განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 06.03.2017
საქმის ნომერი
53აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №53აგ-16 6 მარტი, 2017 წელი

ა-ი ბ, 53აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2014 წლის 8 ოქტომბრიდან იმავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულ ბ. ა-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

2. 2016 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულ ბ. ა-ის ადვოკატმა გ. ლ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – ბ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ლ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ზემოხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ზოგადად მსჯელობს ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანაზე“ და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აკონკრეტებს მის სახეობას. გამომშრალი და ნედლი „მარიხუანა“ არ არის განსხვავებული ნივთიერებები, ეს ერთი და იგივე ნივთიერებაა სხვადასხვა მდგომარეობით; რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად „გამომშრალი მარიხუანაა“ მითითებული, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სარჩელი შეტანილია „გამომშრალ მარიხუანაზე“.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განხილვა და ბ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ა-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე