დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.04.2017
საქმის ნომერი
216აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №216აგ-16 21 აპრილი, 2017 წელი

ს. ზ-ა, 216აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განაჩენით ზ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ ზ. ს-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 19 თებერვლიდან.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე ზ. ს. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარი.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის განკარგულებით ზ. ს. შეწყალებულ იქნა და იგი გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან; მასვე მოეხსნა ნასამართლობა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით ზ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ ზ. ს-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 10 დეკემბრიდან.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ზ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 381–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. 2016 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ და ითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ ამ განაჩენით უკანონოდ გაასამართლეს არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის განკარგულებით იგი შეიწყალეს და გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და ასევე, მოეხსნა ნასამართლობა. მსჯავრდებულის მითითებით, ეს გარემოება მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის ივლისში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი – მსჯავრდებული ზ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის განკარგულების შესაბამისად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განაჩენისთვის მას ნასამართლობა მოხსნილი ჰქონდა და, შესაბამისად, იგი 2013 წლის 24 ნოემბერს, როდესაც კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, არ უნდა მიჩნეულიყო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევ პირად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენს ზ. ს-ის გამართლების საფუძველს, ვინაიდან ზ. ს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარი. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადგენილება, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განაჩენისგან დამოუკიდებლად ქმნის ზ. ს-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. ამდენად, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტის განკარგულების შესახებ, საქმეზე მაინც იგივე შედეგი დადგებოდა (გამამტყუნებელი განაჩენის სახით), ვინაიდან ზ. ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული იყო. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის დადგენილება ზ. ს-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ მხარეებმა უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს და იგი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საფუძვლად უდევს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენს, რომლითაც ზ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. ამდენად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე