საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #118ap-17. ქ. თბილისი
მ-ე ზ.-118აპ–17. 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ. მ-ეს, ლ. გ-ს, და შ. ს-ეს, ბრალად დაედოთ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ბინაში შეღწევით; განზრახ მკვლელობა ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 23 საათზე, წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, ზ. მ-ე, მ. ლ-ე, ლ. გ-ი და შ. ს-ე, ნიღბებით და გადატენილი სანადირო თოფით შეიარაღებულები, ფულის წართმევის მიზნით, თავს დაესხნენ ხ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მცხოვრებ მ. კ-ის ოჯახს, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევისას მ. ლ-მ გადაჭრილი სანადირო თოფი ესროლა მ. კ-ეს, რომელიც სხეულის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
საბრალდებო დასკვნით ზ. მ-ის, შ. ს-ისა და ლ. გ-ის ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 104–ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით და 238–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (1960 წლის რედ.).
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ზ. მ-ე, შ. ს-ე და ლ. გ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 104–ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 238–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდნენ.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატმა. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ზ. მ-ის, შ. ს-ისა და ლ. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი და სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდებოდა ზ. მ-ის, შ. ს-ისა და ლ. გ-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და დაეყრდნო მხოლოდ მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიერ ამჟამად მიცემულ ჩვენებას, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი მ. ლ-ის მიერ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებები, რომ ის 1991 წლიდან იცნობდა და მეგობრობდა ზ. მ-სთან, ლ. გ-სა და შ. ს-ესთან, რომლებთან ერთადაც მ. კ-ის ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხა და ჩაიდინა მისი მკვლელობა. რაც შეეხება მ. ლ-ის შემდგომ ჩვენებას, რომლითაც მან უარყო მ. კ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის ჩადენა, ასევე ზ. მ-სთან, შ. ს-ესა და ლ. გ-თან ნაცნობობაც კი, წარმოადგენდა მისი მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ მხოლოდ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც მოწმემ კატეგორიულად უარყო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე