორები ცდილობდნენ, არჩევნების დროს განვითარებული მოვლენების გადაღებას, კადრში მოხვდა ო. ბ-ც, რაზეც მან და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და ეუბნებოდნენ, აღარ გადაეღოთ მათთვის ვიდეოკამერით. თავად ო. ბ-ა ორჯერ უთხრა ოპერატორს, რომ არ გადაეღო. მას შემდეგ, რაც ოპერატორმა გააგრძელა მისი გადაღება, ხოლო ჟურნალისტი ქ. წ-ა სამართალდამცავებს ეუბნებოდა, რომ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, მსჯავრდებულმა ო. ბ-ა გადაწყვიტა, ოპერატორისთვის წაერთმია კამერა, რათა მისი გადაღება შეჩერებულიყო და ამასთან, აინტერესებდა, ხომ არ იყო მისი გინება დაფიქსირებული ვიდეოკამერაში ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ამსახველი კადრები. მან ოპერატორ გ. ხ-ს წაართვა კამერა და გაიქცა. ხოლო მას შემდეგ, რაც დაათვალიერა ვიდეოკამერაში აღბეჭდილი მასალა, რომელიც მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, დაუბრუნა იგი ჟურნალისტ ქ. წ-ს.

12. საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ო. ბ-ს ქმედებაში არ არის ძარცვის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უკანონოა, მაგრამ პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით ო. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ო. ბ-ს ქმედება მოიცავს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობის ნიშნებს.

13. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება, 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ო. ბ-ა შპს „მ-ს“ ოპერატორ გ. ხ-ს აშკარად გასტაცა ვიდეოკამერა, მაგრამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დასტურდება, რომ მას არ ამოძრავებდა ვიდეოკამერის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. თვით მსჯავრდებულ ო. ბ-ს, ასევე ჟურნალისტ ქ. წ-ს, ოპერატორების - გ. ხ-ს, ა. მ-ს, მოწმე გ. ბ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, იღებდნენ სიუჟეტს, რა დროსაც ო. ბ-ს თანმხლები პირი - მ. ა-ი ცდილობდა ჟურნალისტისათვის მიკროფონის წართმევას. ვიდეოკამერის წართმევას წინ უსწრებდა ო. ბ-ს გინება და შეძახილი ,,ნუ მიღებთ“, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპერატორმა კვლავ გააგრძელა თავისი პროფესიული საქმიანობა -განაგრძო გადაღება, ო. ბ-ა ვიდეოკამერა წაართვა ოპერატორ გ. ხ-ს. მოწმეებმა დეტალურად აღწერეს, თუ რა გარემოებებში გაიტაცა ო. ბ-ა ვიდეოკამერა და შემდეგ დააბრუნა, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში ვიდეოკამერის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას.

15. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული ო. ბ-ი არის ჟურნალისტ ქ. წ-ს თანაკლასელი, იქ მყოფი ყველა პირი მას კარგად იცნობდა, იქვე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ამასთან, საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზით - რომ მას ოპერატორისათვის ვიდეოკამერის წართმევის მომენტში ამოძრავებდა მხოლოდ ის მოტივი, რომ ოპერატორს შეეწყვიტა მისი გადაღება და მას ენახა, თუ რა იყო ჩაწერილი ვიდეოკამერაში, შემდეგ ვიდეოკამერის შემოწმება და თავისი ნებით დაბრუნება ჟურნალისტისათვის - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველგვარ დამაჯერებლობას არის მოკლებული ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში ო. ბ-ი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის განზრახვაში არ იკვეთება ვიდეოკამერის მისაკუთრების მიზანი. ამ აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშნის გარეშე მსჯავრდებულის ქმედებაში არ შეიძლება არსებობდეს და არც არსებობს ძარცვის შემადგენლობა.

16. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ მტკიცდება ის ფაქტი, რომ ო. ბ-ი ვიდეოკამერის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მომენტში მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რის გამოც პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით ო. ბ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არასწორია. ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, სისხლის სამართლის წესით აკრძალულ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავის შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.

18. ბრალდების დადგენილების მიხედვით, ო. ბ-ს ბრალი ედება მხოლოდ იმაში, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ კ-ი, თ-ს ქუჩაზე, შპს „მ-ს“ ოპერატორ გ. ხ-ს გასტაცა ტელეკომპანიის კუთვნილი, 4621 ლარად ღირებული ვიდეოკამერა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა მას.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატა გასცდა ბრალდების ფარგლებს, როდესაც იმსჯელა ო. ბ-ს ქმედებაში სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობაზე და ამ მუხლით დააკვალიფიცირა მისი ქმედება. ბრალდება არ ედავება ო. ბ-ს, რომ მან აღნიშნული მოქმედებით ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში და, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ამ მიმართებით იმსჯელოს, იყო თუ არა ო. ბ-ს ქმედებაში სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც.

20. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როდესაც მსჯავრდებული ო. ბ-ი დაეუფლა გ. ხ-ს კუთვნილ ვიდეოკამერას მისი ნების საწინააღმდეგოდ, რითაც დაზარალებულ მხარეს აღარ მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი პროფესიული საქმიანობა, ესარგებლა ვიდეოკამერით, გაეგრძელებინა გადაღება, ხოლო შემდეგ არჩევნების დროს განვითარებული მოვლენების ამსახველი მასალა სიუჟეტის სახით დროულად გასულიყო ეთერში, აღნიშნული ქმედებით ო. ბ-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

21. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გარდა ერთი გარემოებისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ო. ბ-ს არ ჰქონდა ვიდეოკამერის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაზეც ზემოთ იმსჯელა საკასაციო პალატამ.

23. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თვითნებობა არის ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

24. თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, ო. ბ-ს ქმედებაში არის თვითნებობის დანაშაულის ნიშნები. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ იმ დროს, როდესაც ოპერატორი ახორციელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას და უღებდა ო. ბ-ს, ეს უკანასკნელი ამაზე გაბრაზდა, შეაგინა ოპერატორს და რამდენჯერმე მოსთხოვა, შეეწყვიტა მისი გადაღება. ასევე, ამ ფაქტს თან ერთვოდა ისიც, რომ ო. ბ-ი აგინებდა ჟურნალისტებს. ამ დროს მოვიდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ოპერატორმა გააგრძელა მისი გადაღება, ხოლო ჟურნალისტი ქ. წ-ა სამართალდამცავებს ეუბნებოდა, რომ ,,ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს“. მსჯავრდებულმა ო. ბ-ა გადაწყვიტა, ოპერატორისთვის წაერთმია კამერა, რათა მისი გადაღება შეჩერებულიყო და ამასთან, მას აინტერესებდა, ხომ არ იყო მისი გინება დაფიქსირებული ვიდეოკამერაში, ან სხვა რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ამსახველი კადრები. მან ოპერატორ გ. ხ-ს წაართვა კამერა და გაიქცა კადრების სანახავად, ხოლო მას შემდეგ, რაც დაათვალიერა ვიდეოკამერაში აღბეჭდილი მასალა, რომელიც მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, დაუკავშირდა ჟურნალისტის მძღოლს და გაიგო, რომ ჟუნალისტი და ოპერატორი უკვე თბილისში იყვნენ წასულები, შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა ჟურნალისტს და უთხრა, რომ დაუზიანებლად დაუბრუნებდა ვიდეოკამერას, რაც მეორე დღეს დაუბრუნა ჟურნალისტ ქ. წ-ს.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ დროს, როდესაც ოპერატორი ასრულებდა თავის პროფესიულ საქმიანობას და უღებდა ო. ბ-ს, მან შეცდომით ჩათვალა, რომ ოპერატორს მისი გადაღების უფლება არ ჰქონდა თანხმობის გარეშე და მოსთხოვა, შეეწყვიტა მისი გადაღება. ხოლო მას შემდეგ, რაც ოპერატორმა მაინც გააგრძელა მისი გადაღება, მიუხედავად მისი მხრიდან რამდენჯერმე მოთხოვნისა, მან გადაწყვიტა, თვითონ მოეხდინა მის მიერ შეცდომით დაგულვებული უფლების აღდგენა, რეალიზება და წაართვა ოპერატორს ვიდეოკამერა, რათა მისი გადაღება შეწყვეტილიყო და ამასთან, ენახა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მანამდე რა გადაიღო ოპერატორმა, ხომ არ იყო ვიდეოკამერაში დაფიქსირებული ისეთი კადრები, რაც მას პრობლემებს შეუქმნიდა. აღნიშნული მოქმედებით ო. ბ-ა უგულებელყო კანონით დადგენილი წესი, რომ პირს, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში აქვს ნივთი და ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, უფლება ჰქონდა ნებაყოფლობით შეეწყვიტა მისი გადაღება, თუ ამას თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ო. ბ-ა დაზარალებულ მხარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, არჩევნების დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, დაზარალებულ მხარეს აღარ მიეცა საშუალება, განეხორციელებინა ჟურნალისტული პროფესიული საქმიანობა, ესარგებლა ვიდეოკამერით, გაეგრძელებინა საჭიროებისამებრ ვიდეოკამერის საშუალებით გადაღება, ხოლო შემდეგ გადაღებული მასალა სიუჟეტის სახით დროულად გასულიყო ეთერში. აღნიშნული ქმედებით ო. ბ-ს ქმედებაში იკვეთება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობის ნიშნები.

27. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე ო. ბ-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო. ბ-ა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

28. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ო. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას. ო. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

29. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და მიაჩნია, რომ ო. ბ-ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და ბოლოს, სასჯელმა უნდა შეამციროს მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

30. პალატის შეფასებით, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რათა სასჯელი იყოს სამართლიანი. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების დაცვის აუცილებლობიდან და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ბ-ს დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, რაც მას უნდა შუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

31. ამავე დროს პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ო. ბ-ა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2012 წლის 1 ოქტომბერს. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ო. ბ-ს მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, ვინაიდან მას ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

32. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ო. ბ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

ო. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 154–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ო. ბ-ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი