განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №51-17 ქ. თბილისი
ს-ა კ., 51-17 2 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისისა და ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენების კანონიერება პრეიუდიციის საფუძველზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. 1995 წლის 2 თებერვალს ჩხოროწყუს რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის N….. საქმე შ. პ-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის კოდექსი).
2. 1995 წლის 20 მარტს დააკავეს შ. პ-ს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი - ტ. კ-ა, რომელსაც იმავე წლის 23 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
3. 1995 წლის 3 აპრილს და იმავე წლის 11 მაისს სისხლის სამართლის N….. საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა ტ. კ-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის: N ….., N ….., N ….., N ….. საქმეები.
4. 1996 წლის 15 მარტს სისხლის სამართლის საქმე ტ. კ-ს მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით, 17 და 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებითა და 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 აპრილის განჩინებით შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის ფაქტზე ტ. კ-თვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო იმავე სასამართლოს 1996 წლის 20 აპრილის განაჩენით ტ. კ-ა ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებში ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. 1996 წლის 15 ოქტომბერს, ვინაიდან დამატებითი გამოძიებით ვერ დადგინდა ტ. კ-ს ბრალეულობა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მისი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს რაიონული პროკურორის თანაშემწის დადგენილებით შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
7. 1999 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულ ტ. კ-ს განცხადების საფუძველზე მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2000 წლის 4 აპრილს ტ. კ-ა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე მიეცა ბრლდებულის სახით პასუხისგებაში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
8. 2000 წლის 2 მაისს ტ. კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის N…..საქმე - კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიმართ, ხოლო სისხლის სამართლის N…..საქმე - ბ. კ-ს მიმართ.
9. 2000 წლის 2 მაისს კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა მიეცნენ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და გამოცხადდა მათი ძებნა.
10. 2000 წლის 17 მაისს სისხლის სამართლის საქმე ტ. კ-ს მიმართ საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში.
11. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით ტ. კ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, გადასახლების გარეშე.
მოცემული განაჩენით მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 1995 წლის 20 მარტიდან.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის კოდექსი) შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და მას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ტ. კ-ს ორივე განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 1995 წლის 20 მარტიდან. საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ქონების კონფისკაციით.
12. ტ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 31 იანვარს ტ. კ-ა სტუმრად იმყოფებოდა ....., თავისი დის - ს. კ-ს სახლში, სადაც შეხვდა დისშვილს - გ. კ-ს, რომელმაც განუცხადა, რომ განზრახული ჰქონდა სოფ. ..... მცხოვრებ შ. პ-ს ოჯახზე თავდასხმა, რადგანაც იცოდა, რომ ამ ოჯახში ოქროს სამკაულები ინახებოდა. მან ასევე შესთავაზა თავდასხმაში მონაწილეობა, რაზეც ტ. კ-მ უარი უთხრა და ურჩია, რომ ხელი აეღო განზრახვაზე. კ. კ-მ არ დაუჯერა და დაუკავშირდა მეგობრებს - კ. ს-სა და ლ. რ-ს. კ. ს-ა და ლ. რ-ა შეიარაღდნენ „აკ–74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და „ნაგანის“ ტიპის პისტოლეტით. 1995 წლის 1 თებერვალს ტ. კ-ა ავტობუსით მიემგზავრებოდა სახლში, რა დროსაც ამავე ავტობუსში ამოვიდნენ გ. კ-ა, კ. ს-ა და ტ. რ-ა. გ. კ-მ განუცხადა ტ. კ-ს, რომ ამ პირებთან ერთად აპირებდა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას და კვლავ შესთავაზა თანამონაწილეობა, მაგრამ ტ-მ ამჯერადაც უარი უთხრა. სოფ. ..... ცენტრში ტ. კ-ა ავტობუსიდან ჩავიდა. ჩამოვიდნენ ასევე გ. კ-ა, კ. ს-ა და ლ. რ-ც. დაახლოებით 19 საათზე მდ. ..... ტ. კ-ა შემთხვევით შეხვდა გ. კ-ს, რომელმაც მოსთხოვა ეჩვენებინა..... მხრიდან შ. პ-ს სახლამდე მიმავალი ბილიკი და დახმარებოდა მათ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანაში. ტ. კ-მ ხათრი ვეღარ გაუტეხა თავის დისშვილს და აღუთქვა დახმარება. ტ. კ-მ იცოდა გ. კ-ს დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, შეგნებული ჰქონდა და ითვალისწინებდა თავისი ქცევის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სურდა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და სასურველი შედეგის დადგომა. მან გ. კ-ა, კ. ს-ა და ლ. რ-ა დაახლეობით 19:40 საათზე ბილიკით მიიყვანა შ. პ-ს საცხოვრებელი სახლის ეზომდე მდ. ..... მხრიდან და აჩვენა, თუ როგორ უნდა შესულიყვნენ შ. პ-ს ეზოსა და შემდეგ - სახლში. ვინაიდან ტ. კ-სა და გ. კ-ს მ. პ-ს ოჯახის წევრები კარგად იცნობდნენ, ამიტომ ისინი გარეთ დარჩნენ, ხოლო ავტომატური იარაღმომარჯვებული კ. ს-ა და რევოლვერმომარჯვებული ლ. რ-ა შევიდნენ დაზარალებულ შ. პ-ს სახლში. მათ აიფარეს ნიღბები. იარაღის გამოყენებით კ. ს-მ და ლ. რ-მ დაიმორჩილეს ოჯახის წევრები, რის შემდეგაც მოითხოვეს ფული და ძვირფასეულობა, რაზეც დაზარალებულებმა უარი განუცხადეს და უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ფული და ოქროულობა. თავდამსხმელები დაზარალებულებს ემუქრებოდნენ მოკვლით, ფიზიკური ძალადობით, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შ. პ-მ სცადა წინააღმდეგობა გაეწია ბოროტმოქმედებისათვის და ავტომატური იარაღის ლულას ხელით სწვდა, რა დროსაც კ. ს-მ გაისროლა, რის შედეგადაც შ. პ-ა სასიკვდილოდ დაიჭრა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვ. პ-მ კი მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. კ. ს-მ სულ გაისროლა ოთხი ტყვია, ორი მოხვდა შ. პ-ს, ერთი - ვ. პ-ს, ხოლო მეოთხემ ჰაერში გაიარა, თუმცა იყო იმის რეალური შესაძლებლობა, რომ იგი მოხვედროდა ლ. ჯ-ს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საშიშროება შექმნოდა. როგორც კი ბოროტმოქმედებმა დაინახეს, რომ მათ მიერ ნასროლი ტყვია დაზარალებულთა ოჯახის წევრებს მოხვდა, სასწრაფოდ გამოვიდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულ შ. პ-ს სახლიდან წასვლის შემდეგ ისინი ფეხით მივიდნენ ..... რაიონის სოფელ ..... მდებარე ტ. კ-ს სახლში. მეორე დილით გ. კ-ა, ჯ. ს-ა და ლ. რ-ა წავიდნენ ....., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღები ტ. კ-მ თავის სახლში შეინახა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიუტანა გ. კ-ს და მას ჩააბარა. დაზარალებულ შ. პ-ს სახლიდან ბოროტომოქმედებმა ფულის ან სხვა სახის ძვირფასეულობის გატაცება ვერ მოახერხეს.
13. 2015 წლის 28 აპრილს სისხლის სამართლის საქმე კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიმართ საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
14. საბრალდებო დასკვნის მიხედვით კ. ს-ს ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით;
– განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ან ისეთი საშუალებით რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
– განზრახ მკველელობის მცდელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, ორი ან რამდენიმე პირის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
ლ. რ-სა და გ. კ-ს - ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 1993 წლის ოქტომბრიდან გ. კ-ა ოჯახის წევრებთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა ….., ….. ქუჩის №…..-ში. ვინაიდან მას ეკონომიკურად უჭირდა, განიზრახა, პირადი ქონების დაუფლების მიზნით, თავს დასხმოდა ….. რაიონის სოფელ ….. მცხოვრებ შ. პ-ს ოჯახს. მისთვის ცნობილი იყო, რომ შ. პ-ს რძალს - მ. წ-ს გააჩნდა სხვადასხვა სახის ოქროს სამკაულები და სწორედ მათი გატაცების მიზნით განიზრახა მათ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი დაუკავშირდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ….. დროებით მცხოვრებ პირებს - კ. ს-ს და ლ. რ-ს, რომლებთანაც მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.
1995 წლის 31 იანვარს გ. კ-თან სტუმრად მივიდა მისი ბიძა ტ. კ-ა, რომელსაც მან ასევე შესთავაზა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, რაზეც ტ. კ-მ კატეგორიული უარი განაცხადა, ამასთან, გააფრთხილა, რომ ხელი აეღო დანაშაულებრივ განზრახვაზე, ვინაიდან შ. პ-ს იგი იცნობდა, როგორც ღარიბი ოჯახის პატრონს. მიუხედავად გაფრთხილებისა, გ. კ-ს დანაშაულებრივ განზრახვაზე ხელი არ აუღია, პირიქით, იგი იმავე ღამეს დაუკავშირდა კ. ს-სა და ლ. რ-ს და შესთავაზა ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ….. რაიონის სოფელ ….. მცხოვრებ შ. პ-ს ოჯახს. გ. კ-ს თქმით, ამ უკანასკნელის ოჯახში ინახებოდა რძლის - მ. წ-ს კუთვნილი ოქროს სამკაულები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კ. ს-ა შეიარაღდა „აკ-74“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, ხოლო ლ. რ-ა - „ნაგანის“ ტიპის პისტოლეტითა და საბრძოლო ვაზნებით, რომლებიც მათ გამოძიებით დაუდგენელ დროს სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი, ატარებდნენ და ინახავდნენ სახლში. ისინი შეთანხმდნენ, რომ შ. პ-ს ოჯახს თავს დასხმოდნენ 1995 წლის 1 თებერვალს, ღამის საათებში. გ. კ-მ დახმარება სთხოვა ბიძას - ტ. კ-ს, რომელიც მასთან სტუმრად იყო მისული, მაგრამ მან უარი უთხრა. 1995 წლის 1 თებერვალს კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა ჩასხდნენ ….. ავტობუსში და ჩავიდნენ ….. რაიონის სოფელ…... კ. ს-ს და ლ. რ-ს ხელჩანთით თან ჰქონდათ ზემოაღნიშნული იარაღები და საბრძოლო მასალა. ავტობუსში მათ დაემგზავრათ ტ. კ-ც, მაგრამ ამჟამადაც უარი უთხრა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობაზე და დასცილდა მათ სოფელ ….. ადმინისტრაციულ ცენტრთან, ხოლო კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა ფეხით გაემართნენ შ. პ-ს საცხოვრებელი სახლისაკენ. გ. კ-ს, რომელიც ბავშვობაში ნამყოფი იყო შ. პ-ს ოჯახში, აებნა გზა. გზის გაკვლევის მიზნით, გ. კ-ა გამობრუნდა ტ. კ-ს საძებნელად, რათა ეთხოვა მისთვის მეგზურობის გაწევა. იგი შეხვდა ტ. კ-ს რკინის ხიდთან, რომელიც აკავშირებს სოფელ ….. ადმინისტრაციულ ცენტრს …..უბანთან და სთხოვა მხოლოდ ეჩვენებინა გზა შ. პ-ს სახლამდე. ტ. კ-მ იცოდა მათი განზრახვა, მაგრამ დახმარებაზე უარი არ უთქვამს, იმ პირობით, რომ თვითონ თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი მიუახლოვდნენ შ. პ-ს სახლს, იგი უკან არ გამობრუნებულა და გ. კ-თან ერთად ადგილზე დარჩა მეთვალყურედ, ხოლო კ. ს-ა და ლ. რ-ა ცეცხლსასროლი იარაღებით შევიდნენ შ. პ-ს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მისაღებ ოთახში. კ. ს-ს ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით, ხოლო ლ. რ-ს - „ნაგანის“ ტიპის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ისინი უცენზურო სიტყვებითა და მოკვლის მუქარით შეიჭრნენ შ. პ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ თვითონ შ. პ-ა, მისი ვაჟიშვილი - ვ. პ-ა, რძალი - მ. წ-ა, ოთხი წლის შვილიშვილი - ა. ა-ა და მეზობელი - ლ. ჯ-ა. მ. წ-ს ორი ჩვილი ბავშვი აკვანში იწვა. რადგანაც ელექტროდენი არ იყო, ოთახი განათებული იყო ნავთქურით. კ.ს-მ და ლ. რ-მ მოკვლის მუქარით ოჯახის წევრები იატაკზე დააწვინეს და მოსთხოვეს ფული და ოქროს სამკაულები. შ. პ-ა და მ. წ-ა არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და იატაკზე არ დაწვნენ, პირიქით, შ. პ-ა წინააღმდეგობას უწევდა და არწმუნებდა თავდამსხმელებს, რომ მათთვის სასურველი ფულადი თანხა და ოქროს სამკაულები არ გააჩნდა. კ. ს-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩახმახშემართული ეკავა და მიშვერილი ჰქონდა ოჯახის წევრებისაკენ, ლ. რ-ს კი „ნაგანის“ პისტოლეტი სახეზე მიდებული ჰქონდა მ. წ-თვის. როდესაც შ. პ-ა არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, ლ. რ-მ წაავლო ხელი მას და მძლავრად დასცა იატაკზე. ამ დროს ლ. რ-ს სახეზე ნიღბად აფარებული კაშნე მოსძვრა. წაქცევის მომენტში შ. პ-ა თავის შესაკავებლად წაეპოტინა კ. ს-ს ავტომატური იარაღის ლულას. იმის შიშით, რომ არ წაერთმია იარაღი, ასევე გაბრაზებულმა იმაზე, რომ ოჯახის წევრებიდან მხოლოდ შ. პ-ა უწევდა წინააღმდეგობას, მისი წინააღმდეგობის დაძლევის მოტივითა და სასურველი ქონების გატაცების მიზნით, კ. ს-მ პირდაპირი განზრახვით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ადგილებში დამიზნებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრების თვალწინ, მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა ჯერით - ერთმანეთის გვერდიგვერდ მყოფ შ. პ-ს, ვ. პ-სა და ლ. ჯ-ს მათი განზრახ მოკვლის მიზნით. გასროლილი ტყვიებიდან ორი მოხვდა შ. პ-ს გულმკერდში და მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ერთი ტყვია ვ. პ-ს მოხვდა მარჯვენა ბარძაყში და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მეოთხე ტყვია შემთხვევით ჰაერში გაისროლა, თუმცა იყო რეალური შესაძლებლობა, რომ იგი მოხვედროდა ვ. პ-ს გვერდით დაწოლილ ლ.ჯ-ს და ამით მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც რეალური საფრთხე შეჰქმნოდა. რაც შეეხება იმას, რომ ვ. პ-ს და ლ. ჯ-ს მკვლელობის განზრახვა მან სისრულეში ვერ მოიყვანა, ეს განაპირობა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, კერძოდ: ავტომატური იარაღიდან გასროლისთანავე ჩაქრა ნავთქურა და სიბნელეში მისთვის შეუძლებელი გახდა, გაეკონტროლებინა ტყვიის მოძრაობის მიმართულება. ამავე დროს შესაძლებელი იყო, ტყვია მოხვედროდა მის გვერდით, წინა მხარეს მყოფ ლ. რ-საც, რისი სურვილიც მას არ გააჩნდა, თანაც გასროლის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ოჯახის სამივე წევრი მოკლული იყო, რადგანაც გასროლის შემდეგ მათ ხმა არ ამოუღიათ, არ შეპასუხებიან და არ გადაადგილებულან. მკვლელობის შემდეგ კ. ს. ლ. რ-თან, გ. კ-სა და ტ. კ-თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმ ღამეს ისინი ტ. კ-ს სახლში დარჩნენ, ….. რაიონის სოფელ ….., იქვე შეინახეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და „ნაგანის“ პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რათა ….. გამგზავრების დროს კ. ს-ს, ლ. რ-სა და კ-ს საფრთხე არ შექმნოდათ. აღიშნული იარაღები ტ. კ-მ მკვლელობიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ ….. მიუტანა გ. კ-ს, რომელმაც ისინი გამოართვა და შეინახა თავის სახლში. 15. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენით კ. ს-ა, - დაბადებული 19.. წელს; ლ. რ-ა, - დაბადებული 19.. წელს და გ. კ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ (დაუსწრებლად) და გამართლდნენ, შესაბამისად: კ. ს-ა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით, 17-104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) წარდგენილ ბრალდებებში; ლ. რ-ა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) წარდგენილ ბრალდებაში; გ. კ-ა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) წარდგენილ ბრალდებაში.
16. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლიკა ბულიამ.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენის მიხედვით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით), სასამართლომ არ გაიზიარა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ ტ. კ-მ, გ. კ-მ, ლ. რ-მ და კ. ს-მ წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ სისხლის სამართლის საქმე გამართლებულების - კ. ს-ს, ლ. რ-სა და გ. კ-ს მიმართ, განაჩენის კანონიერების შემოწმების მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენი გამართლებულების - კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ტ. კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით არ გაიზიარა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა უდანაშაულოდ ცნო შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის ფაქტზე: კ. ს-ა - საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, 17-104 მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში; ლ. რ-ა - საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; გ. კ-ა - საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:
3. დაზარალებულები - ვ. პ-ა, პ. პ-ა, ლ. ჯ-ა თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ 1995 წლის 1 თებერვალს შ. პ-ს ოჯახზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც გარდაიცვალა შ. პ-ა. მათ არ იციან თავდამსხმელთა ვინაობა და მხოლოდ ტ. კ-ს დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იგი დააკავეს ყაჩაღობის რამდენიმე ფაქტისა და მათ შორის - შ. პ-ს ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღობისათვის.
4. შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა 1995 წლის 1 თებერვალს. ტ. კ-ა ეჭვმიტანილის სახით დაიკითხა 1995 წლის 20 მარტს. თავდაპირველ ჩვენებაში მან აღიარა, რომ მონაწილეობდა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში და თანამონაწილედ დაასახელა ვინმე ბ. კ-ა. მითითებულ ჩვენებაში აღწერილი გარემოებები მან ასევე დაადასტურა ბრალდებულის სახით დაკითხვისას - 1995 წლის 28 მარტსა და იმავე წლის 10 მაისს, ხოლო 1995 წლის 19 აგვისტოს ბრალდებულის სახით დამატებითი დაკითხვისას შეცვალა ჩვენება და თანამონაწილეებად დაასახელა - დ. ჯ-ა და „ვინმე ლ.“.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ტ. კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მან შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ იმ დღეებში საერთოდ არ უნახავს ბ. კ-ა. უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 აპრილის განჩინებით ტ. კ-ს მიმართ შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ნაწილში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, 17-104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით) საქმე დაუბრუნდა საქართველოს პროკურატურას დამატებითი გამოძიებისათვის.
6. ბრალდებულმა ტ. კ-მ 1996 წლის 13 სექტემბერს, დამატებით გამოძიებაში დაკითხვისას, კვლავ უარყო შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, როგორც ბ. კ-თან, ასევე - დ. ჯ-სა და „ვინმე ლ-თან“ ერთად.
7. 1996 წლის 15 ოქტომბერს ბრალდების ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა. 1999 წლის 10 ივლისს ტ. კ-მ საქართველოს შსს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ შ. პ-ს ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხა თავისი დისშვილი - გ. კ-ა, რომელთან ერთად იმყოფებოდნენ - კ. ს-ა და ლ. რ-ა. სწორედ ამ დროს კ. ს-მ მოკლა შ. პ-ა.
8. 1999 წლის 29 ნოემბერს განახლდა საქმის წარმოება და მოწმის სახით დაიკითხა ტ. კ-ა. მან დაადასტურა შ. პ-ზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა გ. კ-თან, კ. ს-სა და ლ. რ-თან ერთად და განმარტა, რომ თვითონ და გ. დარჩნენ გარეთ, კ. ს-ა და ლ. რ-ა კი შევიდნენ ბინაში.
9. კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს ბრალდების საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში ტ. კ-ა მოწმის სახით ვერ დაიკითხა, რადგან საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ იგი გარდაცვლილია. ტ. კ-მ მისი მსჯავრდების საქმეში ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის მომენტიდან არაერთხელ შეცვალა ჩვენებები, რომლებშიც თავდაპირველად თანამონაწილედ ასახელებდა ბ. კ-ს, შემდეგ - დ. ჯ-სა და „ვინმე ლ-ს“, ხოლო ბოლოს დაასახელა - კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა.
10. ამდენად, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, ვინაიდან არსებობდა ტ. კ-ს ურთიერთგამომრიცხავი არაერთი ჩვენება, უარყვეს ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მე-3 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლის შინაგან რწმენას.
11. სასამართლოთა მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა ჩაიდინეს კ. ს-მ, ლ. რ-მ და გ. კ-მ. მხოლოდ ირიბი მოწმის - ნ. კ-ს ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ მისმა ძმამ - ტ. კ-მ უამბო მომხდარი ყაჩაღობის დეტალები, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
12. საკასაციო პალატამ შეაფასა ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო განაჩენებში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ერთ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ტ. კ-ს მსჯავრდებას, ხოლო მეორე შემთხვევაში - კ. ს-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 1 ივნისის განაჩენში სამართლებრივად სწორად შეაფასა კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დასაბუთებულად უარყო ტ. კ-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ მათ კ. კ-თან ერთად ჩაიდინეს შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. ტ. კ-ს მსჯავრდების საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, თავად მსჯავრდებულ ტ. კ-ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-თან ერთად მონაწილეობდა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში და კ. ს-მ წინააღმდეგობის გაწევის დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა შ. პ-ს. ამასთან, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტ. კ-ს მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობასა და უტყუარობაზე. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ტ. კ-მ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოებში საქმის არსებითი განხილვისას არაერთხელ და არსებითად შეცვალა ჩვენებები, კერძოდ:
14. თავდაპირველად ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას ტ. კ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ შ. პ-ა წინააღმდეგობის გაწევისას მოკლა თვითონ, ხოლო თანამონაწილედ დაასახელა ბ. კ-ა.
15. მოგვიანებით, ასევე ბრალდებულის სახით დამატებითი დაკითხვისას, შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ დ. ჯ-სა და „ვინმე ლ-თან“ ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა შ. პ-ს ოჯახს, თუმცა თვითონ შ. პ-ს სახლში არ შესულა და გარეთ, ეზოში ელოდებოდა მათ. შემდეგ გაიგო სროლის ხმა და როგორც მოგვიანებით დ-მ განუმარტა, ოჯახის უფროსმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას გაუვარდა ტყვია და დაჭრა შ. პ-ა.
16. მოგვიანებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, შ. პ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ და საერთოდ უარყო ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტი, როგორც ბ. კ-თან, ასევე დ. ჯ-სა და „ვინმე ლ-თან“ ერთად, რის გამოც უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 აპრილის განჩინებით ტ. კ-ს მიმართ შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ნაწილში, საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად და იმავე წლის 15 ოქტომბერს პროკურორმა საქმეზე შეაჩერა წარმოება იმ საფუძვლით, რომ შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში არ დადგინდა ტ. კ-ს ბრალეულობა.
17. ტ. კ-მ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტიდან 4 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კერძოდ, 1999 წლის 10 ივლისს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, განცხადებით მიმართა შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს (განცხადებაში მოყვანილი ფაქტები მან მოგვიანებით დაადასტურა გამოძიებაში მოწმისა და ბრალდებულის სახით, ასევე ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში დაკითხვის დროს) და კვლავ აღიარა შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი, ამჯერად უკვე - კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-თან ერთად. აქვე მიუთითა, რომ შ. პ-ა მოკლა კ. ს-მ. აღნიშნული განცხადება საფუძვლად დაედო გამოძიების განახლებას, ხოლო მოგვიანებით მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტების ირგვლივ მიცემული აღიარებითი ჩვენება - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გამამტყუნებელ განაჩენს.
18. ამდენად, ტ. კ-ს მიერ მიცემული არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას და არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტ. კ-მ, კ. ს-მ, გ. კ-მ და ლ. რ-მ ჩაიდინეს მითითებული დანაშაული, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
19. რაც შეეხება ყაჩაღობის თვითმხილველი მოწმეების, კერძოდ დაზარალებულების - ვ. პ-სა და ლ. ჯ-ს, ასევე მოწმე მ. წ-ს ჩვენებებს, დადგენილია, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ იცნო თავდამსხმელები, ვინაიდან მათ ეხურათ ქუდები და სახეზე აფარებული ჰქონდათ „კაშნეები“. მოწმე ნ. კ-ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ მან ტ. კ-გან გადმოცემით იცის შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დეტალები, რის გამოც ის წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისევე როგორც დაზარალებულ პ. პ-ს ჩვენება, რომელიც არ შესწრებია ყაჩაღობას.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
21. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ტ. კ-ს მსჯავრდების საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც პალატას საშუალებას მისცემდა, დაედგინა ტ. კ-ს, კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით, შ. პ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის ჩადენის ფაქტი.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენი (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით) გამართლებულების - კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიმართ უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ტ. კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 561-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გამამართლებელი განაჩენი კ. ს-ს, გ. კ-სა და ლ. რ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
2. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენი ტ. კ-ს მიმართ გაუქმდეს.
3. ტ. კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) შერაცხული მსჯავრდებისათვის.
4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ტ. კ-ა გარდაცვლილია.
5. ტ. კ-ს მემკვიდრეებს განემარტოთ, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლების თანახმად, უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი