საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №561აპ-17 ქ. თბილისი
კ-ი ა. 561აპ-17 30 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ-სა და ს. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის განაჩენით ა. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2016 წლის 17 ივნისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა, სხვისი საბანკო ანგარიშის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ მიზნით, მან მეგობარ ლ. ჯ-ს სთხოვა, ესარგებლა ამ უკანასკნელის მიერ „….. ბანკში“ გახსნილი საბანკო ანგარიშით. ა. კ-ი თანხის ჩარიცხვის შემდეგ ლ. ჯ-ს შეჰპირდა ფულად ანაზღაურებას.
2016 წლის 4 მაისს ლ. ჯ-ს სს „…..ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია „…..”-დან (იურიდიული მისამართი: …..) ჩაირიცხა 104 988 აშშ დოლარი, რაც მისი ჩარიცხვის დღესვე სრულად გაიტანა ა. კ-მ და ლ. ჯ-მ სს „…..ბანკის“ ქ. თბილისში, …..ქუჩა #.....-ში არსებული ფილიალიდან. 2016 წლის 10 მაისს სს „…..ბანკმა“ მიიღო ….. შეტყობინება შუამავალ ბანკ …..-სგან, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნილ იქნა გადმორიცხული თანხის დაბრუნება, ვინაიდან ტრანზაქცია განხორციელებული იყო თაღლითური გზით. დადგინდა, რომ თანხის გადმორიცხვის საფუძველი გახდა კომპანია „…..”-ის კუთვნილი ელექტრონული მეილის ჰაკერული გამოყენება, რაც გახდა მათი მოტყუებისა და თანხის გადმოგზავნის საფუძველი. იმის გამო, რომ ლ.ჯ-სა და ა. კ-ს ანგარიშიდან თანხა სრულად ჰქონდათ გატანილი, სს „….ბანკმა“ ფულადი თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლო. აღნიშნული ქმედებით ა. კ-ი, ლ. ჯ-ა და გამოძიებით დაუდგენელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 104 988 აშშ დოლარს.
ა. კ-ი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას. მასვე 2016 წლის 17 ივნისს სს „…..ბანკში“ გახსნილ პირად ანგარიშზე აშშ-დან ბანკ „…..”-დან ჩაერიცხა 249 988 აშშ დოლარი. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ ბანკის კლიენტის …..-ის სახელით „…..”-ში სატელეფონო ზარის განხორციელება, რომლის დროსაც მოთხოვნილ იქნა …..-ის სახელზე ბანკში გახსნილი საკრედიტო ხაზიდან 250 000 აშშ დოლარის საქართველოში, „…..ბანკში“ ა. კ-ს არსებულ ანგარიშზე გადარიცხვა. იმის გამო, რომ სატელეფონო საუბრისას გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მიუთითა ბანკის კლიენტის …..-ის წინასწარ ჰაკერულად მოპოვებული, ბანკში დაცული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ბანკის მოთხოვნა რეალურად იქნა აღქმული და თანხა გადმოირიცხა ა. კ-ს „…..ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე. ა. კ-ი 2016 წლის 17 ივნისს დააკავეს აშშ-დან ბანკ …..”-დან გადმორიცხული ფულადი თანხის „…..ბანკიდან“ გამოტანისას.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. კ-ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ლ. ჯ-ს, ა. გ-ს, მ. შ-ს, გ. გ-ს, გ. მ-ს, რ. კ-ს, ნ. ბ-ს, ლ. ს-სა და გ. ჯ-ს ჩვენებებით, 2016 წლის 10 ივნისის ამოღების ოქმით, სს ,,…..ბანკის“ ნაერთი ამონაწერით ლ. ჯ-ს პირადი ანგარიშიდან, 2016 წლის 4 მაისის სს ,,…..ბანკის“ სალაროს გასავლის ორდერით, 2016 წლის 10 ივნისის ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 1 ივნისის დათვალიერების ოქმით, შპს ,,…..“ ამონაწერით, 2016 წლის 3 ივნისის დათვალიერების ოქმით, ,,MP4 video” ფორმატის ვიდეოჩანაწერებით, 2016 წლის 8 ივნისის დათვალიერების ოქმით, ,,video clip“-ის ფორმატის ვიდეოჩანაწერით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამართლებრვი დახმარების ფარგლებში მიღებული დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განაჩენში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, საქმის მასალებით არ დგინდება ა. კ-სა და ლ. ჯ-ს შორის წინასწარი შეთანხმება და მათ მიერ ჯგუფურად თანხების თაღლითური გზით მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით გამოიხატა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. კ-მ მოცემული დანაშაული ლ. ჯ-სთან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჩაიდინა. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ა. კ-სა და ლ. ჯ-ს შორის წინასწარ შეთანხმებას. მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ჯ-მ განმარტა, რომ ა. კ-თან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა. 2016 წლის მაისში ა. კ-მ სთხოვა მისი (მოწმის) საბანკო ანგარიშის გამოყენება, რადგან შეერთებული შტატებიდან ჩაურიცხავდნენ ფულს, რომელიც უკანონო გზით იყო მოპოვებული; მასვე ა. კ-ი შეჰპირდა ფულად ანაზღაურებას. მოწმემ აღნიშნა, რომ ა. კ-ს მოთხოვნით, ანგარიშის ნომერს გადაუღო ფოტო და გაუგზავნა „ვიბერის“ მეშვეობით. 2016 წლის 4 მაისს …..ქუჩაზე მდებარე …..ბანკიდან ა. კ-თან ერთად გამოიტანა მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. მოწმეების - ლ. ს-სა და გ. ჯ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მოქალაქე ლ. ჯ-ს ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა ამერიკაში რეგისტრირებულ “…..” კომპანიიდან. მოწმე გ. ჯ-მ ასევე აღნიშნა, რომ ლ. ჯ-მ მასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიასთან უშუალოდ მას (ლ. ჯ-ს) არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და ჩარიცხული თანხა მის მეგობარ ა. კ-ს ეკუთვნოდა, რომელმაც მისი (ლ. ჯ-ს) ანგარიში გამოიყენა. 2016 წლის 10 ივნისის ვიდეომასალის ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 4 მაისს, 14:17:09 საათზე, ლ. ჯ-ა სალაროს გასვლის ორდერსა და აიდი ბარათს აწვდის ბანკის მოლარე ნ. ბ-ს, რომელსაც თან ახლავს მამაკაცი. მოწმე ნ. ბ-ს განმარტებით, სალაროს გასვლის ორდერით მოთხოვნილ თანხას ალაგებს სალაროსთან ლ. ჯ-სთვის გადასაცემად, სალაროდან ფულად თანხას იღებს ლ. ჯ-ს თანმხლები მამაკაცი, რომელიც ჩანთაში ათავსებს თანხას. MP4 video ფორმატის ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, როგორ გადაადგილდება ლ. ჯ-ა მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად „…..ბანკში“, როგორ იღებს იგი თანხას და ტოვებს ბანკის შენობას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული დაცვის მხარის მოსაზრება, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალდებამ ვერ წარმოადგინა დაზარალებული და მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომლებსაც მხარეები დაუსვამდნენ შეკითხვებს და აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა“. მოცემულ საქმეში (…..-ინგლისურ ენაზე; …..-ქართულ ენაზე) არსებული დოკუმენტებით, კერძოდ: აპოსტილით, მინდობილობით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს - ა. გ-ს, ა. კ-სა და ა. ქ-ს ერთობლივად და ცალ-ცალკე ენიჭებათ „…..”-ის წარმომადგენლის უფლებამოსილება რწმუნებულის სახით. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას მიერ გამოტანილ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, დაზარალებულად ცნობილია კომპანია „…..”, ხოლო აღნიშნული დადგენილება გაეცნო მათ წარმომადგენელ ა. ქ-ს. საქმის არსებითი განხილვის დროს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ა. გ-ე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დაცვით დაკითხა სასამართლომ მოწმის სახით, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მისთვის ცნობილ გარემოებათა შესახებ. რაც შეეხება დანაშაულის პირველ ეპიზოდს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სამმართველოდან იურდიული/სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დოკუმენტებით უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელ დ. ფ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ,,…..” წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს უძრავი ქონების საინვესტიციო სფეროში. მისივე განმარტებით, ,,…..”არც აწარმოებს და არც აქამდე უწარმოებია ბიზნესი საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებთან, იგი არ იცნობს ლ. ჯ-სა და ა. კ-ს. დ. ფ-ს განცახდებით, აღნიშნული დანაშაულის შედეგად მას მიადგა მორალური ზიანიც, რადგან ექვსი თვე დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ იყო თაღლითობის მსხვერპლი. აქვე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. კ-ს მსჯავრდების ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დოკუმენტი კანონის სრული დაცვით იქნა გამოკვლეული 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის პრეტენზია, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, მისი წარმომადგენელი და მათთან კონტაქტი არ განხორციელებულა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საქართველოს მთარგმნელობითი ორგანიზაცია ,,…..“ მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ ყველა თარგმნილ დოკუმენტს, თითოეულ გვერდზე დასმული აქვს ორგანიზაციის, კონკრეტულ შემთხვევაში - ,,…..“ ბეჭედი. ამასთან, დოკუმენტების გაგზავნის მიმართვაში აღნიშნულია, რომ თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე შეასრულა მთარგმნელმა მ. ქ-მ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მ. ქ-მ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ა. კ-ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დოკუმენტები მან თარგმნა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მთარგმნელის უშუალო დაკითხვით მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, დოკუმენტების თარგმნასთან დაკავშირებით ყველა მათთვის საეჭვო გარემოების შესახებ მისთვის დაესვათ შეკითხვა. თავის მხრივ, აღნიშნული გარემოება მიჩნეულ უნდა იქნეს გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტად, ვიდრე - თარჯიმნის მიერ თარგმნილ დოკუმენტებზე გაკეთებული ხელმოწერა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები მოქმედებდნენ განზრახ, მათი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისაკენ. ა. კ-თან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა (არ იგულისხმება ლ. ჯ-ა) ჰაკერული გზით მოიპოვეს ერთ შემთხვევაში ბანკში დაცული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა კომპანიის ელექტრონული მეილის ჰაკერული გამოყენება, რის შემდეგაც კომპანიებს - „…..”-ს და „…..”-ს მოტყუებით გადაარიცხვინეს დიდი ოდენობით ფულადი თანხები საქართველოში, ქ. თბილისში, სს „…..ბანკში“ გახსნილ ერთ შემთხვევაში - ლ. ჯ-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ა. კ-ს პირად ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ა. კ-მ აღნიშნული თანხები გაიტანა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხების გადმორიცხვის ფაქტებს თავად ა. კ-ც არ უარყოფს. საქმის არსებითი განხილვის დროს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მან განაცხადა, რომ 2016 წელს გაიცნო ორი პირი, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ თბილისის ტერიტორიაზე ნაკვეთის შეძენით და ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხები სწორედ ამ მიზნით გადმოირიცხა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე განხაზღვრა სასჯელი. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ა.კ-ს ჩადენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობა, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს. კ-მ და ს. მ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. კ-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლოში არ დამტკიცებულა განაჩენში მოყვანილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1]
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ-სა და ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43.