საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №152აპ-17 ქ. თბილისი
კ-ე ვ, 152აპ-17 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ. კ-ე 2006 წლის 1 იანვრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ.
2010 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს ა-ს განყოფილების თანამშრომლები - მ. ი-ე, ბ. ხ-ე, გ. ჩ-ე და ბ. ს-ე, ჯგუფის უფროს კ. ა-ს ხელმძღვანელობით, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მილსადენების 196-ე კილომეტრზე. დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ჯგუფი ვერ ახერხებდა სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებას, კერძოდ, მილსადენების 193-ე კილომეტრამდე მისვლას. აღნიშნულის თაობაზე ჯგუფის უფროსმა კ. ა-ა რადიოსადგურის საშუალებით აცნობა ცენტრს. ამაზე უკმაყოფილება გამოთქვა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ვ. კ-მ, რომელმაც გაბრაზებული და უხეში ტონით უთხრა კ. ა-ს, რომ დალოდებოდნენ საგუშაგოზე, თვითონ მივიდოდა ადგილზე და გაარკვევდა ყველაფერს. ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში, საგუშაგოზე მივიდა სამმართველოს უფროსი ვ. კ-ე, რომელმაც საგუშაგოზე დატოვა კ. ა-ი, ხოლო ჯგუფის დანარჩენი წევრები - მ. ი-ე, ბ. ს-ე, ბ. ხ-ე და გ. ჩ-ე წაიყვანა 193-ე კილომეტრის მიმართულებით. გარკვეული დროის შემდეგ ისინი მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, თუმცა არა მილსადენების დერეფნით, როგორც ეს წესდებით იყო გათვალისწინებული, არამედ - შემოვლითი გზით, ვინაიდან წესდებით მოცემულ მონაკვეთზე მართლაც შეუძლებელი იყო მოძრაობა. აღნიშნული საქციელით ვ. კ-მ თითქოსდა დაუმტკიცა თანამშრომლებს, რომ შესაძლებელი იყო იმ მონაკვეთზე პატრულირება და ისინი არ ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, რის გამოც დაისჯებოდნენ.
მორიგეობის დამთავრების შემდეგ ვ. კ-მ თავის კაბინეტში დაიბარა ჯგუფის უფროსი კ. ა-ი და უთხრა, რომ მომხდარის გამო მასთან ერთად დაისჯებოდა მთელი ჯგუფი და სამსახურებრივად შეექმნებოდათ პრობლემები, მაგრამ თუ ჯგუფის წევრები მისცემდნენ 250 ლარს, „არანაირ მსვლელობას არ მისცემდა საქმეს“. სამმართველოს უფროსთან საუბრის შემდეგ კ. ა-ა ამის შესახებ უამბო ჯგუფის წევრებს - მ. ი-ს, ბ. ხ-ს, გ. ჩ-ა და ბ. ს-ს. შექმნილი ვითარების გამო, ვინაიდან ზემოხსენებულ პირებს არ სურდათ უფროსთან ურთიერთობის გართულება და სამსახურში პრობლემების შექმნა, დაეთანხმნენ ვ. კ-ს მოთხოვნას და შეუკრიბეს თანხა - 200 ლარი, თითოეულმა - 40-40 ლარი, რომელიც გ. ჩ-მ ვ. კ-ს გადასაცემად გადასცა ამავე სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე ბ. ზ-ს, რომლისთვისაც ვ. კ-ს მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ კ. ა-ს ჯგუფიდან ერთ-ერთი თანამშრომელი მისთვის გადასაცემად მიუტანდა თანხას, მაგრამ თუ რა დანიშნულება ჰქონდა მას, არ უთქვამს. ბ. ზ-მ თანხის მიტანის შესახებ აცნობა ვ. კ-ს, რომელმაც უთხრა, რომ დროებით მასთან შეენახა. მოგვიანებით კი აღნიშნული თანხით, ვ. კ-ს გადაწყვეტილებით, იქეიფეს ა-ი არსებულ ერთ-ერთ რესტორანში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოდან 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა 50 თანამშრომელი. როგორც ცნობილია, ომის დასრულების შემდეგ ზემოხსენებულ თანამშრომლებს ომში მონაწილეობისათვის სახელფასო ბარათებზე დაერიცხათ ფულადი პრემია, თითოეულს - 1500 ლარი, მაგრამ პრემია გარკვეული მიზეზების გამო არ დაერიცხა 11 თანამშრომელს, რომლებიც სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ ომში. ამის გამო შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს უფროსის – ვ. კ-ს წინადადებით, იმ თანამშრომლებს, ვისაც დაერიცხათ პრემია, თითოეულს უნდა დაედო გარკვეული რაოდენობის ფული, რათა შემდეგ შეგროვებული თანხა გადანაწილებულიყო იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც არ დაერიცხათ პრემია. ზემოხსენებული 11 თანამშრომლიდან იმ დროისთვის 4 მუშაობდა შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს ა-ს განყოფილებაში, კერძოდ, ესენი იყვნენ: ვ. ი-ე, მ. შ-ე, გ. ტ-ე და დ. ზ-ი. ა-ს განყოფილების 13-მა თანამშრომელმა, ვისაც ომში მონაწილეობის გამო დაერიცხა პრემია, თითოეულმა ნებაყოფლობით დადო 250 ლარი და სულ შეიკრიბა 3250 ლარი. თანხას აგროვებდა თვითონ სამმართველოს უფროსი ვ. კ-ე, რომელსაც ერთიანი თანხა შემდეგ თანაბრად უნდა გადაენაწილებინა იმ ოთხ თანამშრომელზე, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, მაგრამ პრემია არ ჰქონდათ მიღებული. 2008 წლის სექტემბერში ვ. ი-მ და მ. შ-მ ვ. კ-ნ მიიღეს 800-800 ლარი, სულ – 1600 ლარი, ხოლო გ. ტ-ს და დ. ზ-ს ფულადი თანხა არ მიუღიათ, ესე იგი ვ. კ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დარჩენილი თანხა - 1650 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით:
ვ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 1 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 23 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდა ვ. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10000 ლარი.
განაჩენით ვ. კ-ს მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, ესე იგი მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,გაუქმდეს ვ. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10000 ლარი“. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ. კ-ე 2006 წლის 1 იანვრიდან იყო საქართველოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ს-ს რეგიონალური სამმართველოს უფროსი და იყო მოხელე.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქრთამის აღება ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და მოხელის მიერ ქრთამის მოთხოვნისთანავე დასრულებულად მიიჩნევა. ქრთამის მიღება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე არამართლზომიერი სიკეთის ფაქტობრივად აღებას თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ. ქრთამის მოთხოვნა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც მოხელე პირდაპირ ან შენიღბულად მიანიშნებს სხვა პირს, რომ თანამდებობის პირის მოქმედების ან უმოქმედობის სანაცვლოდ მან უნდა გადაიხადოს თანხა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ვ. კ-ს, როგორც მოხელის, სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა, განეხორციელებინა რაიმე სადამსჯელო ღონისძიება დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ მან მოითხოვა ქრთამი, კერძოდ, მოწმე კ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ვ. კ-მ უშუალოდ მოითხოვა ქრთამი, რათა მას არ განეხორციელებინა რაიმე სადამსჯელო ღონისძიება ჯგუფის წევრების მიმართ; მოწმეებმა - მ. ი-მ, ბ. ხ-მ, ბ. ს-მ და გ. ჩ-მ დაადასტურეს, რომ ვ. კ-ს მიერ კ. ა-ს თანხის მოთხოვნის შემდეგ შეაგროვეს თანხა, რისი საშუალებაც ჰქონდათ, კერძოდ, თითოეულმა – 40 ლარის ოდენობით. მოწმე გ. ჩ-მ დაადასტურა, რომ ვ. კ-ს მითითებით, შეგროვებული თანხა გადასცა ბ. ზ-ს. თავის მხრივ, ბ. ზ-მ განმარტა, რომ ვ. კ-ს დავალებით, თანხა - 200 ლარი მიიღო გ. ჩ-ნ, რაც ასევე დაიხარჯა ვ. კ-ს მითითებისამებრ. პალატამ აღნიშნა, რომ თუკი ვ. კ-ე არ დაავალებდა ბ. ზ-ს თანხის მიღებას, ამ უკანასკნელს არ ეცოდინებოდა, თუ რა ოდენობის თანხა უნდა მიეტანათ მასთან. სწორედ აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ ბან (ბ. ზ-მ) გ. ჩ-ს უთხრა, რომ თანხას აკლდა 50 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი და ასევე, არ არსებობს მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე – მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. ვ. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილია ქრთამის მოთხოვნა; შესაბამისად, თანხა რომც არ აკრეფილიყო, იგი მაინც ჩადენილად უნდა ჩაითვალოს. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ისიც, რომ მოთხოვნილი თანხა მოექცა ვ. კ-ს გამგებლობაში, ვინაიდან იგი გადაეცა ვ.კ-ს ნდობით აღჭურვილ პირს - ბ. ზ-ს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე.[1] მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულ ვ. კ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ-ს გამართლებას; ასევე - გირაოს სახით შეტანილი თანხის დაბრუნებას.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოწმეების - ბ. ზ-ა და კ. ა-ს ჩვენებების სანდოობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ვ. კ-ე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნო.
11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
12. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
13. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ ვ. კ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.
14. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი ნამდვილად მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[2] კერძოდ, ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[3]
15. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს, კერძოდ, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „khan v. The united kingdom no35394/97, 34“; bykov v.russia no4378/02, 95.“
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), 37801/97, 01/07/2003, §34.
[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.