საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№89აპ-17 ქ. თბილისი
ჯ-ა გ, 89აპ-17 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით გ. ჯ-ა, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა გ. ჯ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის უზრუნველსაყოფად კ. ჯ-ას (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ (მდებარე: მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, ს/კ …) უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
2. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა და გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის ოქტომბერში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), გ. ჯ-ა დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა მ-ის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე ი. პ-ას საცხოვრებელ სახლში და ი. პ-ას მოსთხოვა, შეეცვალა მის მიერ მოწმის სახით გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება და სასამართლოსთვის სხდომაზე მიეწოდებინა გ. ჯ-ასათვის სასარგებლო ინფორმაცია.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ-ას გამართლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება ეფუძნება სამი პირის ჩვენებას, რომელთაგანაც ერთი პირდაპირია, ხოლო დანარჩენი კი - ირიბი. ი. პ-ამ განაცხადა, რომ იგი ძმებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევდა. ამდენად, მართლმსაჯულებას უნდა აინტერესებდეს იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ი. პ-ასთან მივიდა. კასატორის მითითებით, თუ იგი ი. პ-ას სახლში ნამდვილად მივიდა დახმარებას არა თავისი ძმისთვის, არამედ - საკუთარი თავისთვის სთხოვდა. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ არ გადაწყვიტა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი ზეპირი და წერილობითი სახის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებენ გ. ჯ-ას ბრალეულობას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებდნენ გ. ჯ-ას ბრალდებას. ამდენად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეფასდა და ამასთანავე, გადაწყვეტილებაში მიეთითა ყოველი მტკიცებულების უშუალო შემხებლობასა და სრულ თანხვედრაზე გ. ჯ-ას მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე