დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№33აგ-16 13 ივლისი, 2016 წელი
ხ-ი რ., 33აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 17,105–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 11 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 17,105–ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 110–ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა რ. ხ-მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენის, 1998 წლის 11 თებერვლის განჩინების, 1999 წლის 25 მარტის დადგენილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევდა შემდეგ გარემოებას: მართალია, 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 17,105–ე მუხლითა და 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 110–ე მუხლის პირველ ნაწილზე – სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, მაგრამ 2000 წლის 15 თებერვლიდან ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 110–ე მუხლის მიხედვით, დაწესდა ახალი ქმედების - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით -დანაშაულებრიობა. ამდენად, ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლი არ მოიცავს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, რაც, თავის მხრივ, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
2016 წლის 13 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში რ. ხ-მა დამატებით წარადგინა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი განაჩენის გადასინჯვის დამატებით საფუძვლად მიიჩნევდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა დასტურდება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტ კ. გ-ს მიერ ყალბი სასამართლო–სამედიცინო ექსპერიზის დასკვნის შედგენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით რ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
რ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა, არსებითად განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც ძალაში შევიდა 2000 წლის 15 თებერვალს, გამოირიცხა მის მიერ ჩადენილი ქმედების ბრალეულობა, რადგან აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს სსკ–ის 110–ე მუხლით (2000 წლის 15 თებერვლის რედაქცია) დაწესდა ახალი ქმედების – მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - დანაშაულებრიობა, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მოხდა ადრე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 110–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დეკრიმინალიზაცია. აღნიშნული ქმედება მთლიანად გადავიდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლში და ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით იგი დასჯადია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის დადგენილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილებით დასტურდება არა ექსპერტ კ. გ-ს მიერ ყალბი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედგენის ფაქტი, არამედ ის გარემოება, რომ გაუქმდა 2005 წლის 25 მარტის დადგენილება კ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ რ. ხ-ი ფაქტობრივად ითხოვს საქმის ხელახლა, არსებითად განხილვას, რისი უფლებამოსილებაც ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს; შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება რ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე