დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.09.2017
საქმის ნომერი
40აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №40აგ-17 18 სექტემბერი, 2017 წელი

ნ-ი ქ, 40აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით ქ. ნ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. ქ. ნ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2017 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ქ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, აგრეთვე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა, ვინაიდან, მისი აზრით, გამოძიება წარიმართა ხარვეზებით, მრავალი ფაქტის გაუთვალისწინებლად, კერძოდ: რეაგირება არ მოჰყოლია მის ზეპირ განცხადებას, რომ ე. კ-ს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მას სამზარეულო დანა შემთხვევით ჰქონდა ხელში (თლიდა ვაშლს), მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ჩასტარებია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც დაამტკიცებდა დანაშაულის ჩადენის მომენტში მის აფექტურ მდგომარეობას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ქ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. კასატორი - მსჯავრდებული ქ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში ქ. ნ-ი არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მასში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ კასატორისეული შეფასება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ქ. ნ-ი აღიარებდა დანაშაულს და სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას - დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას მისი აფექტში ყოფნის ფაქტის დასადგენად ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ - პალატა მიუთითებს, რომ ეს სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტიზის ჩატარება მხარის კომპეტენციაა.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ქ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ქ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე