საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.12.2015
საქმის ნომერი
2კ-311აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №311აპ-15 თბილისი

გ-ე კ, 311აპ-15 01 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განაჩენით კ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1971-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

2. ამავე განაჩენით: მ. წ-ი, გ. მ-ე, და ჯ. ბ-ე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯათ თითოეულს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, თითოეულს ასევე - 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. მსჯავრდებულებს: კ. გ-ეს, მ. წ-ს, გ. მ-სა და ჯ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2004 წლის 27 ნოემბრიდან იმავე წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

9. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

10. მსჯავრდებულ კ. გ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1971-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ხოლო მსჯავრდებულების - მ. წ-ის, გ. მ-სა და ჯ. ბ-სათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

11. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე