საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.10.2017
საქმის ნომერი
2კ-212აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№212აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ე მ, 212აპ-17 4 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ბ-ს - ბრალად დაედო ცრუ დასმენა, რასაც თან ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. ბ-ს გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში დაეხარჯა თავისი ოჯახის კუთვნილი 200 ლარი. პირადი მოტივით, რათა ოჯახის წევრების წინაშე ემართლებინა თავი, 2016 წლის 23 ივლისს, ქ. თ-ი, ა. წ-ს გამზირის №...–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მ. ბ-მ დარეკა საინფორმაციო ცენტრ 112–ში და განაცხადა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ხელიდან გასტაცა 200 ლარი და ხელზე მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით მ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა და ითხოვა მ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შემდეგ მოტივებზე მითითებით:

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია მ. ბ-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და არასწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის ობიექტი, კერძოდ: აღნიშნული მუხლით სამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია არა კონკრეტული პირის, არამედ - მართლმსაჯულების ინტერესები, მართლწესრიგის დაცვის პროცესში საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ერთგვაროვნად და ამომწურავად განმარტეს პროკურორის მიერ საჩივარში მითითებული საკითხები, რის გამოც აზრს მოკლებულია საჩივრის განსახილველად დაშვება საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის ობიექტთან დაკავშირებული განმარტების გაკეთების მიზნით.

8. გასაჩივრებული განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მ. ბ-ს ქმედებას, რასაც პალატა სრულად ეთანხმება. განაჩენით სწორადაა დადგენილი, რომ ცრუ დასმენის შემთხვევაში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ.

9. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმის არსებობა სისხლის სამართლის კოდექსის XLII თავში (დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ) მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ნორმით დაცული ობიექტი არის არა კონკრეტული პირის უფლებები, არამედ - მართლწესრიგის დაცვის პროცესში სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება და მიუთითებს, რომ მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ხელს უშლის არა მარტო მართლმსაჯულების ორგანოების სწორ და ეფექტურ საქმიანობას, არამედ მან შეიძლება გამოიწვიოს უდანაშაულო პირის დასჯა, რაც უდავოდ წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებით შელახვას. უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების ინტერესი კი, პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრევალირებს სახელმწიფო რესურსის ფუჭად ხარჯვის თავიდან აცილების ინტერესზე. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაცის, რომ კონკრეტული პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით დაცვის ძირითადი ობიექტია.

10. კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე მიუთითებს აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაც - იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში (სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნორმის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისას გამოვლენილი უნდა იყოს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულება (დასმენა, დაბრალება), რომ ამ პირმა ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ვინაიდან ბრალი/ ბრალდება თავისი არსით კონკრეტული პირისკენაა მიმართული.

11. საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატამ ნორმის სწორი განმარტებისთვის გააანალიზა სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობებიც, კერძოდ: გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსების თანახმად, ცრუ დასმენა სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ნორმის დისპოზიცაში მკაფიოდაა მითითებული, რომ ცრუ დასმენა სხვა პირის ცრუდ დადანაშაულებას გულისხმობს. საგულისხმოა ისიც, რომ ნორმა უმეტეს შემთხვევაში სწორედ მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია განთავსებული.

12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია არა ცრუ დასმენა, არამედ ცრუ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრ 112-ში, რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება (მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება წარმოადგენს დასჯად ქმედებას). საინფორმაციო ცენტრ 112-ის სერვისის არამიზნობრივად გამოყენება (კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ პირობებში) წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გადაცდომას და მისთვის შესაბამისი სახდელია დაწესებული.

13. ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოკითხვისას/ დაკითხვისას მიცემული არასწორი/ცრუ ინფორმაციის მიწოდება ცალსახად საჭიროებს სისხლისსამართლებრივ რეაგირებას, ვინაიდან წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით დასჯად ქმედებას, თუმცა ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება მ. ბ-ს მხოლოდ საინფორმაციო ცენტრ 112-ში განხორციელებულ ცრუ შეტყობინებას ედავება, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სასამართლო არსებითად გასცდება მ. ბ-ს წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, რაც შეუთავსებელია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან, რომლითაც დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

მოსამართლე პაატა სილაგაძის

განსხვავებული აზრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე გამართლებულ მ. ბ-ს მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1. უწინარესად, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას საკასაციო პალატის აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც პალატის წევრებმა გამოიტანეს ხმათა უმრავლესობით, თუმცა ვრჩები განსხვავებულ აზრზე და ჩემს მოსაზრებას ვაყალიბებ მოცემულ სამართლებრივ საკითხზე.

2. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი „ცრუ დასმენის“ საკანონმდებლო განმარტებას არ მოიცავს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განმარტოს და შეაფასოს, თუ რომელი ქმედება მიაჩნია ცრუ დასმენად, რაც შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ საკანონმდებლო ხარვეზად.

3. ჩემი მოსაზრებით, ცრუ დასმენის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის ორგანოებს მიეწოდება როგორც ზოგადი ინფორმაცია დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე მაშინაც როდესაც სახელდება დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირი, რის შესახებაც ნათლად მეტყველებს ის გარემოება, რომ მითითებული დანაშაული მოთავსებულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში. შესაბამისად, ამ დანაშაულის ობიექტია როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესები, ისე კონკრეტული პირის უფლებები და თავისუფლებები. ამდენად, ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგა მოსამართლეების მოსაზრებას, რომ კონკრეტული პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის დაცვის ძირითადი ობიექტია, რის დასტურადაც ასევე იშველიებენ სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას (გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ბულგარეთი, უნგრეთი) და უთითებენ, რომ აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობაში ცრუ დასმენა სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ნორმის დისპოზიციაში მკაფიოდაა მითითებული, რომ ცრუ დასმენა სხვა პირის ცრუდ დადანაშაულებას გულისხმობს და ეს ნორმა უმეტეს შემთხვევაში სწორედ მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია განთავსებული. თუმცა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, განსხვავებით მითითებული ქვეყნების კანონმდებლობისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ განმარტავს „ცრუ დასმენას“. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ნორმა არ უნდა განვმარტოთ მხოლოდ გრამატიკულად, არამედ ლოგიკურ-სისტემური მეთოდით, რომელიც ეფუძნება სამართლის ნორმის ადგილს კანონში.

4. გარდა ამისა, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, 2016 წლის 23 ივლისს მ. ბ-მ დარეკა საინფორმაციო ცენტრ 112-ში და განაცხადა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ხელიდან გასტაცა 200 ლარი და ხელზე მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. აღნიშნულ ფაქტზე 2016 წლის 23 ივლისს დაიწყო გამოძიება და მ. ბ-ე იმავე დღეს დაიკითხა მოწმის სახით. დაკითხვისას მან დეტალურად აღწერა თავდამსხმელის გარეგნობა, კერძოდ, მიუთითა, რომ მამაკაცი, რომელმაც მას გასტაცა ფული იყო დაახლოებით - „... 30-35 წლამდე ასაკის, საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური, ჰქონდა შავი ფერის, დაახლოებით ერთი კვირის გაუპარსავი წვერი, მოკლედ შეჭრილი შავი ფერის თმა და ეკეთა მუქი ფერის სათვალე...“. საჭიროების შემთხვევაში მას შეეძლო მისი ამოცნობა. გარდა ამისა, მ. ბ-მ დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ თავდამსხმელმა, როგორც კი ფული და ბარათი გასტაცა, გაიქცა დაახლოებით 20 მეტრი და „... ჩაჯდა იქვე გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ მუქი ფერის მსუბუქ მანქანაში, მარჯვენა მხრიდან წინა სალონში, მანქანას როგორც მახსოვს სახელმწიფო ნომერი ჰქონდა 550 და მანქანის უკანა მხარე იყო დაზიანებული, კერძოდ მომძვრალი ჰქონდა ე.წ. „შიტოკი“ „.

5. ამდენად, როგორც მ. ბ-ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, მან გამოძიებას მიაწოდა არა მხოლოდ ზოგადი მონაცემები და ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ ფაქტობრივად მიუთითა დანაშაულის ჩამდენ კონკრეტულ პირზე, როდესაც დეტალურად აღწერა როგორც მისი გარეგნული ნიშნები, ისე ავტომანქანა, რომლითაც იგი მიიმალა. რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას, აღნიშნული წარმოადგენდა არა მის, არამედ გამოძიების კომპეტენციას.

6. მოცემულ შემთხვევაში, თუკი გავიზიარებთ ჩემი კოლეგების მოსაზრებას და მითითებულ ნორმას განვმარტავთ იმდაგვარად, რომ ცრუ დასმენის შემთხვევაში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამ შემთხვევაშიც კი, ჩემი მოსაზრებით, მ. ბ-ს მიერ მოწმის სახით მიცემული ზემოხსენებული ჩვენება წარმოადგენს ცრუ დასმენას, რადგან, მართალია, მ. ბ-ე თავის ჩვენებაში არ უთითებს კონკრეტულ პირზე (სახელსა და გვარს), მაგრამ დეტალურად გადმოსცემს როგორც მის გარეგნულ, ისე ავტომანქანის ამოსაცნობ ნიშნებს, რაც ამ შემთხვევაშიც ქმნის უდანაშაულო პირის (მ. ბ-ს მიერ აღწერილი თავდამსხმელის შესაბამისი გარეგნობის მქონე პირი) დასჯის რეალურ საფრთხეს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ განმარტავს მითითებულ ნორმას და, შესაბამისად, არ უთითებს, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა ეხებოდეს - „კონკრეტულ პირს“.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული მოტივების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი დაშვებული უნდა ყოფილიყო განსახილველად.

მოსამართლე: პაატა სილაგაძე

04.10.2017