საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
2კ-270აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001937512

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №270აპ-19 ქ. თბილისი

ბ. გ., 270აპ-19 4 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ზ. რ-სა და ა. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ-მ, - დაბადებულმა 19-- წელს, - ჩაიდინა:

- წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

- პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ ‘’ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა -10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 მარტიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა:

- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წელს ნ.ჯ-მ თარჯიმნად დაიწყო მუშაობა შპს „მ-ში“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი გ. ბ. იყო. სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში ნ.ჯ-ს მიმართ გ. ბ-ს ჩამოუყალიბდა ინტიმური ურთიერთობის სურვილი, რის გამოც მასთან განიზრახა სქესობრივი კავშირის დამყარება.

გ. ბ-მ ნ.ჯ-სთან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით 2010 წლის ნოემბერში გაუკუღმართებული ფორმით - უკანა ტანიდან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ანალოგიური მუქარის გამოყენებით 2013 წლამდე გ. ბ. ნ.ჯ-ს აიძულებდა მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც დაზარალებულის ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას იწვევდა.

2013 წლის თებერვალში გ. ბ-მ ნ. ჯ. --- არასამსახურებრივ გარემოში დაინახა მამაკაცთან, რომელთანაც გ. ბ-ს თავის მხრივ ბიზნესურთიერთობა ჰქონდა. ნ. ჯ-ს სხვა მამაკაცთან შეხვედრამ გ. ბ. გააბრაზა და აეჭვიანა. მან კვლავ განაგრძო ნ.ჯ-სთან იძულებით, გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარება, რასაც როგორც ფარულად, ისე აშკარად (დაზარალებულის დასანახად) ფოტო და ვიდეოფირებზე აფიქსირებდა.

პარალელურად, გ. ბ. ნ. ჯ-ს აბრალებდა ხსენებული კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლებას, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა კონკურენტთან თანამშრომლობას, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას, კომპანიის გაკოტრების მცდელობას და მისგან აღიარებას ითხოვდა. გარდა ამისა, იგი უკანონოდ ერეოდა ნ. ჯ-ს პირად ცხოვრებაში. კერძოდ, დაუკითხავად ამოწმებდა მის მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას, უთვალთვალებდა მალულად და ახდენდა დადევნებას.

ყოველივე აღნიშნულით ნ. ჯ-ს შეექმნა გაუსაძლისი, აუტანელი მდგომარეობა და შეეცადა გ. ბ-საგან თავის დაღწევას, რის გამოც აღარ გამოცხადდა სამსახურში. გაბრაზებული გ. ბ. რამდენიმე დღის შემდეგ თვითნებურად მივიდა --- საცხოვრებელ ბინაში, სადაც მას აჩვენა მის სამუშაო ოთახში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ასახული იყო მათ შორის დამყარებული სქესობრივი აქტი. გ. ბ. ნ.ჯ-ს დაემუქრა, რომ თუ მომავალში არ გააგრძელებდა მასთან სქესობრივ კავშირს, ვიდეოს აჩვენებდა მის ნათესავებსა და ახლობლებს, ხოლო შპს ,,მ-დან“ თითქოსდა მოპარული თანხის გამო დააჭერინებდა სამართალდამცავებს.

გ. ბ-ს ქმედებით შეშინებული ნ.ჯ. დაემორჩილა მის მოთხოვნას და იძულებული გახდა, გ. ბ-სთან კვლავ განეგრძო ურთიერთობა. თავის მხრივ, ბ. სარგებლობდა ნ.ჯ-ს მდგომარეობით, მასთან შეხვედრისას ემუქრებოდა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებით, რაც ნ.ჯ-ს ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებდა.

2014 წლის თებერვალში მძიმე მორალურ და ფსიქიკურად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა ნ.ჯ-მ კვლავ გაწყვიტა გ. ბ-სთან ურთიერთობა, რამაც ამ უკანასკნელის ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია. გ. ბ-მ, 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, ნ.ჯ-ს დას - ნ. ჯ-ს, დედას - ჯ. ჯ-ს, ბიძაშვილებს: ს. თ-სა და თ. ჯ-ს, ასევე ბიძას - გ. თ-ს გაუგზავნა შიშველი ნ.ჯ-ს ფოტოსურათები და მის მიერვე გადაღებული იმავე შინაარსის ვიდეომასალა, რომელზეც ნ.ჯ- დაფიქსირებული იყო შიშველი. ვიდეოს იღებდა თავად გ. ბ. და ნ.ჯ-ს არ აძლევდა ჩაცმის საშუალებას. პარალელურად, იგი დამამცირებელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრებს, აშინებდა და სთხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდნენ ის და შპს ,,მ-ს“ ყოფილი თანამშრომელი ი. გ. მისი ბიზნესის წინააღმდეგ, ასევე მისგან მოითხოვა შპს ,,მ-ს“ დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების ფაქტის აღიარებას.

კიდევ უფრო დამცირების, ნათესავების მხრიდან ნ.ჯ-ს გაკიცხვისა და შესაბამისად, დამატებითი მორალური ტანჯვის მიზნით, გ. ბ-მ ნ.ჯ-ს ნათესავებს ასევე გაუგზავნა ვიდეომასალა, რომელზეც ასახული იყო შპს „მ-ში“ გ. ბ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული თათბირი, სადაც სლაიდების სახით ნ.ჯ-ს შიშველი სხეული აჩვენა. ამავე თათბირზე გ. ბ. ამტკიცებდა, რომ ნ. ჯ. არის მოღალატე, მეძავი და გარყვნილი. 2015 წლის 8 აგვისტოს, ნ. ჯ-ს დაბადების დღეს, ამ უკანასკნელის დედას - ჯ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის კარზე გაკრული დახვდა ნ.ჯ-ს შიშველი სურათები, რომლებზეც მას უჩანს სასქესო ორგანო.

გ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედებებით - გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირით, ინფორმაციისა და აღიარების მიღების იძულებით, ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებითა და გავრცელებით ნ.ჯ-მ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა ფორმულირება: „გ. ბ-მ ნ.ჯ-სთან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით, 2010 წლის ნოემბერში გაუკუღმართებული ფორმით - უკანა ტანიდან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ანალოგიური მუქარის გამოყენებით, 2013 წლამდე გ. ბ. ნ.ჯ-ს აიძულებდა მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც დაზარალებულის ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას იწვევდა“.

5. კასატორები - მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველები, ადვოკატები - ზ. რ. და ა. გ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ-ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.

6. კასატორი - პროკურორი გენადი ბაღდასაროვი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სახელდობრ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

10. ამ თვალსაზრისით, კასატორი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არ წარმოუდგენია.

11. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - ნ.ჯ-ს, ქ. შ-ს, ა. ტ-ს, მ. ბ-ს, ე. კ-ს, ვ. მ-ს, დ. თ-ს, ჯ. ჯ-ს, ნ. ჯ-ს, ნ. ბ-ს, ნ. ჩ-ს, ს. თ-ს, გ. თ-ს, ნ. ჩ-ს, მ. ჯ-სა და თ. ჯ-ს ჩვენებები, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N--- დასკვნა, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--- დასკვნა, ნ.ჯ-ს მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, ,,მ-ს“ ოფისის ჩხრეკის ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. კასატორები (დაცვის მხარე) თავის საჩივარში ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლომ განაჩენის დასასაბუთებლად გამოიყენა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის: ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები თანდართული მასალებით, ელექტრონული დისკები და მეხსიერების ბარათი, ნ.ჯ-ს გამოკითხვის ოქმი, დადგენილება და შუამდგომლობა ამოღების შესახებ, განჩინება, ამოღების ოქმი, შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა.

13. აღნიშნულ ნაწილშიც საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

14. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. ბ.ს ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამიტომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საქმის არსებით განხილვაზე დაშვების საფუძველი.

15. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას მხარეები.

16. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).

17. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვისა და ბრალდების მხარეების იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ გ. ბ.ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ზ. რ-სა და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე