საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
2კ-452აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002256747

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №452აპ-19 ქ. თბილისი

ბ-ა რ 452აპ-19 28 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბექა ეჟიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:

რ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

რ. ბ-ა, - დაბადებული .... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ზ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანებით რ. ბ-ა დაინიშნა ზ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, არქიტექტურის განყოფილების უფროს სპეციალისტად, ხოლო ზ-ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის N.... ბრძანებით რ. ბ-ა გადაიყვანეს ზ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. ამავდროულად, რ. ბ-ა იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრი.

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რ. ბ-მ ლ. ტ-ნ შეიტყო, რომ პ-ს მოქალაქე უ. ა-ს სურდა ქ.ზ-ი რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რ. ბ-მ განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ლ. ტ-ს განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა უ. ა-ს ხსენებულ საკითხში დახმარებას.

2017 წლის 9 ნოემბერს უ. ა-ი, ლ. ტ-ა და ნ. მ-ნ ერთად, ქ.ზ-ი შეხვდა რ. ბ-ს. შეხვედრისას რ. ბ-მ მათ აჩვენა ქ.ზ-ს ტერიტორიაზე 860 კვმ მიწის ნაკვეთი და განუმარტა, რომ ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობებისა და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაეხმარებოდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში.

2017 წლის 1 დეკემბერს რ. ბ-ა ქ.თ-ი, რ-ს გამზირის N...-ში მდებარე რესტორან ,,ს-ში“ შეხვდა უ. ა-ს, რა დროსაც გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ:

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რ. ბ-მ ლ. ტ-ნ შეიტყო, რომ პ-ს მოქალაქე უ. ა-ს სურდა ქ.ზ-ი რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რ. ბ-მ ლ. ტ-ს განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად, ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა უ. ა-ს ხსენებულ საკითხში დახმარებას.

2017 წლის 9 ნოემბერს უ. ა-ი, ლ. ტ-ა და ნ. მ-ნ ერთად, ქ.ზ-ი შეხვდა რ. ბ-ს. შეხვედრისას რ. ბ-მ მათ აჩვენა ქ.ზ-ს ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი. რ. ბ-მ, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა როგორც ქ.ზ-ი მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს, მოტყუებით, თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება, ულფატ ალის მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 21 ნოემბერს რ. ბ-მ უ. ა-ი შეახვედრა ზ-ი, წ-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ,,მეპატრონეს“, მაშინ როდესაც დაზუსტებით იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც განზრახ დაუმალა უ. ა-ს.

2017 წლის 1 დეკემბერს რ. ბ-ა ქ.თ-ი, რ-ს გამზირის N...-ში მდებარე რესტორან ,,ს-ი“ შეხვდა უ. ა-ს, რა დროსაც რ. ბ-მ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით თანხას - 10 000 აშშ დოლარს, რაც უ. ა-ს გამოართვა, თუმცა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს საპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

6. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ. ბ-ს გააჩნდა ის უფლებამოსილება, რაც დაეხმარებოდა მას ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. ამ შემთხვევაში გამოკვეთილია ქრთამის აღება, როგორც რ. ბ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების, ასევე მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით. თანამდებობრივ ავტორიტეტს რ. ბ-ა იყენებდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკითხის დადებითად გადასაწვეტად. რაც შეეხება სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მის ფუნქცია-მოვალეობაში პირდაპირ შედიოდა ყველა იმ საკითხის მოგვარება, რასაც უ. ა-ს დაჰპირდა. ასევე, რ. ბ-ს შეეძლო, გავლენა მოეხდინა კომისიის სხდომის მიმდინარეობაზეც, ვინაიდან იგი იყო კომისიის წევრი.

7. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს საპელაციო საასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. კასატორი უთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აშკარად იკვეთება დანაშაულის პროვოცირების ნიშნები. მოწმეთა ჩვენებებით ირიბადაც კი არ გამოკვეთილა რ. ბ-ს მხრიდან წარსულში რაიმე სახის თუნდაც დისციპლინური სახდელის შეფარდების ფაქტი (არათუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენა). რ. ბ-ს სისტემატურად უკავშირდებოდა ლ. ტ-ა და აქტიურად უბიძგებდა დანაშაულის ჩადენისაკენ.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 19.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

12. მოწმეების - უ. ა-ს, ლ. ტ-ს, ნ. მ-ს, დ. ე-ს, გ. ა-ს ჩვენებებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

13. რაც შეეხება რ. ბ-ს მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საკითხზე ამომწურავად იმსჯელა. ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგეს, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება.

14. ამდენად, კასატორებს საჩივარში არ მიუთითებიათ ისეთი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.

15. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ბ-ა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბექა ეჟიშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე