დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №60აგ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
დ–ი ლ. 60აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ლ. დ. და თ. დ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განაჩენით:
ლ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 აგვისტოდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის _ 15000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
თ. დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 აგვისტოდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის _ 15000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ. დ–სა და თ. დ. კ–ის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: ნივთმტკიცებად ცნობილი _ 6708 წყვილი მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმელი, 1529 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, 3429 წყვილი მამაკაცის საშემოდგომო ფეხსაცმელი, 12 ხვეულა ფარდის ქსოვილი, თეთრეულის 200 კომპლექტი, 72 პირსახოცი, 130 გადასაფარებელი, 100 თხელი საბანი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. დ–ის, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ის, მსჯავრდებულ თ. დ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–სა და მსჯავრდებულ თ. დ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. 2017 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულების - ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელმაც ითხოვა ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენი მათ მიმართ გამოტანილია ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ადვოკატი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით ადვოკატ ლ. კ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - ადვოკატი ლ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განხილვას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უდევს საფუძვლად ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულების - ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის ადვოკატის - ლ. კ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინება მსჯავრდებულების - ლ. დ–ისა და თ. დ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე