საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №100აპ-17 თბილისი
გ-ე ლ. 100აპ-17 23 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ-სა და ლ. ღ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განაჩენზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით ლ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში უნდა შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ, ლ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ლ. გ-ე დააკავეს 2017 წლის 21 იანვარს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №….. დაწესებულებაში.
4. მსჯავრდებულმა ლ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ღ-მ და ლ. ღ-მ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს 2017 წლის 7 თებერვალს და მოითხოვეს აღნიშნული განაჩენის გაუქმება, საქმეზე მტკიცებულებების სრული მოცულობით გამოკვლევა და ლ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. მსჯავრდებულმა ლ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ.ღ-მ და ლ. ღ-მ 2017 წლის 3 თებერვალს საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენი და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, საქმეზე მტკიცებულებების სრული მოცულობით გამოკვლევა და ლ. გ-ს გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
6. 2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ლ. გ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ღ-ა და ლ. ღ-ა შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განაჩენზე და ითხოვენ საქმის დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში დაცვის მხარის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განსახილველად.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ-სა და ლ. ღ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული, ხოლო საქმე სააპელაციო წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას.
8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ-სა და ლ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი