საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002440784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №628აპ-19 ქ. თბილისი
ზ. თ. 628აპ-19 18 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ზ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ლ. გ., მეუღლესთან - თ. ზ-სა და არასრულწლოვან შვილ ბ. ზ-სთან (დაბ:…წ) ერთად იმყოფებოდა ქ. ზ-ში, გ. ხ-ს ქუჩა N..-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სააღდგომო საყიდლებისათვის ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამმა თ. ზ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ლ. გ-ს ტუჩის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით თ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდა საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
გამართლებულ თ. ზ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე ბ. ზ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა თ. ზ-მ უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულ ლ. გ-ს სასამართლოსთვის არ მიუცია ისეთი ჩვენება, რაც საკმარისი იქნებოდა თ. ზ-ს დამნაშავედ ცნობისთვის - მის მიერ მიცემული ჩვენება არ არის თანმიმდევრული, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მან უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია (ს.ფ…); ამასთან, საქმის სასამართლოში განხილვისას მის მიერ მიცემული ჩვენება არ იყო თანმიმდევრული. მან აღნიშნა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა კარზე დაჯახებით ან სხვა ვითარებაში მიიღო, თუმცა თ. ზ-ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
8. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ლ. გ-ს მიმართ დაზიანების არსებობა, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, ვინაიდან არ არსებობს სხვა მტკიცებულება, კონკრეტულად ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ლ. გ-ს.
9. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არ არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება.
11. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12. ამასთან, სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 293). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №550აპ-19 ).
13. შესაბამისად, ირიბი ჩვენების გამოყენება დღევანდელი მოცემულობით, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაფიოდ არ დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სტანდარტის შესაბამისად), განაჩენის დასასაბუთებლად არ დაიშვება და არ წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს ირიბი ჩვენების დასაშვებობა-დაუშვებლობის საკითხი.
14. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე