საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.11.2017
საქმის ნომერი
2კ-438აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№438აპ-17 ქ. თბილისი

ბ. გ-ი, 438აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით გ. ბ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-მა ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 19.30 საათზე, მ-ის რაიონში, - ტერიტორიაზე, გ. ბ-მა ავტომანქანაში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ა. გ-თან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. თ. ითხოვს გ. ბ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 140–ე მუხლზე შემდეგი მოტივებით:

ძალადობისა და ძალადობის მუქარის დამადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებული; დაზარალებულის ტანსაცმლის დაუზიანებლობის ფაქტი და ასევე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია გაუპატიურებისათვის არადამახასიათებელი მცირე დაზიანებების შესახებ, გამორიცხავს ძალადობის ფაქტს; გარდა ამისა, გ. ბ. გახდა ადვოკატის ცრუ დაპირების მსხვერპლი, რამაც განაპირობა მტკიცებულებების წარუდგენლობა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ბ-სთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 137–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ.№253აპ-15, №466აპ-16, №188აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გ. ბ-თვის ბრალად შერაცხული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 4 მაისს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი პასუხისმგებლობა არც გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა, რის გამოც არც ამ მოტივით არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე