განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №64აპ-16 28 ივნისი, 2016 წელი
მ-ე რ., 64აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით რ. მ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა რ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილ - ე. მ-ს (პ/ნ .....), ვ. მ-ს (პ/ნ .....), მ. მ-ს (პ/ნ .....), მ. მ-ს (პ/ნ .....), ო. მ-ს (პ/ნ .....), ო. მ-სა (პ/ნ .....) და რ. მ-ს (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ....., ..... ქუჩის №.....–ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი - .....) უნდა მოეხსნას ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში; ასევე უნდა გაუქმდეს რ. მ-ს მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოძიების ორგანოში ჩაბარებისა და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში ორ კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 DVD–R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
2. აღნიშნული განაჩენით რ. მ-ეს მსჯავრი დაედო მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლაში, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში, კერძოდ:
2015 წლის 25 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ი. ჭ-სა და გ. ჭ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა რ. მ-ემ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებმა ბოლო პერიოდში მზარდი ხასიათი მიიღო და მსჯავრდებულ რ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, ითხოვს მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონით, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 20 თებერვლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა სსკ-ის 3711-ე მუხლი, რითაც განხორციელდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების დეკრიმინალიზაცია. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N 3/1/633,634 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N633 და N634 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით. აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია კი უგულებელყოფდა სასამართლოს შესაძლებლობას, შეეწყვიტა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენდა.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მითითებულ შემთხვევაში, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ჩადენის დროს დანაშაულად ითვლებოდა და ახალი კანონით მოხდა მისი დეკრიმინალიზაცია, მოცემულ სამართლებრივ საკითხს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს, რაც წარმოადგენს ხარვეზს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კანონის ანალოგია, კერძოდ, სსსკ-ის 105-ე მუხლი და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N608 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
6. საკასაციო პალატის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. გაუქმდეს რ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილ - ე. მ-ს (პ/ნ .....), ვ. მ-ს (პ/ნ .....), მ. მ-ს (პ/ნ 1.....), მ. მ-ს (პ/ნ ......), ო. მ-ს (პ/ნ .....), ო. მ-სა (პ/ნ .....) და რ. მ-ს (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ....., ..... ქუჩის №.....–ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი - .....) მოეხსნას ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში; ასევე გაუქმდეს რ. მ-ს მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოძიების ორგანოში ჩაბარებისა და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში ორ კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება.
5. ნივთიერი მტკიცებულება - 1 DVD–R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი