დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.12.2016
საქმის ნომერი
134აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №134აგ-16 5 დეკემბერი, 2016 წელი

გ-ი გ, 134აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განაჩენი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

6. შუამდგომლობით მსჯავრდებული გ. გ-ი ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

7. 2014 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი ,,საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“, რომელმაც ახლებურად განსაზღვრა მოქმედი კანონის 29–ე მუხლის რედაქცია, კერძოდ, ახალმა კანონმა მძღოლის ვალდებულების განსაზღვრის ძირითად კრიტერიუმად დაამატა პირობა – „რომლის განჭვრეტაც მას შეეძლო“. ამით ახალი კანონმდებლობა შეეცადა, მძღოლის ბრალეულობის პრობლემა მოეხსნა იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეეძლო, განეჭვრიტა მოსალოდნელი საფრთხე, რაც მოხდა სწორედ მის შემთხვევაში, ხოლო კანონის ეს ნოვაცია სწორად არ იქნა გამოყენებული მის მიმართ; გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად დამყარებულია მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. ს-ის ჩვენებაზე; 2015 წლის 21 მაისს გ. გ-ს ჩაბარდა გზავნილი ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე, რომელსაც ერთვის 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სამედიცინო დოკუმენტი - ფორმა №100. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული დიაგნოზი მიუთითებს ი. ს-ის ფსიქიკურ ნაკლზე, რაც წარმოადგენს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველს, ხოლო მისი ჩვენება, საქართველოს სსსკ–ის 50–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი; გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ყველა ის ირიბი მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. კასატორები – მსჯავრდებული გ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს“. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს გარემოება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა მოწმის სახით დაკითხული ი. ს-ის ფსიქიკური ნაკლის არსებობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 50–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გახდებოდა მსჯელობის საფუძველი მისი ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით. შპს „დ-ს“ მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სამედიცინო ცნობის მიხედვით, ი. ს-ეს დაუდგინდა ნევროტულობა და მიეცა ფსიქოთერაპიული კურსების ჩატარებისა და ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის რეკომენდაცია. აღნიშნული ცნობით არც პირდაპირ და არც ირიბად არ დგინდება, რომ ი. ს-ეს, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, რის გამოც წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას პალატა არ მიიჩნევს ი. ს-ის მიერ მიცემული ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძვლად.

4. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.

5. საკასაციო პალატა არც ამ ნაწილში იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ გ. გ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი, გარდა ი. ს-ის პირდაპირი ჩვენებისა, ემყარება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, მათ შორის: ფაქტის თვითმხილველი მოწმეების - ლ. შ-ის, ზ. ც-აძისა და დ. ტ-ის ჩვენებებს; კომპლექსური, ქიმიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ავტო-ტრასოლოგიური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს და ა.შ. კასატორი, საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, ითხოვს აღნიშნული მტკიცებულებების ხელახლა შეფასებას, რისი სამართლებრივი საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

6. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობლი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ. გ-ის განმარტებით, ახალ გარემოებას წარმოადგენს 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 31–ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც დაემატა პირობა „რომლის განჭვრეტაც მას შეეძლო“. აღნიშნულმა ცვლილებამ გამორიცხა მძღოლის ბრალეულობა იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეეძლო, განეჭვრიტა მოსალოდნელი საფრთხე.

7. უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გადაინჯვის ნაწილშიც, ვინაიდან კასატორი უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. შესაბამისად, იგი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი იყო მხარეებისთვისა და სამივე ინსტანციის სასამართლოსთვის, რის გამოც ვერ გახდება განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის სფუძველი.

8. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე