დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
2კ-1-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003347472

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1I-20 ქ. თბილისი

ო-ი კ, 1I-20 23 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების - დემეტრე ჯინჯოლიას, ნანიკო ზაზუნაშვილის, დავით ჯავახიშვილის

ადვოკატების - შ. ხ-ის, რ. ჩ-ის

თარჯიმან - თ. ც-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. ო-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – კ. ო-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ლ-სა და შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2018 წლის 29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიების სამმართველომ გამოიტანა დადგენილება კ. ო-ის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, კ. ო-ს ბრალად დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანებაში დახმარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

2. 2018 წლის 14 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტვერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კ. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

3. 2019 წლის 6 ივნისს გამოცხადდა კ. ო-ის ძებნა ინტერპოლის არხებით.

4. 2019 წლის 31 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კ. ო-ი.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით კ. ო-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

6. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 2 სექტემბერს მიიღო კ. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა, შესაბამისი დანართი მასალები და გარანტიები.

7. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში: მოქალაქე დ. კ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, გადაწყვიტა შ. კ-ზე თავდასხმა და დაშინების მიზნით მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება, რისთვისაც შეიმუშავა თავდასხმის გეგმა და მასში ჩართო სხვადასხვა პირი, მათ შორის კ. ო-ი, რომელმაც თანხმობა განაცხადა თავდასხმაში მონაწილეობაზე. შემუშავებული გეგმის მიხედვით, კ. ო-ს დაევალა თავდასხმის დროს გარშემო არსებული ვითარებისათვის თვალყურის დევნება და გარეშე პირების გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ თავდამსხმელებისათვის შეტყობინება, რათა მათ დროულად შეძლებოდათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. 2017 წლის 11 ივნისს, ღამის საათებში, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვში, კ. ო-ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ავტომანქანებით გაემართნენ შ. კ-ის საცხოვრებელი სახლისკენ და 12 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, არტამონოვას ქუჩაზე შეაჩერეს ეს უკანასკნელი, რომელიც მ. გ-თან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულმა პირებმა შ. კ-ი იქვე მდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს, რის შემდეგაც ორგანიზებული ჯგუფის სულ მცირე შვიდმა წევრმა შ. კ-ს დაუწყეს ცემა, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დარტყმები და მისი ძირს დაცემის შემდეგაც სცემდნენ, შემდეგ კი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. თავდასხმის დროს კ. ო-ი იმყოფებოდა მ. გ-თან, რათა გამოერიცხა მისი მხრიდან შ. კ-თვის დახმარების გაწევა და თანამონაწილეების გაფრთხილების მიზნით თვალყურს ადევნებდა გარშემო არსებულ ვითარებას. თავდასხმის შედეგად შ. კ-ს განუვითარდა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, რომლებმაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოიწვია შ. კ-ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა 21 დღეზე მეტი დროით და შედეგად დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის საშუალო სიმძიმის დაზიანება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კ. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 31 იანვრამდე.

9. 2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა კ. ო-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კ. ო-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი.

11. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. ო-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ლ-ამ და შ. ხ-ემ 2019 წლის 30 დეკემბერს საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ კ. ო-ის გადაცემის მოთხოვნა სრულად შეესაბამება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის 58-ე, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-12 და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლებს.

13. კ. ო-ი, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით განსაზღვრული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახითა და ზომით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება ექსტრადიციას.

14. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებები.

15. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას, თუმცა არც საკასაციო საჩივარში და არც სასამართლო სხდომაზე კასატორს არ მიუთითებია კონკრეტული წინააღმდეგობების ან დარღვეული ნორმების თაობაზე.

16. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კონკრეტულად, სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის დებულებებით, ნაცვლად „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ ამის გამო კ. ო-ის სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდა და ამით მის მიმართ დაირღვა ადამიანი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი.

17. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ექსტრადიციის საკითხებს აწესრიგებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენცია და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია.

18. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის 82-ე მუხლის თანახმად, კონვენციის მიმართება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შემზღუდავი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მხარეს უფლებამოსილება აქვს, ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს როგორც „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით, ასევე ორივე კონვენციით ერთად. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ევროპული კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტით, რასაც მინსკის კონვენცია არ ზღუდავს.

19. დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტა, მინსკის კონვენციის არ გამოყენებით, კონკრეტულად რითი გაუარესდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული კ. ო-ის სამართლებრივი მდგომარეობა და რაში გამოიხატა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

20. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს კ. ო-ის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, აგრეთვე იგი რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იდევნება. საქმის მასალებიდან ცალსახად ჩანს, რომ არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ რაიმე ნიშნით დევნის ან მისი უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე არსებობს. დაცვის მხარის ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაადასტუროს „არსებითი საფუძვლების არსებობა ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მას ემუქრება წამების, ანდა არაადამიანური მოპყრობის ან სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“; თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება. კ. ო-ის ექსტრადიციის საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები წარმოდგენილი და შესწავლილი არ ყოფილა.

22. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა 2019 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული განცხადება, რომლის თანახმადაც, კ. ო-მა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და 2020 წლის 10 იანვარს შედგენილი სარჩელი, რომლითაც იგი ასაჩივრებს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ადვოკატის პოზიციით, აღნიშნული წარმოადგენს ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებას. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მითითებულ პოზიციას და განმარტავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით სარგებლობს. ამდენად, აღნიშნულ და მსგავს საკითხებზე მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოება.

23. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს კ. ო-ის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა, თუმცა საქმის მასალებიდან ცალსახად ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში დაცული ინფორმაციის მიხედვით, კ. ო-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ხოლო მისი განცხადება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

25. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციით, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით, საქართველოს სსსკ-ით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – კ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი