საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №575აპ-17 ქ. თბილისი
გ-ი ლ. 575აპ-17 29 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით ლ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 7 ოქტომბრიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
განაჩენით მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0,0309 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც 2015 წლის 7 ოქტომბერს მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ქ. ….. ….. ქუჩაზე.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ლ. გ-სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით, ასევე -დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან. ლ. გ-ს დაკავების დროსთან, მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, რაც მათი გაუზიარებლობისა და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, უფრო მეტიც: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებზეც ყურადღება გამახვილდა, როგორც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვანი ხასიათის მტკიცებულებებზე, სრულად აკმაყოფილებს როგორც დასაშვებობის, ისე – საქმესთან მათი რელევანტურობისა და უტყუარობის მაღალ სტანდარტს. თითოეული ჩვენება არის ლოგიკური და თანმიმდევრული, რაც უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის მათ.
დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ლ. გ-ს მიმართ ოპერატიული ინფორმაციის რეალობა და პატაკის წარმომავლობა და მიიჩნია, რომ პატაკში ბევრი საეჭვო გარემოებაა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლ. გ-ს დაკავება წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი იმ დანაშაულზე, რაც მას არ ჩაუდენია. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ საქმეში არსებული, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ ზ. ლ-ს მიერ შედგენილი პატაკი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და ის სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ლ-მ ნათლად განმარტა, თუ რის საფუძველზე შეადგინა ეს პატაკი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი, რომელშიც პირის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მითითებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, თავისთავად არ აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, არამედ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის მტკიცებულებით სტანდარტს (დასაბუთებულ ვარაუდს), ანუ პატაკში მითითებული გარემოებების (ოპერატიული ინფორმაციის) გადამოწმება ხდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ლ. გ-ს მიმართ. მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ დაკავების დროს ლ. გ-ი გამოხატავდა პროტესტს და მოითხოვდა პოლიციელებისგან, რომ ნარკოტიკი არ ჩაედოთ. აღნიშნულის თაობაზე დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო ლ. გ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა მხრიდან, მათ შორის ლ. გ-ს მხრიდან, რაიმე შენიშვნა და განცხადება არ შემოსულა. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზები, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად, ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე სათანადო ექსპერტიზა, რასაც სასამართლო შემდგომ გახდიდა მსჯელობის საგნად.
სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახეს და ზომას. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ლ. გ-სთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად უთითებს მის წარსულ ნასამართლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. გ-ს ისედაც აქვს ბრალად შერაცხული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ლ. გ-ს წარსული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად და, შესაბამისად – სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აგრეთვე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული ლმობიერი სასჯელი იქნება მასტიმულირებელი სხვა პირთათვის და მას არ ექნება პრევენციული მნიშვნელობა. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, ზოგადად, სასჯელი (მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 6 წლით) როგორ შეიძლება გახდეს სტიმული სხვა დანაშაულის ჩასადენად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ. გ-სთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. გ-ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა. ბ-ს, ი. კ-ს, ა. ს-ს, ზ. პ-ს, რ. მ-ს, ზ. ლ-ს, ზ. კ-ს, მ. პ-ს, თ. ო-ს, მ. დ-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის #.....დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის #..... დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ლ. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენი უცვლელად დატოვა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი