განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №55აგ-15 1 დეკემბერი, 2015 წელი
ჩ-ე რ.- 55აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით რ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ (დაუსწრებლად) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4.000 ლარი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 11 მაისს მსჯავრდებულ რ. ჩ-ის ადვოკატმა ი. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენის (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ და ,,ზ“ პუნქტებით გადასინჯვის თაობაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2006 წლის „...-ის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 14 ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ნ. კ-ეს. ადვოკატმა შუამდგომლობას დაურთო ასევე რ. მ-ის, ქ. უ-ისა და ნ. კ-ის 2015 წლის 5 მაისის გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: ე. ჯ-ის მიერ აჭარის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სამოქალაქო სარჩელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, 2005 წლის 3 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 7 მაისს და 2005 წლის 31 იანვარს გაცემული ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ ე. ჯ-ის სახელზე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული შპს „...-ო“ და სპს „...-ა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1997–1998 წლებში და არც მას შემდეგ ოქროს ნივთები არ ყოფილა მის გამგებლობაში და შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განაჩენი დაფუძნებულია ე.წ. დაზარალებულ ე. ჯ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო და არსებითად განსხვავებულ, არადამაჯერებელ ჩვენებებზე, რომლებიც გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ირიბი მტკიცებულებებით და რომლებიც ასევე ეწინააღმდეგება დაზარალებულ ე. ჯ-ის ჩვენებებს. ამდენად, რ. ჩ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც გახდა კიდეც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითებს „...-ის“ 2006 წლის 3 ოქტომბრის №... დასკვნასა (რომლის თანახმად, 14 ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ნ. კ-ეს) და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ირიბ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჩ-ის ადვოკატის - ი. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა ი. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის უკანონო განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ და ,,ზ“ პუნქტებით შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საქმის მასალებით ცნობილია, რომ კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ და „ზ“ პუნქტების საფუძველზე, შესაბამისად, შუამდგომლობა ემყარება განაჩენის გადასინჯვის ორ სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მცდელობა, ბრალდება გაექარწყლებინა მათ მიერ წარმოდგენილი „...-ის“ 2006 წლის 3 ოქტომბრის №... ექსპერტიზის დასკვნით (რომლის ჩატარება დაცვის მხარეს უფრო ადრეც შეეძლო), ვერ იქნება მიჩნეული ისეთ ახალ მტკიცებულებად, რომელიც განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდება.
შუამდგომლობაში მითითებულ, 2015 წლის 26 აპრილის - რ. მ-ის, 2015 წლის 5 მაისის - ქ. უ-ისა და ნ. კ-ის გამოკითხვის ოქმებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განაჩენის მიხედვით, რ. ჩ-ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დადგენილია აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ არის დადგენილი, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები ყალბია ან კანონის დარღვევით არის მოპოვებული, რაც სსსკ–ის 310–ე მუხლის თანახმად, ამ საფუძვლით განაჩენის გადასინჯვის აუცილებელი წინაპირობაა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებისა და სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტით განაჩენის გადასასინჯად სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან დგინდება, სააპელაციო სასამართლოს ამაზე საერთოდ არ უმსჯელია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გარდა სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტისა, სამართლებრივად სწორად შეაფასა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და საქმე უნდა დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტით რ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტით განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ნაწილობრივ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტით მსჯავრდებულ რ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. შ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტით განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი