განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 21.02.2017
საქმის ნომერი
2კ-553აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.02.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №553აპ-16 ქ. თბილისი

კ-ე თ., 553აპ-16 21 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფრიდონ სვანიძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განაჩენით თ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეალურად, ხოლო 1 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 მაისიდან.

2. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მსჯავრდებულ თ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 5 მარტს თ. კ-მ თბილისიდან ….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მოტყუებით წაიყვანა კერძო ტაქსი, რომლის მძღოლს - შ. კ-ს მომსახურების საფასურად შეჰპირდა 250 ლარის ანაზღაურებას, რაც თ. კ-მ სოფელ ….. მისვლის შემდეგ არ გადაუხადა და მიიმალა, რითაც შ. კ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

4. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს რეალურად შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 მაისიდან.

5. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. მსჯავრდებული თ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და თ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრას.

7. საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და თ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნ ქტით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თ. კ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივაციას, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, რადგან მსჯავრდებული თ. კ-ე იყო ნასამართლევი და ასევე, დაემალა მართლმსაჯულებას.

4. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები არ არის დამაბრკოლებელი გარემოება მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლისათვის, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული მუხლი გამოიყენება, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან; ხოლო მსჯავრდებულმა თ. კ-მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ასევე აანაზღაურა ზიანი.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის თაობაზე, საკასაციო პალატა, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე, ვინაიდან განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნაზე კანონით დადგენილი წესით უნდა იმსჯელოს 1-ლი ინსტანციის სასამართლომ.

6. ამასთან, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

7. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 9 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 9 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფრიდონ სვანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

4. თ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 9 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2016 წლის 7 მაისიდან.

5. მსჯავრდებულ თ. კ-ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე თ. კ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თ. კ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

6. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

საქმე №553აპ-16. ქ. თბილისი

კ-ე თ., 553აპ-16 6 მარტი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტსა და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებულია - საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტში ნაცვლად: ,,საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა“ ჩაიწეროს - ,,საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი“, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად ,,საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა“ ჩაიწეროს - ,,საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი“.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი