საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№43აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ე დ, 43აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განაჩენით დ. ქ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. გაუქმდა დ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით აღნიშნული განაჩენი გაუქმდა: დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ქ-ემ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 24 მარტს ბ-ის რაიონის სოფელ ვ-ეში მ. ნ-ე მოძრაობდა თავისი „HUNDAI ATOS-ის“ მარკის ავტომანქანით, სახ. №.., რომელმაც ვერ შეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის აცილება და შეეჯახა საავტომობილო გზაზე გაჩერებულ, დ. ქ-ის კუთვნილ „MERSEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომანქანას, სახ. №.., რომელსაც დარღვეული ჰქონდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49,9; 37,9 (ა) და 52,2 მუხლების მოთხოვნები. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო „HUNDAI ATOS-ის“ მარკის მგზავრმა ვ. ნ-ემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ქ-ემ და ითხოვა გამართლება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. მსჯავრდებული ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. ქ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – მ. და ვ. ნ-ის, ჰ. ღ-ას, ვ. ს-ის, ტ. გ-ის, თავად დ. ქ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით, 2016 წლის 31 მარტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №.. დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით. მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე