განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.11.2016
საქმის ნომერი
77აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.11.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №77აგ-15 თბილისი

გ-ი გ. 77აგ-15 21 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 7 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით გ. გ-ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

· გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე. სხვა ნაწილში კვალიფიკაცია დარჩა უცვლელად;

· გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (მოქმედი რედაქცია), სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 7 მარტიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 7 მარტიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. 2015 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატმა ვ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატმა ვ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოქმედი - საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მსგავსი შინაარსის ნორმები და ვინაიდან, მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე ნაწარმოებია ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკასაციო პალატამ 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ - საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკასაციო პალატამ ამავე განჩინებით შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ კასატორი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გ. გ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

5. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებისა და სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასასინჯად სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან დგინდება, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესახებ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ნაწილობრივ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ვ. გ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი