დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.12.2017
საქმის ნომერი
2კ-35-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

35I-17 ქ. თბილისი

ა-ი რ, 35I-17 19 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - მ. გ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს

თარჯიმან - მ. ბ-ე

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ა-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2017 წლის 24 მარტს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ გამოსცა დადგენილება რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, რ. ა-ს ბრალად ედება ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 235.1 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადატანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ქ. ე-ს ადმინისტრაციული რაიონების - ცენტრისა და ნ-ს საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით რ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ გამოაცხადა რ. ა-ს ძებნა.

2. ს-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, რ. ა-ს მიერ ს-ს რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ს. ბ-ა მოძრავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ი-ს“ შეძენის მიზნით, თავის ძველ ნაცნობს - გ. ს-ს შესთავაზა - 50 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ვ-ს მხარის მაცხოვრებლებთან - გ. მ-ნ, ა. პ-ნ, რ. ა-ა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეუდგა საბრძოლო მასალის შეძენას. 2017 წლის მარტში, ჯგუფის წევრებმა - 4 000 აშშ დოლარის წინასწარი გადახდით, ს-ი შეიძინეს საზენიტო - სარაკეტო კომპლექს „ი-ს“ შემადგენელი ნაწილები - „9M39“ ტიპის გამშვები მილი და 03277 ნომრის მქონე რაკეტა, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო მასალას, შემდგომ კი იგი კონტრაბანდული გზით შეიტანეს და დამალეს ს-ი, ა-ს მხარის ქ. ვ-ი, ტ-ს ქ. დ24-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, ს. ბ-ს მოთხოვნით, გ. მ-ა ხსენებულ საბრძოლო იარაღს საკუთარი ტაბლეტით გადაუღო ფოტო და ტაბლეტი გადასცა ა. პ-ს, რომელმაც ს. გ-ს მეშვეობით ფოტო წარუდგინა ს. ბ-ს. ფოტოს ნახვის შემდეგ ს. ბ-ა, საბრძოლო იარაღის ვარგისიანობის შენარჩუნების და დაზიანებისგან დაცვის მიზნით, გასცა დავალება, რათა დასახელებული საბრძოლო მასალა შეენახათ ყუთში და გადაემალათ მათთვის მითითებულ ადგილზე, რის სანაცვლოდაც რამდენიმე დღეში გადაიხდიდა შეთანხმებულ თანხას. ამასთან, ზემოაღნიშნული სარაკეტო კომპლექს „ი-ს“ შემადგენელი ნაწილები - „9M39“ ტიპის გამშვები მილი და 03277 ნომრის მქონე რაკეტა შეიძინა და ს-ს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიტანა უშუალოდ რ. ა-ა და შემდეგ, მათი შემდგომი გადამალვის მიზნით, ს-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასცა თანამონაწილეებს. 2017 წლის მარტში „9M39“ ტიპის გამშვები მილი და 03277 ნომრის მქონე რაკეტა აღმოაჩინა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა.

3. 2017 წლის 27 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა-ი.

4. 2017 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

5. 2017 წლის 29 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო რ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ს რესპუბლიკის შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართის ასლები, ხოლო მათი დედნები - 2017 წლის 7 აპრილს.

6. 2017 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ. ა-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მიიღო 2017 წლის 5 ივლისს.

7. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 27 სექტემბრამდე.

8. 2017 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 27 დეკემბრამდე.

9. 2017 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა რ. ა-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს 2017 წლის 24 მარტის დადგენილებაში და დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 235.1 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადატანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 235.1 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადატანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).

11. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. რ. ა-ი დაპირისპირებულია ს-ს რესპუბლიკის მოქმედ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან, მისი მამა იყო ოპოზიციური პარტიის წევრი და ს-ს რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი, რის გამოც ექსტრადიციის შემთხვევაში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, მას დაემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე, რაც შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან; გარდა ამისა, არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს არაერთი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში („Freedom House”, „Human Rights Watch”), რომლებშიც საუბარია პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, უკანონო დაპატიმრებებზე, რაც დაკავშირებულია ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებსა და ამ ნიშნით მათი უფლებების უხეშ დარღვევასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 17 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება რ. ა-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ა-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პოლიტიკური ნიშნით დაემუქრება საფრთხე, დაექვემდებარება დევნასა და დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“[1]. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება.[2] უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.[3] ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას.[4]

6. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ ვერ მოიძია, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებდა რ. ა-ს მიმართ პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით დევნის რეალური საფრთხის არსებობას, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატის ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ს-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ არანაირი შეხება არ აქვთ რ. ა-ნ და, შესაბამისად, აღნიშნულით არ დასტურდება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი შეიძლება, აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ს-ს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ს-ს წარმოუდგინა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ა-ს მიმართ სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები და რომ შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, იგი ისარგებლებს დაცვის განხორციელების ყველა შესაძლებლობით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 235.1 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადატანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), no 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), no 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991).

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016., „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 70, 04.02.2005.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005.