საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2017
საქმის ნომერი
2კ-80აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №80აპ-17 ქ. თბილისი

ს-ი ა., 80აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ს-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 31 დეკემბერს, ქ. ….., ….. ქუჩის N…..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2015 წლის 23 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა, ნასვამმა ა. ს-მ მეუღლეს - ე. ს-ს არასრულწლოვანი შვილის - ს. ს-ს თანდასწრებით ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით ა. ს-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ა. ს-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელიც ითხოვდა ა. ს-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ა. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატამ გააანალიზა 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული ს. მ-ს, ს. გ-ს, მ. ბ-ს, დ. მ-ს, ზ. ზ-ს, დ. მ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, #..... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მიიჩნია, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა. ს-ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება), მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება, იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა, გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ე. ს-მ (ა. ს-ს მეუღლე), არასრულწლოვანმა ს. ს-მ (ა. ს-ს შვილი) და ს. ს-მ (ა. ს-ს დედა), რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ა. ს-ს მეუღლემ, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა და დედამ ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ე. ს-ი, ს. ს-ი და ს. ს-ი არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები (მოწმეები), რომლებსაც შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი, ა. ს-ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ მსგავს მოსაზრებას თავად ბრალდების მხარეც ავითარებს სააპელაციო საჩივარში.

რაც შეეხება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ისინი ა. ს-ს მიერ ჩადენილ ქმედებას უშუალოდ არ შესწრებიან. ამდენად, მათი ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ა. ს-ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, რომლის სისწორეც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა ექსპერტმა დ. მ-მ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ე. ს-ს მარცხენა წინამხრის არეში მართლაც აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა მოცემული საქმის 1-ლი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვისას კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, თუ სად, როდის, რა გარემოებებში მიიღო დაზიანება ე. ს-მ.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და ა. ს-თვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ა. ს-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. ს-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

11. რაც შეეხება პროკურორის საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტის უშუალო თვითმხილველები იყვნენ გამართლებულის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც არ აღუნიშნავთ, რომ თითქოს, გამართლებულს დანაშაული ჩაუდენია და მათ მხოლოდ თავი შეიკავეს პოზიციის დაფიქსირებისაგან და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, პალატა ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ა. ს-ს მეუღლემ - ე. ს-მ, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა - ს. ს-მ და დედამ - ს. ს-მ ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ე. ს-ი, ს. ს-ი და ს. ს-ი არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები (მოწმეები), რომლებსაც შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი, ა. ს-ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი