საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№120აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ი ტ, 120აპ-17 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივნისის განაჩენით ტ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 140–ე მუხლითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 140–ე მუხლით (თ. ბ-ის ეპიზოდი – 2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 140–ე მუხლით (ბ. ვ-ის ეპიზოდი - 2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 140–ე მუხლით (გ. ს-ის ეპიზოდი - 2013 წლის 16 დეკემბრის რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 141–ე მუხლით (ზ. მ-ის ეპიზოდი - 2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ტ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 26 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ბ-მა ჩაიდინა სრულწლოვნის სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (სამი ეპიზოდი) და ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში, თ-ში, ვ-ის მე– მ-ის, მე– კვარტლის, მე-.. კ-ის ბინა №..–ში, სრულწლოვანი ტ. ბ-ი გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ თ. ბ-თან.
2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, თ-ში, ვ-ის მე–3 მ-ის, მე–9 კ-ის, მე-5 კ-ის ბინა №..–ში, სრულწლოვანი ტ. ბ-ი გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ბ. ვ-ესთან.
2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე პერიოდში, თ-ში, ვ-ის მე–.. მასივის, მე–.. კვარტლის, მე-.. კორპუსის ბინა №..–ში, სრულწლოვანი ტ. ბ-ი გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ გ. ს-ესთან.
2013 წლის მარტში, თ-ში, ვ-ის მე–.. მასივის, მე–.. კვარტლის, მე-.. კორპუსის ბინა №–ში, სრულწლოვანმა ტ. ბ-მა ძალადობის გარეშე, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ზ. მ-ს თავის სასქესო ორგანოზე ხელით მოაფერებინა, რითაც ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა - დ. ა-ემ, რომლებმაც ითხოვეს გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულთა არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ტ. ბ-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №90აპ-17, №77აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება დაზარალებულების წინააღმდეგობრივ ჩვენებებს და მიუთითებს, რომ დაზარალებულებმა წინასწარი გამოძიების ეტაპიდანვე მისცეს თანმიმდევრული ჩვენებები და დეტალურად აღწერეს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. მათი ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც შესაძლოა, მათ დაინტერესებულობაზე მიუთითებდეს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
10. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ტ. ბ-ისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 4 მაისს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს (სსკ-ის 140-ე და 141-ე მუხლები), მისი პასუხისმგებლობა არც გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა, რის გამოც არც ამ მოტივით არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე