საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
2კ-665აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №665აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ა ო., 665აპ-17 16 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენით ო.ბ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 მაისიდან.

გაუქმდა ო. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის (№12/721-16 წლის) განჩინებით ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ….. რაიონის სოფელ ….. (საკადასტრო კოდი …..) მდებარე, ე. ხ-ს პ/ნ ….., ლ. ხ-ს პ/ნ ….., ს. ხ-ს პ/ნ ….. და ქ. ხ-ს პ/ნ ….. თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

განაჩენით ო. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალმა ო. ბ-მ ….. რაიონის სოფელ ….. ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახ.#....., ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, რასაც შეესწრო საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს საპატრულო ავტომანქანით მოძრავი ეკიპაჟი ბ.გ-ს, ე. ს-სა და დ. ჩ-ს შემადგენლობით, რომლებმაც დაიწყეს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, რა დროსაც ო. ბ-ა არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, გაევლო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლეზე, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადა გაქცევა, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ. გ-მ და ამავე სამმართველოს ნოსირის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა ე. ს-მ ო. ბ-ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება (ასკ-ის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი), წვრილმანი ხულიგნობა (ასკ-ის 166-ე მუხლი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ასკ-ის 173-ე მუხლი). პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული აქტით სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლურ სიმთვრალეში მართვისთვის ო. ბ-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 3 წლით, ხოლო 2016 წლის 12 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა ო. ბ-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, მოქმედებდა რა პირადი მოტივით, გამოეყენებინა სამართალდამცავი ორგანოები და პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გზით შური ეძია პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებმაც მის მიმართ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული სახდელი, გადაწყვიტა დაესმინა პოლიციის თანამშრომლები, რისთვისაც 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც მიუთითა, რომ პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლების - ბ.გ-სა და ე. ს-ს მიერ ო. ბ-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მისმა ქმედებამ ხელი შეუშალა სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ საქმიანობას და ფუჭად დაიკარგა ამ ორგანოების რესურსი, რითაც შეიბღალა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი. 2016 წლის 19 სექტემბრის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის №….. საქმეზე, შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ბ.გ-სა და ე. ს-ს მიერ, ო. ბ-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე ო. ბ-ს მიმართ, პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა ო. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ამას აღწერენ პოლიციის თანამშრომლები და არ გაიზიარა ო. ბ-ს ვერსია იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა და რომ ავტომანქანა თხრილში პოლიციის თანამშრომლებმა ჩააგდეს. ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია.

ო. ბ-ა რომ შემთხვევის დროს ნასვამი იმყოფებოდა, დასტურდება მოწმე რ.პ-ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ო. ბ-ა ნამდვილად იმყოფებოდა მასთან სახლში და რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელიც მიიღო. დადგენილია აგრეთვე, რომ ო. ბ-მ რ. პ-ს მობილური ტელეფონიდან 00:29 საათზე სატელეფონო ზარი განახორციელა თავისი (ო. ბ-ს) მეუღლის ტელეფონზეც, 15-20 წუთის შემდეგ კი წავიდა. შესთავაზა ო. ბ-ს დარჩენა, რადგან ნასვამი იყო, მაგრამ მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ შვილთან გაათენებდა. ო.ბ-ს მასთან მისვლისას რაიმე დაზიანების, ან სისხლის კვალი არ ეტყობოდა.

გარდა ამისა, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ალკოტესტით შემოწმებისას ო. ბ-ა იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და მას დაუდგინდა 1,123% ალკოჰოლის მოხმარების ხარისხი.

ადვოკატი თავის სააპელაციო საჩივარში იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ო. ბ-ს არ მოუხდენია, მიუთითებს, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, თუ სად იმყოფებოდა ო. ბ-ა რ. პ-ს სახლიდან წამოსვლიდან მანამდე, სანამ მას პოლიციის თანამშრომლები შეხვდებოდნენ, ამიტომ გაზიარებული უნდა იქნეს ო.ბ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ავტომანქანა ვერ დაძრა დინამოს მწყობრიდან გამოსვლის გამო და დაიძინა ავტომანქანაში.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, თუ სად იმყოფებოდა ო. ბ-ა რ. პ-ს სახლიდან წამოსვლიდან მანამდე, სანამ მას პოლიციის თანამშრომლები შეხვდებოდნენ, თუმცა აღნიშნულით არც დაცვის პოზიცია დასტურდება იმის შესახებ, რომ ო.ბ-ს ეძინა დაზიანებულ ავტომანქანაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-ა იყო ნასვამი ს. პ-ს სახლიდან გამოსვლისას (რ. პ-ს ჩვენების მიხედვით, მან დარჩენა და მასთან ღამის გათევაც კი შესთავაზა ო. ბ-ს ნასვამობის გამო). ს. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ თხრილიდან ამოყვანილი ავტომანქანა მაშინვე დაიქოქა.

2016 წლის 8 ივლისის სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის „FORD TRANZIT …..“ სახ.#....., საიდენტიფიკაციო ….., საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულია და ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ. ავტომობილის ძარისა და მისი წინა ნაწილის მაკომპლექტებელ დეტალებს ახლო წარსულისთვის დამახასიათებელი დაზიანების კვალი არ აღენიშნება, ხოლო სავალი ნაწილის წინა დაკიდების მარჯვენა რესორის ცენტრიდან უკანა ნაწილზე აღინიშნება განაკაწრებისა და მიწის ნიადაგის (ტალახი) დაშრევების კვალი, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია განვითარებულიყო ავტომობილის წყლის საწრეტ არხში ჩავარდნის შედეგად. ავტომობილის ძრავის გამშვები ელსისტემა ფუნქციონირებს გამართულად და უზრუნველყოფს ძრავის გაშვებას. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა დ. ს-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ავტომანქანა იქოქებოდა თავისუფლად, დახმარების გარეშე და დინამოს მწყობრიდან გამოსვლის მანიშნებელი შუქი ხელსაწყოთა დაფაზე არ ინთებოდა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ო. ბ-სა და დაცვის მხარის ის ვერსია, რომ ო. ბ-ს მანქანა ჩაუქრა დინამოს მწყობრიდან გამოსვლის გამო.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ნეიტრალური მოწმეების - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმ ნ.ბ-ს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა ლ. გ-ს, მძღოლ მ. ჭ-ს, ….. ,,…..“ კლინიკის ექიმ ა. ნ-ს ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს და განმარტავენ, რომ ო. ბ-ა არ აძლევდა ექიმებს გასინჯვის საშუალებას და იყო აგრესიული, ჩხუბობდა და აგინებდა როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ასევე ექიმებსაც. ამბობდა, რომ სცემეს, თუმცა ეს არ ეტყობოდა, მხოლოდ ცხვირის ქვემოთ პატარა, უმნიშვნელო ფუფხი ჰქონდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია, რომ 2016 წლის 25 აპრილის №….. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ: მოქალაქე ო. ბ-მ შპს „…..“ კლინიკას მიმართა 2016 წლის 4 აპრილს, 08:44 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, 09:15 საათზე დიაგნოზით: მარჯვენა მხარის დაჟეჟილობა. ო.ბ-მ ….. №….. რეფერალურ ჰოსპიტალს მიმართა 2016 წლის 5 აპრილს, 10:20 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, 13:30 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. დაჟეჟილობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით, არ წამომადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გ. გ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

რაც შეეხება 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის ინიციატივით გამოკვლეულ მტკიცებულებებს - ო. ბ-სა და მოწმეების - რ. ბ-ს, ს. ხ-ს, ი. ბ-ს ჩვენებებს, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მათი შეფასების ნაწილში. დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეები არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველნი. ამასთან, გარდა იმისა, რომ ისინი არიან ო. ბ-ს ახლო ნათესავები, მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - ბრალდების მხარის მოწმეთა თანმიმდევრულ ჩვენებებს.

სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია ო. ბ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი, რომელიც განსაზღვრული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხის, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ჭ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ო. ბ-ს გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას დაცვის მხარის საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ბ. გ-ს, ე. ს-ს, დ. ჩ-ს, გ. ს-ს, ი. ჯ-ს, ნ. ბ-ს, ლ.გ-ს, მ. ჭ-ს, ა. ნ-ს, ბ. ჩ-ს, მ. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ხელწერილით ცრუ დასმენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ავტომანქანის დათვალირების ოქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ო. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

10. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას, რომ საქმეში არ მოიპოვება ავტოსაგზაო შემთხვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და ასევე, გამოძიებას არ დაუდგენია, თუ სად იმყოფებოდა ო. ბ-ა რ. პ-ს სახლიდან წამოსვლიდან მანამდე, სანამ მას პოლიციის თანამშრომლები შეხვდებოდნენ, რომ ავტომანქანა ვერ დაძრა დინამოს მწყობრიდან გამოსვლის გამო და დაიძინა ავტომანქანაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1]

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ო. ბ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“; „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43.