საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
2კ-577აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №577აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ა ი., 577აპ-17 5 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ი. ბ-ს, ბ. -ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს ბრალი დაედოთ შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, ….. სახელობის სკვერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „…..” და მათმა მხარდამჭერებმა დაგეგმეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია. აღნიშნული აქციის გამართვისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით, …..პარალელურად გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფისა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად პოლიციამ გადაკეტა ….. და მიმდებარე ქუჩები, გაკეთდა შესაბამისი კორიდორები და კორდონები.

მიუხედავად მიღებული უსაფრთხოების ზომებისა, კონტრდემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი მას შემდეგ გადალახეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია „…..” მიერ დაგეგმილი შეკრება ….. სახელობის სკვერში გაიმართებოდა. შეკრების ხელის შეშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სასულიერო პირი - ი. ბ-ა, რომელმაც ხელი დაარტყა პოლიციელს, ძალადობით გაარღვია კორდონი და მოუწოდა შეკრებილებს, დაერბიათ ლგბტ-ის მხარდამჭერთა აქცია.

ლგბტ-ის მხარდამჭერთა შეკრების ხელის შეშლის მონაწილეები იყვნენ ტ. დ-ი და ბ. ს-ე. ისინი დაგეგმილი აქციის დარბევისა და მასში მონაწილეებთან ანგარიშსწორების მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად ….. ქუჩაზე გამოხატავდნენ ლგბტ-ის მხარდამჭერთა მიმართ აგრესიას, რის გამოც ….. სკვერში მიმავალმა ლგბტ-ის მხარდამჭერებმა ვერ შეძლეს აქციის ჩატარების ადგილზე მისვლა და შეკრების უფლების განხორციელება.

ლგბტ-ის მხარდამჭერთა შეკრების ხელის შეშლის მონაწილე იყო ასევე, გ. ბ-ი, რომელმაც სხვა პირებთან ერთად, აგრესიულად დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით გადაადგილება. ისინი განსხვავებული შეხედულების ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ და მთლიანად დაიკავეს აქციისთვის გამოყენებული სივრცე. ი. ბ-მ და მისმა თანამზრახველებმა არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობით უკანონოდ შეუშალეს ხელი შეკრებაში მიეღოთ მონაწილეობა.

მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ….. სკვერში მიმდინარე აქცია შეწყდა, ხოლო შეკრების ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების ძალისხმევით ავტობუსებით გაიყვანეს მოვლენების ეპიცენტრიდან.

ბ. ს-ე, ტ. დ-ი და მათი თანამოაზრეები წინ აღუდგნენ აღნიშნულ მიკროავტობუსს და ძალადობის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაზიანებას. ბ. ს-მ ხელის დარტყმით ჩაამსხვრია მიკროავტობუსის მინა, ტ. დ-ი და მისი თანამოაზრეები კი მიკროავტობუსს ესროდნენ სხვადასხვა ნივთს და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მიკროავტობუსში მსხდომ პირებს, ხოლო ი. ბ-ა წინ აღუდგა…..(ყოფილი …..) ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელშიც ისხდნენ აქციაზე მყოფი პირები. ის ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა ავტობუსის დაზიანებას და მძღოლის იძულებით გადმოყვანას სალონიდან.

აღნიშნულის გამო, ლგბტ-ის აქციის მხრადამჭერებმა ვერ შეძლეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება და მათი შეკრების უფლების განხორციელება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:

ი. ბ-ა, - დაბადებული 19..წელს, ნასამართლობის არმქონე; ბ. ს-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე; ტ. დ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი და გ.ბ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

გამართლებულებს - ი. ბ-ს, ბ. ს-ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ქორაიამ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: ი. ბ-ს, ბ. ს-ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ მიუხედავად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, რომლებიც პირდაპირ ამხელდნენ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში, უპირობოდ გაიზიარა ბრალდებულთა ჩვენებები, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განაჩენის დასაბუთებისას გამოიყენა მოწმეთა ჩვენებების ზოგადი ნაწილი და არა - მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ისინი პირდაპირ ამხელენ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გამართლებულების - ი. ბ-ს, ბ. ს-ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს მიერ მათ მიმართ ბრალად წადგენილი დანაშაულების ჩადენა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი. ბ-მ აჩვენა, რომ სასულიერო პირია და 2013 წლის 17 მაისს იმყოფებოდა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის საპროტესტო აქციაზე. ამ საპროტესტო აქციაზე მისი ყოფნა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - სიმშვიდის დაცვას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობის თავიდან აცილებას. მოწმემ აღნიშნა, რომ ….. სახელობის სკვერში არ ყოფილა, აქციის მონაწილეებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც არავინ წაუქეზებია ლგბტ პირების დასარბევად. ტერიტორიას იცავდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ხალხის ნაკადმა მაინც გაარღვია კორდონი. რაც შეეხება მიკროავტობუსის წინ დგომას …..ქუჩაზე, აღნიშნული განპირობებული იყო ავტობუსის შეჩერების სურვილით, ვინაიდან ის შეუჩერებლად მოძრაობდა და არსებობდა იქ მყოფი ადამიანების დაზიანების საშიშროება. მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ ხსენებული ავტობუსით გადაჰყავდათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეები და არც ავტობუსში ასვლა უცდია, ვინაიდან დაინახა, რომ იქ სასულიერო პირი, მამა დ. იმყოფებოდა, რომელიც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ბ. ს-მ აღნიშნა, რომ 2013 წლის 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მისი კონტრაქციის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო. დაახლოებით 12:00 საათზე ….. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად შეუერთდა კონტრაქციას. მშვიდობიანი მეთოდებით აპირებდა პროტესტის გამოხატვას. პოლიციის კორდონი …. იყო განთავსებული, რის გამოც გაჩერდა კორდონიდან დაახლოებით 40-50 მეტრში. დაახლოებით პირველი საათისთვის ხალხის მასა მიაწვა კორდონს, რომელიც გაირღვა და ისიც ძალაუნებურად გაჰყვა ხალხს. გაემართნენ …..ქუჩის მიმართულებით, თუმცა ხალხის რაოდენობის გამო ვერ მოახერხა …..ქუჩის კუთხეში მისვლა. ამ დროს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, რომელიც უკან აღარ დაუბრუნეს. მოწმემ აღნიშნა, რომ ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, შეკრებაში ხელი არავისთვის შეუშლია და არაფერი დაუზიანებია.

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ტ. დ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2013 წლის 17 მაისს შემთხვევით აღმოჩნდა ქ. თბილისში, …..ქუჩაზე, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და დაგეგმილი მარშრუტით მოძრაობის გაგრძელება ვერ შეძლო. ხალხის ნაკადის გამო იძულებული გახდა, იქვე მდგარ ავტომანქანაზე ამძვრალიყო და თავისი უკმაყოფილება გარკვეული ჟესტიკულაციით დაეფიქსირებინა, რა დროსაც ხელიდან სიგარეტის კოლოფი დაუვარდა. სხვა რაიმე საგანი ხელში არ სჭერია, არც არაფერი უსვრია მიკროავტობუსის მიმართულებით და, შესაბამისად, არავინ და არაფერი დაუზიანებია.

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ. ბ-მ განაცხადა, რომ ტელევიზიით შეიტყო 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის, ასევე, კონტრაქციის შესახებ. 2013 წლის 17 მაისს იგი შეუერთდა კონტრაქციას, რათა თავისი პოზიცია მშვიდობიანად გამოეხატა. ის იმყოფებოდა ….., პოლიციის კორდონიდან მე-3 ან მე-4 რიგში, რა დროსაც მის უკან ატყდა ხმაური და ხალხის მასამ დაიწყო კორდონის გარღვევა. იგი თავის შეკავებას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. თავისუფალი ადგილის გამოჩენისთანავე გვერდით მყოფ ადამიანებთან ერთად გაძვრა და აღმოჩნდა კორდონის მეორე მხარეს. ინერციით გაირბინა დაახლოებით 15-20 მეტრი და გაჩერდა. მიწისქვეშა გადასასვლელამდე არ მისულა. შემდეგ გაურკვეველი სიტუაციის გამო, ტერიტორია დატოვა და წავიდა სახლში. გ. ბ-მ ასევე განმარტა, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, …..სკვერთან საერთოდ არ ყოფილა და ის გარემოება, რომ, თითქოსდა, ჯოხით იყო შეიარაღებული, უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ქ. ნ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დღეს - 2013 წლის 17 მაისს, მ. ნ-სთან, თ. ს-სა და ბ. ს-სთან ერთად იმყოფებოდა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის საპროტესტო აქციაზე. ისინი იმყოფებოდნენ ….. არსებული პოლიციის კორდონისგან მოშორებით, როდესაც ხალხის ტალღამ გაარღვია კორდონი და ინერციით გადაადგილდნენ და დაიფანტნენ, თუმცა კორდონის გარღვევიდან რამდენიმე წუთში შეძლო ბ. ს-ს დანახვა, რომელსაც რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ბ. ს-ე ლგბტ საზოგადოების მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - მ.ნ-მ და თ. ს-მ.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხული მოწის - უ. გ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 17 მაისს ავტობუსის მძღოლები, ხელმძღვანელობის დავალებით, გამოცხადდნენ ….. ხალხის გადასაყვანად უცბად ატყდა ჩოჩქოლი, ხალხმა დაიწყო ავტობუსებში ჩასხდომა, მის (მოწმის) ავტობუსშიც ჩაჯდა 6-7 გოგონა. პატრულის თანამშრომლებმა დაახურინეს კარი და უთხრეს, …..ქუჩის მიმართულებით წასულიყო. შეგროვილი ხალხის გამო ნელ-ნელა წავიდა ….. ქუჩის დასაწყისში, …... ამ დროს ვიღაცამ გამოაღო კარი და ეკლესიის ერთ-ერთი მსახური ამოვიდა ავტობუსში, რომელიც ხალხს ეხვეწებოდა, დაწყნარებულიყვნენ და მოუწოდებდა სიმშვიდისკენ. ამასობაში ავტობუსის შუშებს მოხვდა რაღაც საგანი და ჩაიმსხვრა, შემდეგ გზა გახსნეს პოლიციელებმა და გააგრძელეს მგზავრობა. ზემოხსენებული სასულიერო პირი და გოგონები ჩამოვიდნენ გაჩერებაზე, თვითონ კი წავიდა გარაჟში. მოწმემ აღნიშნა, რომ არავინ დაამახსოვრდა, ვინც ქვას ესროდა ავტობუსს. აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, რომ ი. ბ-ა წინ აღუდგა ….. (ყოფილი …..) ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელშიც ისხდნენ აქციაზე მყოფი პირები და ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა ავტობუსის დაზიანებას და მძღოლის იძულებით გადმოყვანას სალონიდან.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება, პირველ რიგში, ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად. სააპელაციო პალატამ გააანალიზა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ 2013 წლის 17 მაისს ტრანსფობიის, ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარებას ნამდვილად შეეშალა ხელი ძალადობის გამოყენებით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ არც გამოძიების დროს და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს ი. ბ-მ, ბ. ს-მ, ტ. დ-მ და გ. ბ-მ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად, ჩაიდინეს თუ არა ბრალდებულებმა ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა კავშირი ბრალდებულების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება არცერთი ტელეკომპანიის ლოგო, ასევე, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და დაკითხული არ ყოფილა პირი, რომელმაც უშუალოდ მოიპოვა ხსენებული ვიდეოკადრები და არცერთ დისკზე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა კონტრაქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებისა და მათზე შესაძლო მონტაჟის ან სხვა რაიმე კვალის დადგენის მიზნით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე ასახული გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულთა სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ი. ბ-მ, ბ. ს-მ, ტ. დ-მ და გ. ბ-მ ჩაიდინეს მოცემული დანაშაული და, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ: გამართლებულების - ი. ბ-ს, ბ. ს-ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას - ი. ბ-ს, ბ. ს-ს, ტ. დ-სა და გ. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მათ ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი