განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
2კ-588აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#588აპ-17 ქ. თბილისი

კ-ა ზ., 588აპ-17 12 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. ს-სა და ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. კ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში - ორი პირის მიმართ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებაში.

ზ. კ-თვის ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1994 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, …..ქუჩების გადაკვეთაზე, უსიამოვნების ნიადაგზე - ურთიერთშეკამათებისას, ზ. კ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელსაც იგი უკანონოდ ატარებდა, მოკლა ….. შსგ-ის თანამშრომლები - ზ. მ-ე და გ. ვ-ი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ზ. კ-ა (დაუსწრებლად), - დაბადებული 19..წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ზ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 25 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-მ ჩაიდინა დანაშაულის განუცხადებლობა, იმის მიერ, ვისთვისაც ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის მზადებისა ან ჩადენის შესახებ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1994 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, …..ქუჩების გადაკვეთაზე, უსიამოვნების ნიადაგზე - ურთიერთშეკამათებისას, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ….. შსგ-ის თანამშრომლები - ზ. მ-ე და გ. ვ-ი. დანაშაულის შემსწრე ზ. კ-მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ, არ განაცხადა ამის თაობაზე, რითაც ჩაიდინა დანაშაულის განუცხადებლობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა და მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ბ. ვ-მა და ზ. ს-მ.

· პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ზ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ. კ-მ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტი, კერძოდ: თვითმხილველმა მოწმეებმა - გ. ბ-მ და რ. მ-მ განმარტეს, რომ გ. მ-ს სახლში სტუმრობისას ზ. კ-ა შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. კ-მ სუფრაზე მიიღო დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და გავიდა ….. ქუჩისკენ, რათა გაეჩერებინა ავტომანქანა სამხედრო ნაწილში დასაბრუნებლად. შემდეგ მათ გაიგეს გასროლის ხმები და წავიდნენ …..ქუჩის მიმართულებით, სადაც ნახეს ზ. კ-ა და მათთვის უცნობი ორი პირის გვამი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ….. ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი იქნა ზ. მ-სა და გ. ვ-ს გვამები, ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და ზ. კ-ს სამხედრო მოწმობა.

· მსჯავრდებულ ზ. კ-ს ადვოკატებმა - ბ. ვ-მ და ზ. ს-მ ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 206-ე (1960 წლის რედაქცია) მუხლით შერაცხული ბრალდების ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:

ზ. კ-ს გარდაცვლილი პოლიციელების თანამშრომლები დაემუქრნენ, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, მიმალულიყო, მაგრამ საქმეში არსებული განცხადებებით ნათელია, რომ იგი ცდილობდა გამოძიების ორგანოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. მას თავის დროზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით რომ დასდებოდა და არა - 104-ე მუხლით, იგი არ მიიმალებოდა და აღარც პოლიციელები დაემუქრებოდნენ. შესაბამისად, დაირღვა ზ. კ-ს უფლება, დაეცვა თავი მისთვის წარდგენილი ბრალდებისგან. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. მათივე განმარტებით, სასამართლომ მოახდინა „ამნისტიის შესახებ„ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის არასწორი ინტერპრეტაცია, როდესაც მიუთითა, რომ ზ. კ-ა საგამონაკლისო მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული, რაც მის მიმართ გამორიცხავს ამნისტიის კანონის გამოყენებას. ზ. კ-ს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ მას ბრალი არასწორი მუხლით წარედგინა, რის გამოც ლოგიკას მოკლებულია, სხვისი არასწორი ქმედების გამო დაირღვეს პირის კანონით მინიჭებული შეღავათების მიღების უფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. კ-ს ადვოკატების - ბ. ვ-სა და ზ. ს-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ზ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ზ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 25 დეკემბერის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

6. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ზ. ს-ა და ბ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით შერაცხული ბრალდების ნაწილში, ან ზ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-4 მუხლის გავრცელებას, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც 1995 წლამდე იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ..., 104-ე, ... მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებში განსასჯელი პირებისა) და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და დაასკვნა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით შერაცხული ბრალდების ნაწილში გამართლების შესახებ და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის განუცხადებლობისთვის, იმის მიერ, ვისთვისაც ცნობილია საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს, რომ მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; ასევე, დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი, უნდა მიეკუთვნებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ კონკრეტულ დანაშაულთა წრეს (ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს). მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 1994 წლის 4 თებერვალს ზ. კ-ა იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და შეესწრო ზ. მ-სა და გ. ვ-ს მკვლელობის ფაქტს. სადავო არ არის ასევე ის ფაქტიც, რომ ზ. კ-ს სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ შეუტყობინებია მომხდარის თაობაზე. შესაბამისად გამოკვეთილია, საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის განუცხადებლობის აუცილებელი ყველა ნიშანი.

3. რაც შეეხება დაცვის მხარის მეორე მოთხოვნას, კერძოდ, ზ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-4 მუხლის გავრცელებასა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას, მოცემულ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტებს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც 1995 წლამდე იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ..., 104-ე, ... მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებში განსასჯელი პირებისა) და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოძიებამ დააკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), აღნიშნული გამორიცხავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის გამოყენებას, რადგან ის ფაქტი, რომ კვალიფიკაცია განაჩენის გამოტანისას შეცვალა სასამართლომ, არ იძლევა ზ. კ-ს მიმართ მითითებული კანონის მე-4 მუხლის გავრცელების შესაძლებლობას.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებით ზ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თუმცა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მისი ქმედება გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე (1960 წლის რედაქცია) და დადგენილად მიიჩნიეს, რომ მან ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი სრულად ვრცელდება ზ. კ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხულ საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლზე და ის ფაქტი, რომ ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებით ზ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), არ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის საზიანოდ, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ ზ. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) შერაცხულ ბრალდებაზე სრულად უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ზ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით აღარ მსჯელობს, რადგან ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. ს-სა და ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ზ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

4. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ზ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) შერაცხულ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი