საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.09.2017
საქმის ნომერი
2კ-198აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №198აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი ი, 198აპ-17 29 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ი. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით - აღნიშნული დროის განმავლობაში ი. მ-ს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება;

- საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ი. მ-ს აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.

ი. მ-ს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 სექტემბრიდან.

იმავე განაჩენით: ე. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით - აღნიშნული დროის განმავლობაში ე. კ-ს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება;

- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ე. კ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ე. კ-ს აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.

გაუქმდა ე. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მას სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

გ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით - აღნიშნული დროის განმავლობაში გ. ს-ს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება;

- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ს-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში გ. ს-ს აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.

გაუქმდა გ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მას სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ შემდეგი ქმედებებისათვის:

ი. მ-ს - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში, ე.ი. სხეულის დაზიანების ორგანიზებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

ე. კ-ს - მოხელის მიერ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, მისაკუთრების მიზნით; ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება; ყაჩაღობაში, ე. ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

გ. ს-ს - მოხელის მიერ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, მისაკუთრების მიზნით; ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება; ყაჩაღობაში, ე. ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

მსჯავრდებულთა ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 18 დეკემბრის N... ბრძანებით ი. მ-ი დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 30 ივნისამდე. იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის N... პ/შ ბრძანებით ე. კ-ა დაინიშნა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2005 წლის 31 მარტის N...პ/შ ბრძანებით გ. ს-ე დაინიშნა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე. კ-ა და გ. ს-ე წარმოადგენდნენ მოხელეებს.

2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის - ვ. გ-ს სტატია სათაურით - „ვ. გ-ი თავის სახლს ს-ს დაუთმობს“, რომელშიც ვ. გ-ი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მ. ს-ს პირადი ცხოვრების შესახებ.

ხსენებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის ი. მ-ს ორგანიზებით პარლამენტის წევრ ვ. გ-ე განხორციელდა თავდასხმა. კერძოდ, 2005 წლის 13 ივლისს ე. კ-მ, ი. მ-ს დავალებიდან გამომდინარე, მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და სპეციალური რაზმის მებრძოლების მონაწილეობით ორგანიზება გაუკეთა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის - ვ. გ-ს ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მისი პირადი ნივთებისა და კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას. ამასთან, დანაშაულში ჩართულ პირთა ადგილზე ხელმძღვანელობა დაევალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსს - გ. ს-ს.

2005 წლის 13 ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ფარულად უთვალთვალებდნენ ვ. გ-ს. მათვე, თავდასხმის გაადვილების მიზნით, ფარულად მწყობრიდან გამოიყვანეს ვ. გ-ს დაჯავშნილი ავტომანქანა.

ფარული თვალთვალი გაგრძელდა 2005 წლის 14 ივლისსაც. იმავე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატმენტის თანამშრომლებმა და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებულმა მებრძოლებმა თ-ი, მ-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით მოახდინეს ვ. გ-ს ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ ვ. გ-ს და მის თანმხლებ პირებს, ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლ იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს.

ცემის შედეგად ვ. გ-ა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა მ. ც-მ კი - სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

გარდა აღნიშნულისა, სპეციალური რაზმის მებრძოლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ვ. გ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch-ის“ მარკის (მოდელი - USP; 25-095026) ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარად.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-ა. აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. მ-ს უდანაშაულოდ ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო:

· ის გარემოება, რომ ე. კ-მ ი. მ-ს ორგანიზებითა და დავალებით განახორციელა ვ. გ-ე თავდასხმა, არ დაუდასტურებია არც ერთ მოწმეს, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს - მ. წ-ს, ა. ნ-ს, გ. ჩ-ს, მ. გ-ს, მ. ც-ს, ლ. გ-ს, შსს ფარული მეთვალყურეობის სამმართველოს თანამდებობის პირებს - კ. პ-ს, ვ. გ-ს, გ. ც-ს, გ. მ-ს, ლ. შ-ს და არც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმდროინდელ თანამშრომელ ზ. ბ-ს არ უთქვამთ, რომ ვ. გ-ე თავდასხმის დავალების გამცემი ან დაინტერესებული პირი იყო ი. მ-ი.

· რაც შეეხება მოწმე ვ. ზ-ს ჩვენებას, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან იგი მიკერძოებული და არასანდო მოწმეა და ამასთან, მის მიერ მიცემულ ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებს შორის არსებობს არაერთი შეუსაბამობა. მითითებული მოწმე არის ის პირი, რომელიც ი. მ-ა ცხინვალში ჩავარდნილი ოპერაციის გამო გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი არის გაბრაზებული და მიკერძოებული მოწმე.

· სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენა დაინტერესებული მოწმის - ნ. ბ-ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა მხოლოდ ირიბი ინფორმაცია და ამასთან, ბრალდების მხარის სასარგებლოდ არაფერი უთქვამს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მისი ჩვენება მაინც გამოიყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საწინააღმდეგოდ.

· რაც შეეხება მოწმე ი. ო-ს ჩვენებას, მან წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო განხილვის დროს მისცა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავავებული ჩვენებები, რაც მათ უკარგავს ყოველგვარ დამაჯერებლობას. ამასთან, აღნიშნული მოწმეც დაინტერესებული პირია, ვინაიდან მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ შანსს არ გაუშვებდა მ. ს-ა და მისი გუნდის გასანადგურებლად.

· დაუსაბუთებელია ასევე მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევა, ვინაიდან საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მობილური ტელეფონით დაკავშირება შინაგან საქმეთა მინისტრთან, არ შეიძლება ჩაითვალოს ი. მ-ს საწინააღმდეგო მტკიცებულებად. ის, რომ პრეზიდენტი უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს, ამაში გასაკვირი არაფერია. ასევე, მაშინ, როდესაც თავს ესხმიან პარლამენტის წევრს, ბუნებრივია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაურეკავდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არამედ - სხვა მაღალი თანამდებობის პოლიციელებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურამ არ წარმოადგინა სხვა თანამდებობის პირებთან განხორციელებული ზარების ამონაწერი, ხოლო სასამართლო კი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაეყრდნო აღნიშნულ მტკიცებულებებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა, რომ ვ. გ-ე თავდასხმა განახორციელეს სპეცრაზმელებმა, რომლებმაც დავალება მიიღეს გ. ს-ნ, ხოლო გ. ს-მ - ე. კ-ნ. თავის მხრივ, ე. კ-მ პარლამენტის წევრ ვ. გ-ე თავდასხმისა და ცემის თაობაზე დავალება მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ ი. მ-ნ. სპეცრაზმელების: ა. ნ-ს, მ. წ-ს, გ. ჩ-ს, მ. გ-ს, მ. ც-ა და ლ. გ-ს ჩვენებები, ასევე მოწმის სახით დაკითხული ვ. ზ-ს, ნ. ბ-ა და ი. ო-ს მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, კრავს მტკიცებულებათა ჯაჭვს, რომელიც უტყუარად მიუთითებს მოცემული დანაშაულის ჩადენაში დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, მათ შორის - ი. მ-ს მონაწილეობაზე.

პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ მოწმე ვ. ზ-ს ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან პირადი დაინტერესებისა და წყენის გამო, მან სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება და ამასთან, გამორიცხულია მას არ სცოდნოდა, თუ რა ოპერაციის შესასრულებლად მიჰყავდათ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმე ვ. ზ-მ საკმაოდ დამაჯერებლად განმარტა, რომ ი. მ-ს მიმართ არავითარი წყენა არ გააჩნდა, ვინაიდან იგი თანამდებობიდან მინისტრს არ გაუთავისუფლებია, არამედ სამსახურებრივი როტაციის გამო გადავიდა სხვა თანამდებობაზე. გარდა ამისა, ვ. გ-ე განხორციელებული თავდასხმის პერიოდში მზადდებოდა ასევე სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციაც, რაშიც თავად იყო აქტიურად ჩართული. ამის გამო ხელმძღვანელობამ აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი ჩართვა გ-ე თავდასხმის ღონისძიებაშიც და ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები გადავიდნენ გ. ს-ს დაქვემდებარებაში, რაც ჩვეულებრივი პროცედურა იყო. ამდენად, უსაფუძვლოა არგუმენტაცია, რომ მან პირადი დაინტერესებისა და წყენის გამო სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებას, რომელსაც დაცვის მხარე მიიჩნევს ირიბ მტკიცებულებად, პალატამ ადვოკატის არგუმენტაცია არც ამ შემთხვევაში გაიზიარა, ვინაიდან მოწმე ნ. ბ-მ სასამართლოში განაცხადა ის, რაც პირადად ნახა და მოისმინა, კერძოდ, განმარტა, რომ ვ. გ-ე თავდასხმის შემდეგ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შეხვდა პრეზიდენტ მ. ს-ს და მომხდართან დაკავშირებით გამოთქვა პროტესტი, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა - „რა, არ იყო საცემი? საცემი იყო და რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო“. აღნიშნულზე ნ. ბ-მ უთხრა, რომ თუნდაც საცემი ყოფილიყო, ამაში სპეცრაზმი და სახელმწიფო ძალაუფლება არ უნდა გამოყენებულიყო. ვინაიდან მ. ს-ს აღარ ჰქონდა არგუმენტები, პირობა მისცა, რომ ასეთი ქმედებებისთვის სპეცრაზმს აღარასოდეს გამოიყენებდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ ჰქონდა საფუძველი ჩაეთვალა, რომ მოწმე ნ. ბ-ს ჩვენება აგებული იყო ვარაუდებზე და განაჩენში მისი მტკიცებულების სახით გამოყენება მიზანშეუწონელია.

რაც შეეხება მოწმე ი. ო-ს ჩვენებას, პალატამ არც მითითებულ შემთხვევაში გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მან გამოძიებასა და სასამართლოში დაკითხვის დროს მისცა რამდენიმე განსხვავებული ჩვენება, არის დაინტერესებული მოწმე, რის გამოც მისი ჩვეება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან მოწმე ი. ო-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას განსხვავებული ჩვენება არ მიუცია, არამედ სასამართლოში შეავსო ჩვენების ის ნაწილი, რაც გამოძიებაში მისთვის არ უკითხავთ. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ მ. ს-ა, ი. მ-ს თანდასწრებით, სთხოვა ვ. გ-ე ფიზიკური ანგარიშსწორება, რისკენაც აქეზებდა და აგულიანებდა ი. მ.ი. მან უარი განაცხდა შესრულებაზე. ვ. გ-ე მომხდარი თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა უთხრა - „რაც შენ ვერ გააკეთე, მშვენივრად შეძლო ვ-მ“.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოწმე ი. ო-ს ჩვენების სანდოობას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გადაცემა „ღია ეთერი“, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერში ი. ო-ა ამხილა მ. ს-ი და ი. მ-ი ვ. გ-ე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში და საუბრობდა მ. ს-ნ გამართულ შეხვედრაზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. ო-ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მსჯელობა, რომ სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციით ი. მ-ს ბრალი არ დასტურდება, რადგან სასამართლოს აზრით, თანამდებობის პირთა შორის განხორციელებული სატელეფონო ზარების ინტენსივობა და მათი შესაბამისობა მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებში აღწერილ გარემოებებთან, კიდევ უფრო საფუძვლიანს და დამაჯერებელს ხდის დასკვნას იმის შესახებ, რომ ეს სატელეფონო ზარები, მათ შორის - ი. მ-ს მიერ განხორციელებული სატელეფონო კონტაქტები, უკავშირდებოდა ვ. გ-ე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას.

სააპელაციო პალატამ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ი. მ-ს მიერ მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველია.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-ა. კასატორი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში. ადვოკატმა საკასაციო საჩივარში დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან აუცილებელია საკასაციო პალატამ განსაზღვროს, თუ სამსახურებრივი მოვალეობის რა სტანდარტი გააჩნია პოლიტიკური თანამდებობის პირს. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ საკასაციო პალატას არ უმსჯელია მსგავს სამართლებრივ საკითხზე, რის გამოც აუცილებელია ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.

11. საკასაციო საჩივარში ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საკასაციო პალატამ უნდა განსაზღვროს, თუ სამსახურებრივი მოვალეობის რა სტანდარტი გააჩნია პოლიტიკური თანამდებობის პირს და ამასთანავე, პალატას არ უმსჯელია მსგავს სამართლებრივ საკითხზე, რის გამოც აუცილებელია, დადგინდეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ი. მ-ს ბრალდებისათვის გამოყენებულ, სისხლის სამართლის კოდექსის ორივე მუხლთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არის მსჯელობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, რამდენადმე გაუგებარია დაცვის მხარის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს, სამსახურებრივი მოვალეობის რა სტანდარტი გააჩნდა მსჯავრდებულ ი. მ-ს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქმე ისაა, რომ ისევე როგორც ამჟამად, ი. მ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სამართლებრივი სტატუსი, აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრის სამსახურებრივი უფლება - მოვალეობების ფარგლები განსაზღვრული იყო საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესაბამისი ნორმებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ან სხვა რომელიმე სასამართლო თვითონ კი არ განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსს, არამედ ამა თუ იმ მოხელის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირად მიჩნევისას ხელმძღვანელობს მითითებული კანონმდებლობით. სწორედ აღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს სამართლებრივი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ი. მ-ი, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას იყო რა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, იმავდროულად წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირსაც.

12. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ესე იგი - საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების კრიტერიუმი, რაზედაც უთითებს დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში.

13. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი კრიტერიუმის არსებობაზე, როგორიცაა: სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების განსხვავება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი), საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. კასატორი აყენებს რა აღნიშნულ საფუძველს თავისი საჩივრის დაშვებისა და განხილვისათვის, საერთოდ არ ასაბუთებს რით, და რა თვალსაზრისით განსხვავდება გასაჩივრებული განაჩენი მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკისგან და რაში მდგომარეობს მათ შორის ამგვარი შესაძლო წინააღმდეგობა. საამისოდ საკასაციო საჩივარში არავითარ არგუმენტზე არ არის მითითებული. ამის გამო საკასაციო პალატა ვერ ხედავს იმის საჭიროებასა და აუცილებლობას, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულად დაასაბუთოს ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობა და საკასაციო საჩივრის დაშვების იმ კრიტერიუმის არარსებობა, რომელზეც კასატორი უთითებს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ასევე ქვემდგომ სასამართლო ინსტანციებს გააჩნიათ მყარად დამკვიდრებული, საკმაო ხნის სასამართლო პრაქტიკა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, აგრეთვე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. მაგალითის სახით შეიძლება მივუთითოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე 2009 წლის 14 სექტემბერს მიღებული N61აპ-09 გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, იმავე პალატის 2016 წლის 25 ივლისის N141აპ-16 გადაწყვეტილება, აგრეთვე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის N 1ბ/1005-15 გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლებსაც სავსებით არ ეწინააღმდეგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენი ი. მ-ს მსჯავრდების თაობაზე.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. მ-ს მსჯავრდების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დასაშვებად არ არსებობს ის საფუძველი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სახელდობრ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე. ამ თვალსაზრისით, კასატორი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ ი. მ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ არის დამყარებული ისეთ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამ კონტექსტში კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. მ-ს საქმეზე განაჩენის დადგენისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-5, მე-13 მუხლებითა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც განაპირობა ამ უკანასკნელის მსჯავრდება.

16. საკასაციო პალატამ საფუძვლიანად შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა საკასაციო საჩივრის აღნიშნული მოტივების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი კასატორის მიერ წარმოდგენილი იმ პრეტენზიის გასაზიარებლად, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში სამართლებრივი დასკვნები ი. მ-ს ბრალეულობის თაობაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა მოცემული და ისინი არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კანონი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს დასკვნები ი. მ-ს ბრალეულობის თაობაზე დაფუძნებულია არა ვარაუდებზე, როგორც ეს დაცვის მხარეს მიაჩნია, არამედ - მყარ მტკიცებულებით ბაზაზე. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდების ძირითადი მოწმეების - ვ. ზ-ს, ი. ო-ა და ნ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებები სრულ თანხმობასა და შესაბამისობაშია ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მობილური სატელეფონო კავშირის ოპერატორებისგან გამოთხოვნილ ინფორმაციასა და ამ უკანასკნელთან მიმართებით საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებთან.

17. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ააშკარავებს მსჯავრდებულ ი. მ-ს აქტიურ მაორგანიზებელ როლს საქართველოს პარლამენტის წევრ, დაზარალებულ ვ. გ-ე თავდასხმასა და მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი საპოლიციო ძალების, კერძოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და დამცავი ჯავშან-ჟილეტებით აღჭურვილი, სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით, რაც პირდაპირ მიუთითებს ი. მ-ს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, მიერ თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებაზე ისეთი დანაშაულებრივი მიზნით, რომელიც შორს სცდებოდა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს.

18. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს: პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების რელევანტურობას, მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, არსებითად განსაზღვრავს მათი შესაბამისობა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან, აგრეთვე - მათი ურთიერთთავსებადობა და ამ უკანასკნელთა საფუძველზე ობიექტური დამკვირვებლისათვის იმის შესაძლებლობის არსებობა, რომ შეექმნას სრული და ნათელი წარმოდგენა როგორც დანაშაულის მოვლენის, ასევე მის ჩადენაში კონკრეტული პირის (ბრალდებულის, მსჯავრდებულის) მონაწილეობაზე ან პირიქით - მის უდანაშაულობაზე. სწორედ ასეთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ შეჯამებული სახით იმ საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს კასატორი თავის საჩივარში სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სავსებით აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული სტანდარტის მიხედვით, მსჯავრდებულ ი. მ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს კონსტიტუციურ და საპროცესო მოთხოვნებს. ისინი ხასიათდება დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით, რათა მათი ერთობლიობა შეფასდეს როგორც სრულიად კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი ი. მ-ს მსჯავრდებისათვის.

20. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის აპელირებას მოცემულ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ამა თუ იმ მოწმის ჩვენების ირიბი ხასიათის შესახებ, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ ბრალდების ყველა ძირითადი მოწმე, მსჯავრდებულის წინააღმდეგ პირადი დაინტერესების გამო, სასამართლოში შეგნებულად იძლეოდა არასწორ ჩვენებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გადაწყვეტილბის მიღებისას სასამართლო დამოუკიდებლად აფასებს ამ საქმეზე წარმოდგენილი ყოველი მტკიცებულების სტატუსს, ასევე - მის სანდოობასა და რელევანტურობას. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, სასამართლოს ამგვარი შეფასება არ შეესაბამებოდეს საქმეში მონაწილე ბრალდების ან დაცვის მხარის წარმოდგენებს იმავე საკითხის თაობაზე, რაც ბუნებრივ და ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას.

21. საკასაციო პალატა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[1]. სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე[2]. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ[3]. თუმცა, შესაძლოა, ევროპული სასამართლო არ დაეთანხმოს ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების შეფასებას და იმსჯელოს იმაზე, რამდენად დასაბუთებულია ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში[4].

22. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს იმას, თუ ეროვნულმა სასამართლოებმა რამდენად გაითვალისწინეს ყველა ის რელევანტური ფაქტორი, რომლებიც მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენების სანდოობისა და სიზუსტის შეფასებისას და ამ ჩვენებისათვის მნიშვნელობის მინიჭებისას[5].

23. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან ემყარება მხოლოდ არასანდო, დაინტერესებული და მიკერძოებული მოწმეების ჩვენებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა და თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარეს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გასცა, ასევე მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია მსჯავრდებულ ი. მ-ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

24. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ხოლო პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ სრულად ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. მ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], # 39630/09, § 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], # 29750/09, § 48, 16.09.2014.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) # 10590/83, § 68, 06.12.1988.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Popov v. Russia) # 26853/04, § 188, 11.12.2006.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ“ (Boldea v. Romania) # 19997/02, § 32-33, 15.05. 2007.

[5] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „გოსა პოლონეთის წინააღმდეგ“ (Gossa v. Poland) განაცხადი N 47986/99, § 62, 09.04.2007, „ბიელაჯი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Bielaj v. Poland) N 43643/04; § 61, 22.11.2010.