საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002695965
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №729აპ.-19 24 იანვარი, 2020 წელი
ქ-ა კ, 729აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2018 წლის 25 ოქტომბერს კ. ქ-ა, - დაბადებული … წლის … იანვარს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით).
2. 2018 წლის 25 აგვისტოს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, ხოლო პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 24.08.2018წ. 11:02 სთ-დან.
3. 2019 წლის 24 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით კ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
4. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება იმაში, რომ ნასვამმა კ. ქ-მ სცემა და იძალადა თავის მეზობლად მცხოვრებ მ. ჩ-სა და მ. ბ-ზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, პოლიციელ ე. ჭ-ეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით ხელზე უკბინა და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. განაჩენი დაფუძნებულია შემდეგ მტკიცებულებებზე:
- მოწმეთა ჩვენებები;
- დაზარალებულთა ჩვენებები;
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი;
- ნივთიერი მტკიცებულებები და სხვ.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი კ. ქ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-ამ 2019 წლის 17 მაისს აპელაციის წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 7 ივნისს დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2019 წლის 21 ივნისს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. 2019 წლის 15 ივლისს კ. ქ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-ამ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი და კ. ქ-ს მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
8. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნიათ არასწორად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ კ. ქ-ა დამნაშავედ ცნობილია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
9. მოცემული საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტაციას წარმოადგენს დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების შინაარსისა და გარემოებების სუბიექტური ინტერპრეტაცია. საკასაციო სასამართლო განაჩენის კანონიერებას ამოწმებს, არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო ამოწმებს საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ამოწმებს სამართლებრივ საკითხებს.
10. საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით კასატორები მიუთითებენ, რომ საჩივარი დასაშვებია, რადგან სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლი აწესრიგებს საკასაციო საჩივრის ფორმას, ხოლო საჩივრის დასაშვებობის მომწესრიგებელი ნორმაა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველს.
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორებს არ დაუსაბუთებიათ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე