საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №570აპ-15 თბილისი
დ-ი ე., 570აპ-15 28 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. დ-სა და მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
· ე. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 14 მაისიდან;
· ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 14 მაისიდან;
· ლ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 14 მაისიდან;
· თ. ძ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
5. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
6. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
7. მსჯავრდებულების - ე. დ-ს, ვ. ხ-სა და ლ. თ-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
8. ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. დ-სა და მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
საქმე №570აპ-15 თბილისი
დ-ი ე., 570აპ-15 23 მაისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 28 აპრილს მსჯავრდებულების - ე. დ-ს, ვ. ხ-ს, ლ. თ-სა და თ. ძ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 28 აპრილს მსჯავრდებულების - ე. დ-ს, ვ. ხ-ს, ლ. თ-სა და თ. ძ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-სა და მსჯავრდებულ ე. დ-ს საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით, დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ე. დ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს კი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქმეში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ე. დ-ს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს კი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას და მიაჩნია, რომ იგი უნდა აღმოიფხვრას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინების აღწერილობით ნაწილში მსჯავრდებულ ე. დ-სათვის განსაზღვრულ სასჯელად, ნაცვლად 5 წლისა, უნდა მიეთითოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ ვ. ხ-სათვის განსაზღვრულ სასჯელად, ნაცვლად 6 წლისა, უნდა მიეთითოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებული უზუსტობა: მსჯავრდებულ ე. დ-სათვის განსაზღვრულ სასჯელად მიეთითოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ ვ. ხ-სათვის განსაზღვრულ სასჯელად - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე