საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
2კ-783აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100117002190460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №783აპ-18 ქ. თბილისი

ბ. პ. 783აპ-18 5 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით პ. ბ. , - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 2030 საათზე, ქ. ბ-ში, გ-ს დასახლებაში, ა. პ-ს გზატკეცილის №..-ში მდებარე რესტორან-კლუბ ,,დ-ს“ ეზოში, პ. ბ-მ ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის დარტყმით ნ. დ-ს გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან შემთხვევის შემსწრე პირების დროული ჩარევისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ნ. დ. სიკვდილს გადაურჩა.

2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 2030 საათზე, ქ. ბ-ში, გ-ს დასახლებაში, ა. პ-ს გზატკეცილის №..-ში მდებარე რესტორან-კლუბ ,,დ-ს“ ეზოში, პ. ბ-მ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით მარჯვენა მტევნის მესამე თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირსა და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე დაზიანებები მიაყენა გ. ა-ს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ პ. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: მ. გ-ს, გ. ა-ს, გ. ქ-ს, ჯ. თ-ს და ა. კ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა (ნ. დ-ს აღენიშნება სამი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრში) და ბიოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით დადასტურებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური ნიშნების არსებობა.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე