საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№701აპ-16 ქ. თბილისი
ქ-ე ლ, 701აპ-16 29 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ლ. ქ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; ლ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. ლ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 6 აპრილიდან. ლ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2. ლ. ქ-ეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. ქ-ემ 2015 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით ბ. დ-ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც ბ. დ-ე ადგილზე გარდაიცვალა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ქ-ემ 2015 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ბ. დ-ეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, ლ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები ლ. ქ-ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის. კასატორის პოზიციით, ბრალდებულის მიმართ არ განხორციელებულა ისეთი სახის თავდასხმა, რომელიც რეალურად წარმოშობდა აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენების შესაძლებლობას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების დასადასტურებლად სასამართლო მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას დაეყრდნო, რომელშიც ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და განსხვავდება გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებისგან. ამასთან, დანაშაულის საგანი - დანა კანონის დარღვევით არ ყოფილა მოპოვებული. შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, გამოეყენებინა საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლი და ამ საფუძვლით არ გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნები თუ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტზე/ობიექტთან ჩატარდა. თუ ბ. დ-ეს რეალურად სურდა ლ. ქ-ის მკვლელობა და ამ მიზნით სთხოვდა მას ავტომობილში ჩაჯდომას, მას მაშინ შეხვდებოდა, როდესაც მარტო იქნებოდა (და არა ნ. დ-ის თანდასწრებით), მით უმეტეს, რომ სანადირო თოფი ავტომობილში ბ. დ-ეს დაშლილი ედო.
7. კასატორის პოზიციით, ლ. ქ-ისათვის მკვლელობის მოტივს, გარდა პირადი შეურაცხყოფისა, ასევე ეჭვიანობა წარმოადგენდა, ვინაიდან ლ. ქ-ეს ნ. დ-ესთან იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან გამომდინარე, ისინი გვიან ღამითაც ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა, კერძოდ, ლ. ქ-ე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №1067აპ-10), რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება. ამასთან, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.
11. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა, რომ ბრალდებულის მიმართ რეალურად არ განხორციელებულა თავდასხმა და არ არსებობდა აუცილებელი მოგერიების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ჯებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე