საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №424აპ-17 ქ. თბილისი
ტ-ე დ, 424აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ტ-ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ასევე - ყაჩაღობაში, ე.ი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 0520 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დ. ტ-ე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ყაჩაღურად დაესხა თავს ქალაქ ო-ი, ა-ს ქ. №...-ში მდებარე შპს „რ-ს“ ავტოგასამართ სადგურს. მათ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორ გ. ს-ს მოტყუებით გააღებინეს ოფისი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გ. ს-ს გასტაცეს 307 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც შპს „რ-ს“ მიაყენეს 307 ლარის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დ. ტ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა დ. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 60000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ო-ი, ჩ-ს ქუჩის № ...-ში მდებარე ა. ტ-ს (პირადი ნომერი .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართობით 520 კვ.მ და შენობა-ნაგებობას განაშენიანების ფართით 136,6 კვ.მ შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: ო-ი, კოდი ..., სექტორი - ქ. ო-ი, კოდი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 62,348 (სამოცდაორი ათას სამას ორმოცდარვა) ლარს და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ დ. ტ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პეტრე სალუქვაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ტ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 0520 საათზე, ნამდვილად დააყაჩაღეს ქალაქ ო-ი, ა-ს ქ. №...-ში მდებარე შპს „რ-ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი, რომელსაც გასტაცეს 307 ლარი. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი მათგანი გადახტა ე. ხ-ს ეზოში, სადაც დააგდო ქუდი და პისტოლეტი. ამოღებული ქუდის შიგა ზედაპირზე აღმოჩნდა დ. ტ-ს გენეტიკური პროფილი, ხოლო ქუდის თასმებზე - ა. ტ-ა და რ. ტ-ს გენეტიკური პროფილები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია: გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ ქუდის შიგა ზედაპირზე არსებული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია დ. ტ-ს გენეტიკური პროფილისა, ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ყაჩაღობის ერთ-ერთი მონაწილე შესაძლოა, იყოს დ. ტ-ე, მაგრამ ამ ეჭვის დასადასტურებლად საჭიროა სხვა მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია.
საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ თავდამსხმელი იყო ორი პირი. ისინი გაიქცნენ, მათგან ერთ-ერთი გადახტა ე. ხ-ს ეზოში, სადაც დააგდო ქუდი და პისტოლეტი. პოლიციის თანამშრომლებს არ დაუნახავთ თავდამსხმელთა სახეები და არ შეუძლიათ მათი ამოცნობა. არც ერთ მათგანს არ მიუთითებია, რომ პირი, რომელიც გადახტა ე. ხ-ს ეზოში, დ. ტ-ე იყო.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზეც, რომ გამოძიების ეტაპზე ჩატარდა დამატებითი ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, ქუდზე მიმაგრებულ თასმებზე არსებულ შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება როგორც ა. ტ-ს, ასევე - რ. ტ-ს თანამონაწილეობა. ამდენად, დადგინდა, რომ ე. ხ-ს ეზოდან ამოღებულ ქუდთან შეხება ჰქონდა არა მარტო დ. ტ-ს, არამედ - ა. ტ-ა და რ. ტ-ს. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ რადგან დ. ტ-ს გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ქუდის შიგა ზედაპირზე, ბოლოს ქუდი დ. ტ-ს ეხურა, რაც წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს და რაც არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ. ტ-ს ბრალეულობის დამადასტურებლად ვერ გამოდგება ვერც ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ამ დასკვნით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ თავდამსხმელი იყო ორი პირი, ხოლო პირთა იდენტიფიკაციისათვის ჩანაწერები აღმოჩნდა უვარგისი. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე დაფიქსირებული ორი პირის სიმაღლე არ შეესაბამება დ. ტ-ს სიმაღლეს.
ასევე უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება დ. ტ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებზე, როგორც მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დ. ტ-მ თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ყაჩაღობასთან. ქუდი კი არ იცის, როგორ აღმოჩნდა ე. ხ-ს ეზოში. რაც შეეხება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოქვეყნებულა. ამდენად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დ. ტ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენის დასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა დ. ტ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პეტრე სალუქვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას დ. ტ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ. ტ-ს ბრალეულობაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს გააჩნია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №294აპ-15, №462აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი