საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.01.2018
საქმის ნომერი
2კ-470აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№470აპ-17 ქ. თბილისი

ქ-ე ბ, 470აპ-17 23 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის, მსჯავრდებულ ბ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ისა და მსჯავრდებულ გ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბ. ქ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ-ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ბ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

გ. ჩ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ჩ.ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. გ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

გ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 18 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. გ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულების - ბ. ქ-ის, გ. ჩ-ისა და გ. ბ-ის მიმართ შევიდა ცვლილება (კანონმდებლობაში განხორციელებული რედაქციული ცვლილებების საფუძველზე), კერძოდ:

ბ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ბ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ-ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ცნობად იქნა მიღებული, რომ ბ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ჩ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 18 წლით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბ. ქ-ე, ამავე დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროს გ. ჩ-სა და ამავე დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ. ბ-თან ერთად, 2013 წლის ივლისში, უკანონოდ დაეუფლა ამავე დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N..... საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებულ 11933.70 გრამ ფხვნილისებურ ნივთიერებას, რომელიც შეიცავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1905.42 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ (დიაცეტილმორფინს), რასაც 2013 წლის 30 ოქტომბრამდე უკანონოდ ინახავდნენ -ის რაიონის სოფელ ქვემო -ში ე.წ. „კ-ას“ ტყის მასივში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით:

მსჯავრდებულმა გ. ბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ალტერნატივის სახით - გ. ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება; გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - სასჯელის გადასინჯვა. შემდგომში, დამატებითი საკასაციო საჩივრით მათ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

მსჯავრდებული ბ. ქ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული გ. ჩ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. კ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის შემსუბუქებას.

6. მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის მითითებით, სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაინტერესებული პირის - მ. გ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება და არაობიექტურად შეაფასა ირიბი მოწმის - ზ. ვ-ის ჩვენება. ა. ს-ის სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა 2013 წლის 4 ივლისს და მსჯავრდებულები ვერ დაეუფლებოდნენ ნარკოტიკს იმ დროს, როგორც ეს მათ ბრალდებებშია მითითებული. განაჩენის მიღებამდე, ყველა საპროცესო დოკუმენტის თანახმად, გ. ბ-ი სხვა პირებთან ერთად ნარკოტიკულ საშუალებას დაეუფლა 2013 წლის 3 ივლისს, სააპელაციო პალატამ კი 2014 წლის 4 ივლისი მიუთითა, რითაც დაარღვია საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან დაცვის მხარეს გამოძიების სტადიიდან სჭირდებოდა მომზადება იმის დასამტკიცებლად, რომ მას დანაშაული არც 2013 წლის 3 ივლისს და არც იმავე წლის 4 ივლისს არ ჩაუდენია. ავტომანქანის ჩხრეკის ადგილიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოღებული არ ყოფილა. 2013 წლის 6 დეკემბერს მ. გ-ისა და გ. ბ-ის პირველი შეხვედრის ჩაწერა განხორციელდა 16:31 – 17:42 დროის შუალედში, ხოლო მოსამართლის ბრძანება გაცემულია იმავე დღეს, 16:15 საათზე. დაცვის მხარის პოზიციით, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა ფარული ჩაწერისათვის აუცილებელი ღონისძიებების მოსწრება. ამდენად, მ. გ-ის განმარტება, რომ მას მიუტანეს მოსამართლის ბრძანება, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაზე მოწმობს.

7. კასატორის მითითებით, განაჩენის თანახმად, 2013 წლის 6 დეკემბრის ფარული ჩანაწერით დგინდება, რომ გ. ბ-ი ზ. ვ-ისათვის ნარკოტიკის გადაცემაზე სასტიკი წინააღმდეგი იყო. მ. გ-მა განმარტა, რომ მასთან მივიდა გ. ჩ-ი და უთხრა, რომ კონფლიქტი მოუხდა გ. ბ-თან, რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა ზ. ვ-ისთვის ნარკოტიკების გადაცემის გამო. შემდეგ მოლაპარაკებებში გ. ბ-ი აღარ ჩარიეს. კასატორის მითითებით, დაუდგენელია, რა ჩაიდინა გ. ბ-მა, როგორ დაეუფლა იგი ნარკოტიკს, როგორ დამალა და შეინახა იგი „კ-ას“ ტყეში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებაზე ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა და უარყოფილი არაა ეჭვი მათი მონტაჟის თაობაზე.

8. მსჯავრდებულმა ბ. ქ-მ, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ემ, აგრეთვე მსჯავრდებულმა გ. ჩ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-მა განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. ქ-ე, გ. ჩ-ი და გ. ბ-ი წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ დაეუფლნენ მალულად შენახულ (და არა „ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებულ,“ როგორც ეს ბრალსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული) 11 933.70 გრამ ფხვნილისებურ ნივთიერებას. სასამართლოებმა არ იმსჯელეს, თუ რატომ იყო სახეზე წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი. განაჩენში არ არის დასაბუთებული რაში მდგომარეობდა ბ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რა ჩაიდინა მან, რა ფორმით მონაწილეობდა ან შეუწყო ხელი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო დაუფლებას. გ. ჩ-ი და გ. ბ-ი უარყოფენ ბ. ქ-ისგან რაიმე დავალების მიღების ფაქტს. ჩხრეკაში მონაწილე პირების, ბ. კ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბ. ქ-ე იმყოფებოდა ხან სატვირთო ავტომანქანის სახურავზე, ხან - ქვემოთ. დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოვარდნილად არის წარმოდგენილი ი. ჯ-ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც თითქოს მან თქვა, რომ ავტომანქანასთან დარჩნენ მ. გ-ი, გ. ჩ-ი და გ. ბ-ი. ბ. ქ-ემ საგამოძიებო მოქმედების ადგილი დატოვა სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დასრულებისთანავე, რის შემდეგაც დაკავებული პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდებოდა.

9. კასატორთა მითითებით, 2013 წლის 30 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს არ ჰქონდა წარმოებაში სისხლის სამართლის N… საქმე. აღნიშნული საქმე პროკურორ მ. სილაგაძის 2013 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით გამოეყო სისხლის სამართლის N… საქმეს. პროკურორის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი საქმის ქვემდებარეობით წარმართვის შესახებ. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მ. გ-ის ბრალდების საქმიდან გამოყოფილი N…. სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დადგენილების თანახმად, საქმის გამოძიების მიზანი მ. გ-ის მიერ შეძენილი/შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის დადგენა იყო (რომელსაც გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე ინახავდა), გამოძიებით ახალი გარემოების დადგენამდე, საქმე ტერიტორიული განსჯადობით განეკუთვნებოდა გლდანი-ნაძალადევის გამომძიებელს, ან იმ გამომძიებელს, ვისი უფლებამოსილებაც მის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. რაც შეეხება მ. გ-ისათვის იმ დროისათვის ინკრიმინირებული 0.5135 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტს, აღნიშნული მან დიღმის ტერიტორიაზე ჩაიდინა. 2013 წლის 30 ოქტომბერს გამომძიებელ გ. გ-ის მიერ მ. გ-ის დაკითხვა სისხლის სამართლის N…. საქმეზე ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ მ. გ-ი ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას, იგი მოწმის სახით 2013 წლის 30 ოქტომბერს (მისი ბრალდების საქმიდან 2013 წლის 29 ოქტომბერს ცალკე წარმოებად გამოყოფილ სს N…. საქმეში), ადვოკატის დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე დაიკითხა. საქმეში „ბრუსკო საფრანგეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულად ადამიანი განიხილება და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით ის სარგებლობს მომენტიდან, როცა სახელმწიფო მას დაუსვამს კითხვას, რისი პასუხიც შეიძლება თვითინკრიმინაციული იყოს.

10. კასატორთა მითითებით, გამოძიების სტადიაზე ბ. ქ-ის დაცვის მხარე დ. თ-ს შეხვდა …ში. შეხვედრის აუდიოჩაწერა დ. თ-ის წინასწარი თანხმობით განხორციელდა. ჩანაწერის მიხედვით, დ. თ-მა ბუნდოვნად იცის, რა საგამოძიებო მოქმედების ოქმს მოაწერა ხელი და უარყო „-ას“ ტყეში რაიმის დამარხვის ფაქტი. ოპერატიულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კასატორი ეხება თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას. ევროპული სასამართლო საქმეში „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ ჩანაწერები არ შეიცავდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და სასამართლომ ის მხედველობაში მიიღო მხოლოდ საუბრის მონაწილე პირებს შორის ურთიერთობის ხასიათის დასადგენად (იხ. აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს N102აგ-16 გადაწყვეტილება). საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ქ-ეს არ გადაეცა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების ასლები, რის გამოც მათზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდა. გადაცემულ დისკებზე რეალურად არანაირი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. ამასთან, აპელაციას და წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს არ ჰქონდათ უფლება, დამოუკიდებლად სამუშაო ოთახში გაეხსნათ დალუქული მტკიცებულება. კასატორების მითითებით, სასამართლოებმა არ იმსჯელეს დაცვის მხარის N… ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტ-ქიმიკოს ლ. ქ-ის ჩვენებაზე.

11. კასატორთა პოზიციით, სასჯელი აგრეთვე არასამართლიანია, ვინაიდან ბ. ქ-ე მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, არის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, არ არის ნასამართლევი და სამსახურში პირნათლად მსახურობდა. წლების განმავლობაში ასევე პირნათლად მსახურობდა გ. ჩ-იც, რისთვისაც დამსახურებულად ხდებოდა მისი წახალისება და ხასიათდებოდა დადებითად. დაპატიმრებამდე მის კმაყოფაზე იყვნენ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებულნი განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მსგავს საქმეებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხილეთ №73აპ-13 და №521აპ-15 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

14. 2013 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გადაუდებლად მიჩნევასთან, გამოძიების მიერ ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით ე.წ. თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიის დარღვევის, ოპერატიულ-სამძებრო მასალების მოპოვების კანონიერების, რიგი საგამოძიებო ღონისძიებების ჩაუტარებლობის (მათ შორის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის) ნარკოტიკული საშუალებების იდენტურობისა და 2013 წლის 30 ოქტომბერს მ. გ-ის ადვოკატის გარეშე მოწმედ დაკითხვის საკითხებთან, ასევე სხვა, ძირითად არგუმენტებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს, რის გამოც მათი გამეორება მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია.

15. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ქ-ისათვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების ასლების გადაუცემლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, კერძოდ, 2014 წლის 6 აპრილის ოქმით - შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ - დასტურდება, რომ ადვოკატ თ. გ-ეს გადაეცა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ყველა ინფორმაცია, გადატანილი 11 დისკზე. ოქმს თან არ ახლავს რაიმე სახის დამატება ან/და შენიშვნა და მას ხელს აწერს თავად ადვოკატი თ. გ-ე.

16. რაც შეეხება მ. გ-ის გამოძიების სტადიაზე დაკითხვის ოქმებსა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ ფაქტობრივ გარემოებებში, რომლებმაც ბ. ქ-ის, გ. ბ-ისა და გ. ჩ-ის ქმედების შესაბამისი მუხლით კვალიფიკაცია გამოიწვია, არსებითი ხასიათის ურთიერთწინააღმდეგობა არ გამოკვეთილა.

17. საკასაციო პალატა აგრეთვე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოვარდნილად არის წარმოდგენილი ი. -ის ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც თითქოს მან თქვა, რომ ავტომანქანასთან დარჩნენ მ. გ-ი, გ. ჩ-ი და გ. ბ-ი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე 2014 წლის 18 სექტემბერს მოწმედ დაკითხვის დროს ი. ჯ-მა განმარტა, რომ ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე ხელმძღვანელ პირს წარმოადგენდა ბ. ქ-ე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ადგილზე დარჩნენ მ. გ-ი, გ. ჩ-ი და გ. ბ-ი. მოწმემ აგრეთვე განმარტა, რომ თუ არ ცდება, მათი დარჩენის მიზანს წარმოადგენდა იმ ავტომანქანის შემთხვევის ადგილიდან წამოყვანა.

18. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში კასატორები ასევე მიუთითებენ სხვა გარემოებებზეც, როგორც მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევებზე, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ისეთი სახის მნიშვნელოვან დარღვევებს, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სახეზეა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ჩაიდინეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომლის აღკვეთაც პირადად მათი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი.

20. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) განხილვის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ყველა იმ არგუმენტსა და მტკიცებულებაზე, რომლებიც ადასტურებდა მსჯავრდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და ასევე პასუხი გასცა ყველა ძირითად მითითებას, რაც სააპელაციო საჩივრებში დაცვის მხარეს ჰქონდა დასახელებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1] საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის, მსჯავრდებულ ბ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის და მსჯავრდებულ გ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატის რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ვან დე ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. The Netherlands), N16034/90, 19/04/1994, §61 და „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.