საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
2კ-415აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №415აპ-17 ქ. თბილისი

კ-ე ს, 415აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. კ-ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (შპს „ო-ა“ და შპს „ე-ს“ ეპიზოდები).

2. პირველი ინსტანციის სასამართლო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განჩინების გაუქმებასა და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე ს. კ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

პროკურორსა და ბრალდებულ ს. კ-ს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე ეთქვათ უარი.

სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას (ვინაიდან 2017 წლის 10 მაისს საქმე წარიმართა წინასასამართლო სხდომისათვის).

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველი და განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. ბრალდებულისთვის ცნობილი უნდა იყოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებდეს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული უნდა აცნობიერებდეს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, სასამართლომ ვერ მიიღო ბრალდებულისგან ამომწურავი პასუხები, აცნობიერებს თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალდების არსს, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, აქვს თუ არა გააზრებული ის შედეგები, რაც უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას, ის უფლებები, რომლებითაც შეუძლია მან ისარგებლოს საქმის განხილვისას. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაცვის მხარის პოზიციები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ დაემთხვა ერთმანეთს, კერძოდ, თავდაპირველად დაცვის მხარე არ დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმებოდნენ სასჯელის ზომას, თუმცა მოგვიანებით თანხმობა განაცხადეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე. ამასთან, პალატამ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკითხების გარკვევის დროს ვერ მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, ვერ დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამდა საპროცესო შეთანხმების შინაარსს, რაც სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ საპროცესო შეთანხმებაში ჩადებული ვალდებულება - მისცეს მამხილებელი ჩვენება კონკრეტული პირის მიმართ, გამომდინარეობს საპროცესო კანონის მოთხოვნიდან, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია, პროკურორი შეუთანხმდეს ბრალდებულს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი კი ასახული უნდა იყოს შუამდგომლობაში. სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ეს პირობა შეუსაბამოა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებთან უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით, ვინაიდან სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, ამ პირობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას კი სასამართლო გარკვეულწილად გამოხატავს თავის პოზიციას იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც არ იხილავს საქმეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განაჩენში პირობის დაფიქსირება - არდაფიქსირება, თავისთავად, არ ცვლის საპროცესო შეთანხმების არსს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარე უფლებამოსილია, ბრალდებულის მიერ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, რაც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ბიძგი ცრუ ჩვენების მიცემისაკენ.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ, რომელიც საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი; ხოლო ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, თუ მას მიაჩნია, რომ ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები ვერ მიიღო.

12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს 1-ლი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ მიიღო ბრალდებულისგან ამომწურავი პასუხები, აცნობიერებს თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალდების არსს, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს; აქვს თუ არა გააზრებული ის შედეგები, რაც უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას, ის უფლებები, რომლებითაც შეუძლია ისარგებლოს საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაცვის მხარის პოზიციები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ დაემთხვა ერთმანეთს, კერძოდ, თავდაპირველად დაცვის მხარე არ დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმებოდნენ სასჯელის ზომას, თუმცა მოგვიანებით თანხმობა განაცხადეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ საპროცესო შეთანხმების პირობად გამოძიებასთან თანამშრომლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს, ერთი მხრივ, როგორც მსჯავრდებულის დავალდებულება, მისცეს ცრუ ჩვენება და, მეორე მხრივ, იმ პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რომლის მამხილებელ ჩვენებასაც აძლევს ბრალდებული. საკასაციო პალატა ამასთან დაკავშირებით ასევე იზიარებს ორივე ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ეს პირობა შეუსაბამოა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებთან უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით, ვინაიდან სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება; ამ პირობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას კი სასამართლო გარკვეულწილად გამოხატავს თავის პოზიციას იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც არ იხილავს საქმეს.

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი