საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.10.2017
საქმის ნომერი
2კ-293აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№293აპ-17 ქ. თბილისი

გ. ა-ლ, 293აპ-17 4 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ა. გ-ს, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 121-ე მუხლზე და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 8 ივნისიდან იმავე წლის 15 ივნისის ჩათვლით. ა. გ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს სახით განსაზღვრული თანხის – 10000 ლარის უზრუნველსაყოფად გ. ხ-სა და თ. ხ-ას საკუთრებაში არსებული (მდებარე ხ-ის მ-ის სოფელ ა-ში, 6000 კვ.მ დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №- №-, №-, №-, საკადასტრო კოდი – -----) უძრავი ქონების 10000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ-ას ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. გ-ამ 2016 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, ფ-ში, -ას ქ. №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, თავის მცირეწლოვან შვილთან – გ. გ-სთან – მოფერების დროს შეუსწრო ნაცნობს, არასრულწლოვან ჯ. ხ-ას, რომელსაც დანის გამოყენებით განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ხერხემლის მიდამოში გამავალი ნაკვეთი ჭრილობის სახით.

3. ფოთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. გ-ამ 2016 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, ფ-ში, -ას ქ. №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში შესვლისას, დივანზე დაწოლილი მცირეწლოვანი შვილის – გ. გ-ას ფეხებთან დაინახა ნაცნობი – არასრულწლოვანი ჯ. ხ., რომელსაც შარვალი და ქვედა საცვალი ჩაწეული ჰქონდა და ხელში თავისი სასქესო ორგანო ეჭირა. მან უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჯ. ხ-ას დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხერხემლის მიდამოში გამავალი ნაკვეთი ჭრილობის სახით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენის შეცვლას და ა. გ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შემდეგი მოტივით: საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ ჯ. ხ-ას ა. გ-ას ან მისი ქალიშვილის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, მძიმე შეურაცხყოფა ან სხვა მძიმე ამორალური ქმედება, რასაც შესაძლებელია, გამოეწვია ა. გ-ას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება, რაც აუცილებელი პირობაა ქმედების საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, არ ჩაუდენია.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ა. გ-ამ ჯ. ხ-ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 10 ივნისის №- დასკვნით, ჯ. ხ-ას დაესვა დიაგნოზი: შოკი დაუზუსტებელი, ნაკვეთი ჭრილობა ხერხემლის არხში გავლით, TH7-TH8 მალთა დონეზე ზურგის ტვინის შეშუპება, მიელოპათია; დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – მ. მ-ის ჩვენებით, ა. გ-ა ჩადენილი ქმედების დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მოწმე შ. გ-ის ჩვენებით, „ა. გ-ას აზრი არ ეკითხებოდა... ჯ. ხ. იძახდა, რომ მამამისისთვის არ დაერეკათ. მას შარვალი ჰქონდა ჩახდილი და ცდილობდა აწევას, მაგრამ ვერ იწევდა.“ მოწმე ზ. დ-ას ჩვენებით, „ჯ. ხ. იწვა, შარვალი შეხსნილი ჰქონდა... მას საცვალი უჩანდა... შარვალი შეხსნილი ჰქონდა წინიდან.“ მოწმე დ. მ-ის ჩვენებით, „ა-ს გამწარებული კაცის გამომეტყველება ჰქონდა, აზრი არ ეკითხებოდა... ა-ს ჯანმრთელი, დაწყობილი ადამიანის სახე არ ჰქონდა“. მოწმე ა. ლ-ის ჩვენებით, „ჯ-ს შარვალი მუხლს ქვემოთ ჩახდილი ჰქონდა... ა. გ. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ჭკუა არ ეკითხებოდა, მას შეშლილი სახე ჰქონდა.“

10. მოწმეთა ჩვენებები მსჯავრდებულ ა. გ-ას ჩვენების თანხვდენილია. მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კარის შეხსნისას დაინახა, რომ ჯ. ხ. შარვალჩახდილი იდგა და ხელში სასქესო ორგანო ეჭირა, ხოლო მისი ქალიშვილი დივანზე იწვა; ამის დანახვაზე „ტვინი გადაეკეტა“ და რა გააკეთა, არ ახსოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს 1-ლი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ ა. გ. მოქმედებდა განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და ასეთი ქმედება პროვოცირებული იყო დაზარალებულის ქცევით. გარდა ამისა, პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე