დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
16I-17 ქ. თბილისი
ი. ი-ფ, 16I-17 25 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ ლელა სანიკიძის
პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ _ გ. რ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ი. ი-ის
თარჯიმან _ ნინო გოშაძის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2011 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, -ოს სასაზღვრო მაგისტრალის 450–ე კილომეტრზე, --- სახელმწიფო ნომრის მქონე „Mersedes Benz“ მარკის სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ი. ი-იმ დაარღვია „საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის 50–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–4 პუნქტის და 36–ე მუხლის პირველი ნაწილის მე–3 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, 80–90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას სატვირთო ავტომობილით გადავიდა საწინააღმდეგო მოძრაობის ხაზზე და შეეჯახა --- სახელმწიფო ნომრის მქონე --- მარკის მსუბუქ ავტომობილს. ი. ი-ს აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მსუბუქი ავტომობილის მძღოლისა და 4 მგზავრის სიცოცხლის მოსპობა, ასევე 2 მგზავრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2. მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ი. ი-იმ დაარღვია „საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის 37–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნები, არ გაუწია დაზარალებულებს დახმარება, არ გააფრთხილა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის შესახებ და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
3. 2012 წლის 13 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის აქსტაფინის რაიონის სახელმწიფო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და გამოკითხვის განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ი. ი-ის ბრალდების სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ მის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263–ე მუხლის მე–3 ნაწილითა (პირის მიერ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ტრამვაის ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, საგზაო მოძრაობის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც დაუდევრობით გამოიწვია ერთი ან მეტი პირის სიკვდილი) და 264–ე მუხლით (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დატოვება) გათვალისწინებულ დანაშაულთა შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.
4. 2012 წლის 7 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ი. ი-ის ძებნა.
5. 2012 წლის 7 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის აქსტაფინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ი-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
6. 2015 წლის 15 ივნისიდან ი. ი. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
7. 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი..
8. 2016 წლის 31 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ი-ის შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
9. 2017 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო ი. ი-ის ექსტრადიციის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიცო მასალები.
10. 2017 წლის 28 მარტს ი. ი-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით - 2017 წლის 29 ივნისამდე.
11. 2017 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, სასამართლოს დასაშვებად ეცნო ი. ი-ის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263–ე მუხლის მე–3 ნაწილითა (პირის მიერ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ტრამვაის ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, საგზაო მოძრაობის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც დაუდევრობით გამოიწვია ერი ან მეტი პირის სიკვდილი) და 264–ე მუხლით (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დატოვება) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი-ის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263–ე მუხლის მე–3 ნაწილითა (პირის მიერ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ტრამვაის ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, საგზაო მოძრაობის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც დაუდევრობით გამოიწვია ერი ან მეტი პირის სიკვდილი) და 264–ე მუხლით (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დატოვება) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-ის ადვოკატი გ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ი. ი-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 29 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ი. ი-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ი. ი-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მისი უსაფრთხოების თაობაზე ეჭვს წარმოშობდა.
5. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პოზიციას, რომ ი. ი-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადიციის თაობაზე შესაძლოა, წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ.[1]
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხის შესახებ, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი-ს ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263–ე მუხლის მე–3 ნაწილითა (პირის მიერ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ტრამვაის ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, საგზაო მოძრაობის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც დაუდევრობით გამოიწვია ერი ან მეტი პირის სიკვდილი) და 264–ე მუხლით (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დატოვება) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ECtHR, 7.07.1989, ,,სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 14038/88, § 91; ECtHR, 12.04.2005, ,,შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, 36378/02, § 335; ECtHR, 20.03.1991, ,,კრუზ ვარასი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“, 15576/89, §§ 69-70; ECtHR, 15.11.1996, ,,ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 22414/93, § 74.