საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №575აპ-15 ქ. თბილისი
ი-ი დ., 575აპ-15 26 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორის – გ. დ-ს, მსჯავრდებულ ს. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ს, ასევე – მსჯავრდებულ დ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ლ-ს, გ. ყ-სა და ტ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: დ. ი-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 7 თვით, მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 6 თვით, ხოლო 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 3-3 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით დ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 25 აპრილიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 19 აპრილიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით; დ. ი-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით და 1 წლით ჩამოერთვა პროფესიული საქმიანობის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით ა. ი-ს სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას AUDI-A4, სახელმწიფო №..., საიდენტიფიკაციო №(VIN) ... მოეხსნა ყადაღა.
ს. ყ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით; გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ს. ყ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე – მცხეთა, ლისი, ...-ის ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდი – ...) დადებული ყადაღა მოიხსნა.
ამავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორ გ. დ-ს, ბრალდებულ დ. პ-სა და ადვოკატ დ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. პ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, 7 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 8 ივლისიდან.
დ. პ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება: დ. პ-ს სახელზე რეგისტრირებული, თბილისში, ... ქ. №..-ში მდებარე ..-ე ბინა (საკადასტრო კოდი ...), ი. პ-ს სახელზე რეგისტრირებული, თბილისში, ... ქ. №...-ში მდებარე მე-.. ბინა (საკადასტრო კოდი ...) და ვ. ჭ-ს სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „JAGUAR X TYPE“, სახელმწიფო №..., საიდენტიფიკაციო №(VIN) ... .
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისისა და იმავე წლის 16 ივლისის განჩინებებით ქონებაზე დადებული ყადაღა და დ. პ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას (მდებარე – თბილისში, ... ქ. №.., ბინა .., საკადასტრო კოდი ...), ი. პ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას (მდებარე – თბილისში, ... ქ. №..., ბინა .., საკადასტრო კოდი ...) და ვ. ჭ-ს სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას „JAGUAR X TYPE“, სახელმწიფო №..., საიდენტიფიკაციო №(VIN) ... მოეხსნა ყადაღა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დ. ი-სა და ს. ყ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ დ. ი-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), ხოლო ს. ყ-სათვის – სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორის – გ. დ-ს, მსჯავრდებულ ს. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ს, ასევე – მსჯავრდებულ დ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ლ-ს, გ. ყ-სა და ტ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე