საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.02.2016
საქმის ნომერი
2კ-487აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №487აპ-15 ქ. თბილისი

მ-ე ე, 487აპ-15 3 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

ე. მ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ე. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით ჩაემოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ე. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 31 მარტიდან.

გ. ნ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლის ვადით, ”ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვის ვადით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლის ვადით, ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვის ვადით. გ. ნ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 31 მარტიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ე. მ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი