განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 27.02.2017
საქმის ნომერი
41აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.02.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №41აგ-16 თბილისი

გ-ი გ. 41აგ-16 27 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანისა“ და 13,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის გამო) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. გ. გ-ს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 17 ოქტომბრიდან იმავე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. 2016 წლის 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. გ-ს გათავისუფლება სასჯელისაგან იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია იგივე ნორმატიული შინაარსი ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანასთან“ მიმართებით და 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 13,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე. საკასაციო პალატამ ამავე განჩინებით შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით (ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული (100 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით შინაარსობრივად მოიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის საკონსტიტუციო წარდგინებაში დასმულ საკითხს, ამასთან, უზენაესი სასამართლოს წარდგინებაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ ოდენობაც (13,84 გრამი) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ოდენობის (100 გრამამდე) ფარგლებშია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით (ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული (100 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის.

5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - 9 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანისა“ და 13,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის გამო, რისთვისაც მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ოდენობები არ აღემატება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ნარკოტიკული საშუალება - 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანისა“ და 100 გრამამდე „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვისათვის განსაზღვრულ ოდენობას.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვისათვის მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ მ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი